პანდემიის გავლენა ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე

პანდემიის გავლენა ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე

ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, რის შედეგადაც 2020 წელს შავიზღვისპირეთში ტრანზაქციები შემცირდა. ყველაზე მძიმე პერიოდი ამ მხრივ გასული წლის მეორე კვარტალი იყო, 2020 წლის მესამე კვარტალში მცირეოდენი გაუმჯობესება შეინიშნებოდა, თუმცა  წლიურ ჭრილში ლოქდაუნმა აჭარის დეველოპმენტს საგრძნობი ზიანი მოუტანა.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2021 წელს ვითარება მცირედით გაუმჯობესდა. „თიბისი კაპიტალის“ დაკვირვებით, არარეზიდენტი პირების მხრიდან ბათუმში უძრავი ქონების ყიდვის ინტერესი კვლავ შენარჩუნდა, თუმცა – დაბალ ნიშნულზე. ელოდებიან,  რომ მოთხოვნა სწრაფადვე აღდგება, თუ ტურიზმის სექტორის აღდგენის ნიშნები გამოჩნდება.

2020 წელს ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 7 500-მდე ტრანზაქცია დაფიქსირდა, რამაც 416 ათასი კვ/მ-ის ფართობის ტერიტორია მოიცვა. ეს წლიურ ჭრილში 40%-იან და 38%-იან კლებაზე მიუთითებს.

საინტერესო ტენდენცია შეინიშნებოდა ზღვისპირა ზოლში, სადაც გასულ წელს ტრანზაქციების 71%-იანი კლება დაფიქსირდა. სანაპირო ზოლი ყველაზე პოპულარულია აპარტოტელებში ინვესტიციების თვალსაზრისით, ამიტომაც ტურიზმის სექტორის გაჩერებამ და საზღვრების ჩაკეტვამ ამ უბანზე ყველაზე დიდი გავლენა იქონია.

ბათუმის სხვა უბნებში კი კლება გაცილებით უფრო ნაკლები იყო. მაგალითად, ცენტრში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებში 37%-იანი კლება დაფიქსირდა, გარეუბნებში – 35%-იანი, ხოლო პერიფერიებში 23%-იანი კლება იყო. აღნიშნულ უბნებში უძრავი ქონების შეძენის კუთხით მოთხოვნა ძირითადად ადგილობრივების მხრიდანაა.

რაც შეეხება ფასებს, საშუალო ფასი 2020 წელს ერთ კვ/მ-ზე 7.6%-ით შემცირდა და $742 შეადგინა. თუმცა, მეორე მხრივ, ლარებში ფასი გაიზარდა და ამავე პერიოდში 2 450 ლარი გახდა. ეს, ბუნებრივია, ქართული ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გაუფასურებამ გამოიწვია.

„თიბისი კაპიტალის“ მოლოდინია, რომ ტრანზაქციები აჭარის დედაქალაქში პრეპანდემიურ დონეს 2022 წლისთვის დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *