Nvidia-ს CEO: მეტავერსის დახმარებით კომპანიები რეალურ სამყაროში მილიარდებს დაზოგავენ

Nvidia-ს CEO: მეტავერსის დახმარებით კომპანიები რეალურ სამყაროში მილიარდებს დაზოგავენ

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის, განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი კომპანია აპირებს მეტავერსში ინვესტიციების განხორციელებას, რადგან ამ უკანასკნელის დახმარებით კომპანიები რეალურ სამყაროში მილიარდობით დოლარს დაზოგავენ.

Nvidia-ს ხელმძღვანელის სიტყვებით, კომპანიებს თავისუფლად შეუძლიათ, დაეყრდნონ მეტავერსის შესაძლებლობებს, რადგან ის მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და ზრდის საოპერაციო ეფექტიანობას. თავად Nvidia მეტავერსს სხვაგვარად, ომნივერსად მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ Nvidia მსოფლიოში უდიდესი გრაფიკული და ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელია. ეს უკანასკნელი ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. მის ნახევარგამტარებზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მეტავერსის აღმავალმა პოპულარობამ  კომპანია კიდევ უფრო დიდი ყურადღების ცენტრში მოაქცია.

სწორედ Nvidia-ს მიერ წარმოებული ჩიპები ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს მეტავერსული სამყაროს შეუფერხებლად ფუნქციონირებაში. მეტავერსის კონცეპტი უკვე მრავალი წელია, სამეცნიერო-მხატვრული ინდუსტრიის ყურადღების საგანს წარმოადგენს. თუმცა ბოლო დროს მისმა კონცეფციამ ეკრანებიდან რეალობაში გადმოინაცვლა და კომპანიებმა რეალურად დაიწყეს მის განვითარებაზე ფიქრი.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის, დამაარსებლის, ამერიკელი მილიარდერის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით, კომპანიამ საკუთარი პროფილი შეიცვალა და მეტავერსული სამყაროს განვითარებას შეუდგა. პროფილთან ერთად კომპანიამ სახელიც შეიცვალა და Meta-დ იწოდება. მარკ ცუკერბერგი აღნიშნული ინდუსტრიისათვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თუმცა Meta არ გახლავთ ერთადერთი კომპანია, რომელიც მეტავერსის ვირტუალურ სამყაროში ინაცვლებს. Facebook-ს მეტავერსული სამყაროს შექმნაში კონკურენციას Tencent-ი, Roblox-ი, Dyson-ი და Nikeland-ი გაუწევენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *