ელექტროსიგარეტებს, ჩანაფიქრის თანახმად, ადამიანების სიცოცხლე უნდა გადაერჩინათ და გადაეხალისებინათ მოწევის ინდუსტრია. მაგრამ ფანატიკოს ანტიმწეველებს, სახელმწიფო მარეგულირებლებსა და ,,დიდ თამბაქოს” აშკარად ბაზრის ჩაწვა აქვთ განზრახული… და ნებისმიერი იმ ანტრეპრენიორისა, ვინც ამ ბაზარზე აქტიურობას ცდილობს.
2008 წლის ზამთარში ჯან ვერლერი პრაღის გარეუბანში ცხოვრობდა და მუშაობდა რომანზე ინტერნეტის სამი წარუმატებელი ანტრეპრენიორის შესახებ, რომლებიც თავიანთ არამყარ კაპიტალს ექსტაზის კონტრაბანდაში აბანდებენ. რომანი მთლად ავტობიოგრაფიული არ ყოფილა, მაგრამ ვერლერი, რომელიც ახლა 36 წლისაა, ჩავარდნილი ვენჩურების პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით წერდა. მისი ყველაზე ბოლო ვენჩური პორნოგრაფიის ამბიციურ ბიზნესს უკავშირდებოდა, რამაც ინვესტორებს $22 მილიონი დააკარგვინა, ამ თანხიდან კი $1.6 მილიონი თავად მისი იყო.
ერთ დღესაც, როცა ვიეტნამურ სურსათ-საქონლის მაღაზიაში შესული, სიგარეტის კოლოფს იღებდა, ელექტროსიგარეტების ყუთს მოჰკრა თვალი. ერთი ცალი გასინჯა და პირში სითხე ჩაეღვარა. „ტექნოლოგია ბაზარზე გასასვლელად მზად არ იყო, – ამბობს ის, – მაგრამ იდეა, როგორც ასეთი, ძალიან მომეწონა“. მალევე, მისმა მეგობარმა და კოლეგამ პორნობიზნესიდან, დენ რექიომ, ის დაარწმუნა, აშშ-ში დაბრუნებულიყო და კიდევ ერთი ადამიანური ლტოლვის დაკმაყოფილებით, კიდევ ერთხელ ეცადა ფულის გაკეთება.
ელექტროსიგარეტის ახალბედა ბაზრის კარი ფართოდ იყო ღია. სტარტაპის ხარჯები დაბალი იყო, რეგულაციები კი არ არსებობდა. ხეირის პოტენციალი მშვენივრად გამოიყურებოდა: ჩანდა, რომ ელექტროსიგარეტი – უფრო ჯანმრთელი პროდუქტი – უზარმაზარ საერთაშორისო ბაზრად გარდაიქმნებოდა. ელექტროსიგარეტი 2003 წელს ჩინელმა ფარმაცევტმა გამოიგონა, რომელსაც მამა ფილტვის კიბოთი ჰყავდა გარდაცვლილი. ლითიუმ-იონის ბატარეა, რომელზეც ელექტროსიგარეტი მუშაობს, აცხელებს ნიკოტინით გაჯერებულ სითხეს და მას ორთქლად აქცევს, რაც სიგარეტის კვამლში არსებული 60-ზე მეტი კანცეროგენის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობასა და დოზებს ატარებს. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ვერლერისა და რექიოს მაიამიში დაფუძნებული კომპანია, VMR-ი, უშველებელ, ლამაზ ტალღას შეახტებოდა.
მაგრამ ექვს წელიწადში – მას მერე, რაც ვერლერი და ათასობით სხვა ანტრეპრენიორი ამ საქმეში ჩაებნენ – ინდუსტრია დრამატულად შეიცვალა. მოთხოვნა ელექტროსიგარეტებზე უფრო მცირე აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუ ათი წლის წინ ინდუსტრიას ღირებულება, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, ECigIntelligences-ის (ბრიტანული პლატფორმა, რომელიც ინდუსტრიას ინფორმაციით ამარაგებს) თანახმად, აშშ-ში, გასულ წელს, ღირებულებამ, გამოთვლების მიხედვით, $3.7 მილიარდი შეადგინა. მაგრამ Nielsen-ის მონაცემებით, სურსათ-საქონლისა და ისეთ დიდ მაღაზიებში, როგორიც Wal-Mart-ია, გაყიდვებმა იკლო და 6.2%-ით დაეცა იმ ბოლო 52 კვირაში, რომელიც 26 მარტს დასრულდა. Nielsen-ი მხედველობაში არ იღებს ონლაინ-გაყიდვებს ან გაყიდვებს ამერიკის 10,000 ელექტროსიგარეტის მაღაზიაში, მაგრამ გასულ წელს ეს პლატფორმები განსაკუთრებული ნაყოფიერებით არ გამოირჩეოდა VMR-ისთვის, რომლის 2015 წლის შემოსავალმა $50 მილიონი შეადგინა. და მაინც, ასეა თუ ისე, ელექტროსიგარეტების გაყიდვები ნაკლებად შთამბეჭდავია აშშ-ის სიგარეტების $92-მილიარდიან ბაზართან შედარებით.
ბევრი მწეველია, ვისაც ელექტროსიგარეტი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უცდია, მაგრამ იმედგაცრუებული, თავს ანებებს, ვინაიდან ორთქლს არა აქვს ისეთი გემო თუ შეგრძნება მის პირსა და ყელში, როგორიც ნამდვილ კვამლს, და თან, ნიკოტინი უფრო სუსტად მიეწოდება. „ბევრი მცდელობაა და ბევრი თავის მინებება, – ამბობს ნიუ-იორკში მდებარე Cowen and Company-ს თამბაქოს ანალიტიკოსი, ვივიენ აზერი. – ნამდვილად მიჭირს იმის დაჯერება, რომ ელექტროსიგარეტის ბაზარი ოდესმე გაიზრდება“.
მართალია, ნამცხვრის ნაჭერი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი პატარა მოთამაშე ცდილობს, მოსალოდნელზე პატარა ზომის აღმოჩნდა, მათ წინააღმდეგ მაინც ავბედითად ერთიანდებიან გარკვეული ძალები. ელექტროსიგარეტის ანტრეპრენიორებს სამთავიანი ურჩხულის წინააღმდეგ უწევთ გალაშქრება: „დიდი თამბაქო“, Food & Drug Administration-ი და ფანატიკოს ანტიმწეველთა არმია. ეს ურჩხული კი თავის საქმეში საკმაოდ გაწაფულია და თანაც ერთი სული აქვს, ანტრეპრენიორები ბაზრიდან ააორთქლოს.
თამბაქოს ისეთმა გიგანტებმა, როგორიც Reynolds-ი და Altria-ა, საქმეში თავიანთი მსუყე საბუღალტრო ბალანსები და გაყიდვათა უზარმაზარი ძალები ჩართეს, დისტრიბუციის არხები შექმნეს, რათა ელექტროსიგარეტის ბაზარზე შევიდნენ, და ახლა ოთხ წამყვან ბრენდსაც ფლობენ აშშ-ში. ელექტროსიგარეტის ექსპერტთა თქმით, ეს უფრო დაბალხარისხიანი ხელსაწყოებია, რომლებიც „დიდი თამბაქოს“ მთავარ პროდუქტს, ტრადიციულ სიგარეტს, რეალურ საფრთხეს არ უქადის (თამბაქოს კომპანიათა მტკიცებით, ისინი სიგარეტის ალტერნატივებზე აქტიურად მუშაობენ).
ვერლერის მსგავსი პატარა მოთამაშეებისთვის უფრო ავბედითი პერსპექტივა Food & Drug Administration-ს უკავშირდება: მოსალოდნელია, რომ FDA მალე იმგვარ რეგულაციებს გამოაცხადებს, რომლებიც ელექტროსიგარეტს თამბაქოს პროდუქტების კატეგორიაში გაიყვანს. თუ FDA-ს მიერ 2014 წელს გამოშვებული კანონის შავი ვერსია ძალაში შევა, ბაზარზე არსებულ ელექტროსიგარეტის ათასობით პროდუქტს წინასწარი სანქციების მტანჯველ პროცედურებში მოუწევს გავლა, რის შედეგადაც, ელექტროსიგარეტის კომპანიათა თქმით, მათ შეიძლება, ერთი პროდუქტი $2 მილიონი დაუჯდეთ (FDA $330,000-ს ასახელებს). VMR-ი, რომელიც უმეტესად ონლაინ ვაჭრობს და არ იზღუდება პროდუქტთა იმ რაოდენობით, რასაც სურსათ-საქონლის მაღაზიათა შესაბამისი დახლები იტევს, მომხმარებელს 500-ზე მეტი სახის ელექტროსითხეს, ხელსაწყოსა და ელექტროსიგარეტის აქსესუარს სთავაზობს; ამდენად, ახალ რეგულაციებთან სრული თანხვდენა მას $175 მილიონით დაწყებული, $1 მილიარდით დამთავრებული, ნებისმიერი თანხა შეიძლება, დაუჯდეს. გეილორდში (მიჩიგანი) მდებარე ელექტროსითხის მწარმოებლის, Purebacco-ს (კომპანია სითხის 200-ზე მეტ სახეობას ჰყიდის) აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ უალში მოსალოდნელ რეგულაციებს „ორთქლოკალიპსს“ (“Vapocalypse”) უწოდებს.
FDA-ს ისეთი ანტიმწეველთა ჯგუფები აგულიანებენ, როგორიცაა American Lung Association-ი და Campaign for Tobacco-Free Kids-ი, რომლებიც მწვავედ უპირისპირდებიან ელექტროსიგარეტებს. ანტიმწეველთა ლობისტები უგულებელყოფენ ან ღირსებას უკარგავენ ფაქტს, რომ ელექტროსიგარეტს მილიონობით მწეველი მიმართავს მოწევისთვის თავის დანებების ან მოწევის შემცირების მიზნით; ნაცვლად ამისა, ისინი აკვიატებულად ამახვილებენ ყურადღებას ელექტროსიგარეტის ჯანმრთელობისთვის საზიანო მინიმალურ რისკებზე. ურჩევნიათ, თამბაქოს გადაგდების მსურველებმა, ტრადიციულად, ნიკოტინის სალბუნები და კევები გამოიყენონ, რომელთა ეფექტიანობაც სულ რაღაც 7%-ია. არადა, ამერიკელი მწეველების თითქმის 70% ამბობს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება უნდა, გასულ წელს კი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით 480,000 ადამიანი გარდაიცვალა.
თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთმა კონსულტანტმა, რომელმაც თავისი მძლავრი კლიენტების გაღიზიანების შიშით, არ ისურვა სახელით რომ მოგვეხსენიებინა, ამას წინათ აღნიშნა, რომ ერთი ცნობილი საჯარო ჯანმრთელობის ანტიმწეველი პროფესორის განცხადებები ელექტროსიგარეტის წინააღმდეგ „საუკეთესო პიარ-კამპანიაა სიგარეტების შესანარჩუნებლად“.
ი-მეილით გამოგზავნილ განცხადებაში, FDA-ს წარმომადგენელი მაიკლ ფელბერბაუმი ამბობს, რომ „FDA-ს პასუხისმგებლობაა, დაიცვას ამერიკელები თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებისა და სიკვდილისაგან“, და ამტკიცებს, რომ სააგენტოს ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრი რამ იცოდეს ელექტროსიგარეტების შესახებ, მანამ მათზე ნებართვას გასცემდა, და ეს არ უკავშირდება ვინმეს ბიზნესიდან გაძევებას. და მაინც, შემოთავაზებული რეგულაციები კომპანიებისგან ითხოვს, ყოვლისმომცველი კვლევის შედეგები წარმოადგინონ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა აქვს ყოველ პროდუქტს მთელ მოსახლეობაზე, და გაზომონ, როგორია ალბათობა იმისა, რომ ყოფილმა მწეველებმა ელექტროსიგარეტის მოხმარება დაიწყონ. ეს ლამის შეუძლებელი დავალებაა ისეთი პატარა მოთამაშისათვის, როგორიც VMR-ი გახლავთ.
American Association of Public Health Physicians-ის Tobacco Control Task Force-ის ყოფილი თანათავმჯდომარე ჯოელ ნიცკინი, რომელიც ახლა თავისუფალი ბაზრის ექსპერტთა ორგანიზაცია R Street Institute-ში მუშაობს, ასეთ რამეს ამბობს FDA-ის შესახებ: „ჰგონიათ, რომ საღვთო მისიით არიან მოვლენილები. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ სიგარეტს ნიკოტინის მთავარ პროდუქტად დაამკვიდრებენ ამერიკულ საზოგადოებაში“. მეტიც, მისი თქმით, „ისინი უარზე არიან, თავად უთხრან საზოგადოებას, ან მწარმოებლებსა და მოვაჭრეებს მისცენ საშუალება, საზოგადოებას უთხრან, რა სხვაობაა ელექტროსიგარეტებისა და თამბაქოიანი სიგარეტების რისკებს შორის“. და მართლაც, თუნდაც რომ დაუსხლტნენ ელექტროსიგარეტის კომპანიები FDA-ს მარეგულირებელ მარყუჟს, მათ მაინც არ ექნებათ უფლება, ამტკიცონ, რომ მათი პროდუქტი ნაკლებ ზიანს უქადის მომხმარებელს, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი.
არავინ ამბობს, რომ ელექტროსიგარეტი სავსებით უვნებელია. ის შეიცავს ნიკოტინს, რამაც შეიძლება, ახალგაზრდებში ტვინის განვითარებას შეუშალოს ხელი, დააზიანოს მუცლადმყოფი ჩანასახი და რისკის ქვეშ დააყენოს გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები. ელექტროსიგარეტის ორთქლი სიგარეტის კვამლში აღმოჩენილი კანცეროგენებიდან დაახლოებით თორმეტ ასეთ ნივთიერებას შეიცავს, თუმცა ძალიან სუსტი დოზებით. როგორც გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განყოფილების, Public Health England-ის 2015 წლის აგვისტოს ანგარიშში ეწერა, ელექტროსიგარეტები ჩვეულებრივ სიგარეტებზე 95%-ით უსაფრთხოა. ამ აპრილს კი ეს მონაცემები Royal College of Physicians-მაც მოიხმო და მწეველებს ელექტროსიგარეტებზე გადასვლა მოუწოდა.
მაგრამ ბრიტანულ მონაცემებს უკან არ დაუხევია მოწევის ისეთი გულმხურვალე მოწინააღმდეგეები, როგორიცაა, მაგალითად, American Lung Association-ის ასისტენტი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ადვოკატურიდან, ერიკა სვარდი, რომელიც ამბობს, რომ შეშფოთებულია, რადგან ელექტროსიგარეტის მწარმოებლები, თავიანთი ბამბის ნაყინისა და მსგავი არომატებით, ბავშვებს უმიზნებენ; რადგან ელექტროსიგარეტის მომხმარებლები მოწევას მაინც არ ანებებენ თავს; და რადგან ყოფილი მწეველები ელექტროსიგარეტის მოწევას იწყებენ. „სიგარეტი ბირთვული არჩევანია, – ამბობს ის. – კონვენციური ომი ამით ნაკლებად მომაკვდინებელი როდი ხდება“.
მედიაც კვებავს იმ აზრს, რომ ელექტროსიგარეტები ათასგვარ საფრთხეს გვიქადის. 2015 წლის იანვარში, New England Journal Medicine-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, მძლავრმა ელექტროსიგარეტმა შეიძლება, უფერო აირის ტოქსიკური დონეები წარმოქმნას. თუმცა კვლევის ანგარიშში ისიც იყო აღნიშნული, რომ ამ ტემპერატურამდე ელექტროსითხეს ვერავინ აიყვანდა. ასევე, როცა ჰარვარდის კვლევამ ელექტროსითხეთა 75%-ში ქიმიური დიაცეტილის არსებობა დაადგინა, უმალ გამოჩნდა ჰედლაინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იწვევდა ელექტროსიგარეტი ფილტვებზე ნაწიბურების შეუქცევად განვითარებას, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დიაცეტილი ელექტროსიგარეტებში უკიდურესად მცირე დოზებითაა წარმოდგენილი. ამ ტოქსიკური ნივთიერებით ტრადიციული სიგარეტი რამდენიმე ასეულჯერ უფრო მდიდარია.
მას მერე, რაც ვერლერმა VMR-ი დააარსა, ელექტროსიგარეტების ამერიკული ბაზარი ორ ფართო სეგმენტად დაიყო: „სიგარეტის მსგავსები“ (cigalikes), რომლებიც ტრადიციული სიგარეტების წამბაძველებს წარმოადგენენ, და „სახეცვლილები“ (mods), რომლებიც უფრო ძლიერია და უფრო მეტი კმაყოფილების მომტანიც.
განსხვავება მათ შორის თვალშისაცემია. „სიგარეტის მსგავსები“, რომელთა რიცხვში შედის VUSE-ი (Reynolds-ი), MarkTen-ი (Altria), blu (Imperial Tobacco) და Logic-ი (JTI), ელექტროსიგარეტების ბაზრის Budweiser-ები და Miller-ები არიან და მათი ყიდვა სურსათ-საქონლის მაღაზიებსა და დიდი მაღაზიების ქსელებშია შესაძლებელი. ისეა შეფუთული, რომ სიგარეტივით გამოიყურებოდეს; ძირითად ჩონჩხს გრძელი, მილოვანი ბატერეა ქმნის, სითხის კარტრიჯში ფილტრი იდება, ხოლო წვერზე LED-ი აქვს, რომელიც ხმარებისას ციმციმებს. VUSE-ის კომპლექტი მოიცავს ხელსაწყოს, ბატერეის დამტენსა და სითხის კარტრიჯს და ეს ყველაფერი $10 ღირს – უხეშად იგივე ფასი, რაც ერთი კოლოფი სიგარეტი ამერიკაში. ორი გამოსაცვლელი კარტრიჯის ფასი კი 6 დოლარია.
„სახეცვლილები“ უფრო ინდივიდუალურად მოხარშული ლუდებივითაა. ათასობით მათგანს ნახავთ. როგორც წესი, ისე აქვთ სახე შეცვლილი, რომ უფრო მძლავრ ბატარეას მოერგონ – ორთქლის მეტი მოცულობისა და უფრო კმაყოფილების მომგვრელი გამოცდილებისთვის. „სახეცვლილები“ ღია სისტემებია, რაც ნიშნავს, რომ მისი მომხმარებელი ნიკოტინის სითხეს თავად ყიდულობს და თავად ავსებს ავზსს. უმეტეს მათგანს დამოუკიდებელი ანტრეპრენიორები ამზადებენ, ან ისეთი პატარა კომპანიები, როგორიც VMR-ია. მათ უფრო ელექტროსიგარეტების საგანგებო მაღაზიებში ნახავთ, სადაც, აგრეთვე, იყიდება ელექტროსითხეები, თანაც, ერთი კოლოფი სიგარეტის ეკვივალენტური სითხე – სულ რაღაც $1.20-ად.
„დიდი თამბაქოს“ ბრენდებს სინათლის წელიწადები აშორებთ იმ დრომდე, სანამ ელექტროსიგარეტებით გაკეთებული ფული ცოტათი მაინც მიუახლოვდება თამბაქოთი ნაშოვნ ფულს. Nielsen-ის საცალო გაყიდვათა მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ერთად აღებულმა ოთხივე წამყვანმა ბრენდმა აშშ-ში სულ რაღაც $300 მილიონი დაწერა; ამას დამრგვალების შეცდომას ნამდვილად ვერ მივაწერთ ინდუსტრიაში, სადაც იმავე პერიოდში, ჯერ მარტო ერთმა Reynolds-მა თითქმის $11 მილიარდის შემოსავალი ნახა. გარდა ამისა, ელექტროსიგარეტები ძალიან პატარა მოგებაზე გადიან (თუ საერთოდ გადიან მოგებაზე). გასული წლის ბოლოს, VUSE-ს, ნომერ პირველ ბრენდს, რომელიც Reynolds-მა 2014 წელს შემოიტანა, ჯერ კიდევ არ შეეძლო საკუთარი თავის ამოღება. თამბაქოს ანალიტიკოსის, ვივიენ აზერის თქმით, ამ დაბალეფქტიანობის მიზეზთა შორის გახლავთ ელექტროსიგარეტის შედარებით მაღალი საწარმოო ხარჯები და, მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით, მძლავრი ფასდაკლებები. თავად განსაჯეთ: აზერის თანახმად, Reynolds-ის ტრადიციული თამბაქოს პროდუქტების მთლიანი მარჟები შარშან 44%-ი იყო (Reynolds-ი უარს ამბობს კომენტარზე და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ VUSE-ში ინვესტირებას აგრძელებს).
რაც შეეხება VMR-ს, ვერლერი მასების მოსაზიდადაც გაისარჯა და საქმეში გათვიცნობიერებულებისაც: ის მომხმარებელს „სიგარეტის მსგავსებსაც“ სთავაზობს, „სახეცვლილებსაც“ და მრავალგვარ ელექტროსითხესაც როგორც სურსათ-საქონლის მაღაზიებში, ისე სპეციალურ მაღაზიებსა და ინტერნეტში. „დიდი თამბაქოს“ ბრენდებისგან განსხვავებით, რომლებიც შიდა ბაზარზე არიან ორიენტირებულნი, ვერლერის ბიზნესის მეოთხედი საზღვარგარეთაა: ის თავის პროდუქტებს 30 ქვეყანაში ყიდის. დეკემბერში მან 51%-იანი წილი ჩინურ კომპანიას, Huabao-ს მიჰყიდა, სანაცვლოდ კი დიდწილად აუთვისებელ ბაზარზე შესვლის უფლება მოიპოვა, სადაც თითქმის 315 მილიონი მწეველი სიგარეტზე წელიწადში $200 მილიარდზე მეტს ხარჯავს. მილიარდერ ჩუ ლამ იუს მიერ მართული Huabao-ს შემოსავალმა შარშან $558 მილიონი შეადგინა და მას, თეორიულად მაინც, საკმარისად სქელი ჯიბე აქვს, რომ აშშ-ში რეგულაციების დასაცავად ფული იხადოს. VMR-ი სიგარეტის სახელმწიფო მონოპოლიას თამბაქოს არომატებით ამარაგებს და ჩინურ ბაზარზე უკვე ელექტროსიგარეტებსაც ყიდის. Huabao-მ ვერლერს $23 მილიონი გადაუხადა და ეს უკანასკნელი კომპანიის თავმჯდომარისა და აღმასრულებლის რანგში დატოვა (კონტრაქტი ე.წ. ოქროს პარაშუტის პრინციპს გულისხმობს, რაც, ვერლერის თქმით, თანამდებობიდან გაძევების შემთხვევაში, $23 მილიონზე მეტს მოუტანს). სამთავიანი ურჩხულის გამო ვერლერი ახლა ბიზნესგადასახლებაშია.
ვერლერს ამჟამად ისეთი პერიოდი უდგას, წინ და უკან – ჩინეთსა და ფლორიდას შორის დაიარება. ნახევარი წელი სასტუმროში, შენჩჟენში ცხოვრობს, სადაც VMR-ს 60 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავს და ორ ქარხანაში 3,000 მუშას ქირაობს. დანარჩენ დროს კი მაიამიში ატარებს, სადაც, მისი თქმით, „უსახლკაროა“ მას მერე, რაც თავისი მესამე შვილის დედას დასცილდა („ძნელია ჩემნაირ მძიმე ადამიანთან ურთიერთობა“). ხანდახან თავისი ოფისის გვერდით მდებარე ოთახში ათევს ღამეს და დილის 3 საათზე ჩინეთში ვიდეოკონფერენციებს ატარებს ან კი იქვე, კომპანიის ბინაში რჩება. Jeep-ის საბარგულში მას ჩალაგებული ჩემოდანი უდევს, Jeep-ი კი ტყვიაგაუმტარი, კაშკაშა ბრინჯაოს Kevlar-ითაა დაფარული. „მოდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა და ამიტომ ვიყიდე“, – ამბობს ის.
სანამ ელექტროსიგარეტების ბიზნესში ჩაერთვებოდა, ვერლერი გაყიდვების ნიჭს ამჟღავნებდა და კიდევ იმგვარ ანტრეპრენიორობას, სადაც წარმატებასა და წარუმატებლობას ერთნაირი შანსები აქვს. Penn State-ის პირველ კურსზე ყოფნისას, როგორც ის ამბობს, თვეში უკვე $30,000-ს აკეთებდა – Cutco-ს დანების $1,000-იან კომპლექტებს ჰყიდდა, მერე კი უნივერსიტეტიდან წამოვიდა. შემდეგ ორლანდოში, ერთ კომპანიაში იშოვა სამსახური, რომელიც ვებდიზაინის სერვისებს ჰყიდდა. შემდეგ კუბელ მეგობარ გოგონას მაიამიში გაჰყვა, სადაც წამოიწყო და დახურა რამდენიმე ბიზნესი, მათგან ერთ-ერთი გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამის გაყიდვაში მდგომარეობდა, მეორე კი ამერიკულ კომპანიებს ინდოელი ტექნოლოგიური მუშაკებით ამარაგებდა. „იყო პერიოდები, წელიწადში მილიონ დოლარს ვშოულობდი, – ამბობს ის.– ისეთი პერიოდებიც იყო, რამდენიმე ასეული ათასი რომ დამიკარგავს“.
ან მეტი. 2003 წელს, მან ონლაინ ვენჩურის შექმნა სცადა და იმედი ჰქონდა, რომ ამ საქმეს „ პორნოს HBO-დ“ აქცევდა. მაიამისა და პრაღის სტუდიებში კომპანია თავადვე ქმნიდა ინტერნეტ–პროგრამებს, მათ შორის იყო რეალიტი-შოუ „ბორდელი“. ვერლერი შოუებისას სექს-სათამაშოებისა და საცვლების გაყიდვას გეგმავდა; განზრახული ჰქონდა ისიც, რომ სასტუმროს ნომრებში ცოცხალი პორნო გადაეცა. „უსასრულო კაპიტალი რომ მქონოდა, – მაიამის მოდურ რესტორანში, ხმამაღალი მუსიკის ფონზე გაჰკივის ვერლერი და წინ ბეკონში გახვეული ფინიკებით სავსე თეფში უდევს, – ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში უდიდესი ზრდასრულთა გასართობი კომპანია ვიქნებოდით“.
როცა 2010 წელს ელექტროსიგარეტების ბიზნესს მიუახლოვდა, გადაწყვიტა, რომ ყველაზე წარმატებული ის ონლაინ იქნებოდა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ცუდი დიზაინის მქონე საიტზე თუ იყიდებოდა ეს სიგარეტები. მან და რექიომ, სათითაოდ, $7,500 დააბანდეს, მესამე $7,500 კი მესამე პარტნიორისა იყო. ერთ წელიწადში VMR-ი მაიამიში, ათსართულიან შუშისა და ფოლადის საოფისე შენობაში გადავიდა და შემოსავალმაც $19 მილიონს მიაღწია. ორი წლის შემდეგ შემოსავალი $75 მილიონამდე გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი – 180-მდე, რომლებიც მაიამიში, შენჩჟენში, პრაღის სადისტრიბუციო ცენტრსა და ჰამბურგის, ლონდონის, მოსკოვისა და ჰონკონგის პატარა ოფისებში იყვნენ განაწილებულნი. ამას შემცირებული გაყიდვებისა და რეგულაციებთან დაკავშირებული დარდების ორი წელი მოჰყვა.
2013 წელს ჭორები დაირხა, რომ ელექტროსიგარეტების ონლაინ გაყიდვა, შესაძლოა, აშშ-ში აკრძალულიყო. ვერლერმა პროდუქტთა შეზღუდული რაოდენობის გაყიდვა ფიზიკურ მაღაზიებში დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ იქ მარჟები გაცილებით დაბალი იყო. ამასობაში, მეტოქეები, მათ შორის NJoy, რომელსაც მილიარდერ შონ პარკერისა და პიტერ ტილის მსგავსი ინვესტორები მოეზიდა, ბაზარს იპყრობდნენ და სწრაფად იზრდებოდნენ. სანამ FDA ამ თავის ცნობილ ნაბიჯს გადადგამდა რეგულაციებთან დაკავშირებით, ვერლერს თავისი პოზიციების გამყარება სურდა და VMR-ის ნახევარი Huabao-ს მიჰყიდა.
ვერლერი იმედოვნებს, რომ FDA-ს რეგულაციები, ადრე თუ გვიან, შერბილდება (აპრილში, House Appropriations Committee-მ მიიღო ზომა, რომელიც ელექტროსიგარეტის ყველა პროდუქტს ბაზარზე გასვლამდე ხარჯიანი წინასწარი ნებართვის მოსაპოვებელი პროცესისგან ათავისუფლებს, სანამ რეგულაციები საბოლოო სახეს არ მიიღებს). თუმცა ის მაინც დარწმუნებულია, რომ ახალი და უკეთესი პროდუქტების შემოტანა VMR-სა და სხვა პატარა მოთამაშეებს მალე შემაფერხებლად ძვირი დაუჯდებათ. „დიდ თამბაქოს“ სურს, ამჟამინდელი ინოვაცია შეაჩეროს და დარწმუნდეს, რომ ვერავინ გააკეთებს ვერაფერს ისეთს, რაც მის იმპერიას დაამხობს“, – ამბობს ის.
თავად ვერლერი ამ იმპერიის მონად რჩება. ელექტროსიგარეტი მას დაეხმარა დღეში ორი კოლოფის მოწევა შეემცირებინა. მაგრამ ტრადიციულ სიგარეტს მაინც ვერ ანებებს თავს. როგორც ამბობს, „დღეში ოთხს ან ხუთს ვეწევი“. საყვარელი ბრენდი? – “Marlboro, ჩემი უძლეველი მეტოქე”.