ოქტომბერში ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა

ოქტომბერში ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში უცხოელი მოგზაურებისაგან მიღებული შემოსავლების სტატისტიკა გამოაქვეყნა. კოვიდ-19-ის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ტურისტული სექტორის მდგომარეობა  თანდათანობით უმჯობესდება და მოსალოდნელია, რომ მომდევნო ზაფხულის სეზონისათვის პანდემიამდელ ნიშნულსაც დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის ოქტომბერში საერთაშოსირო მოგზაურებისგან მიღებულმა ფულადმა შემოსავალმა 142.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით, წლიურად 127.1 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 9.4-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 124.6 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 46.%-ით ნაკლებია.

ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკის აღდგენის ტემპები დადებითად მოქმედებს ტურიზმზეც. ამ ყველაფერს კი საერთაშორისო ფრენების აღდგენაც ემატება და ვითარება ნელ-ნელა დადებითობისაკენ იცვლება.

საინტერესოა, რომ 2021 წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5% ანუ 22 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ მოგზაურებზე მოდიოდა. ამისდა მიუხედავად, საკმაოდ დიდი ნიში უკავია რუსეთიდან შემოსული ტურისტების მიერ დახარჯულ თანხებსაც და ის 18.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იმავე მაჩვენებელში ისრაელს – $15-მილიონიანი, თურქეთს – 14.8, უკრაინას – 14.5, ხოლო საუდის არაბეთს $9.5-მილიონიანი წილი უკავია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.