მართალია, პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მან სფეროში ბევრი რამ უკეთესობისკენაც შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ მან ერთიორად დააჩქარა და განავითარა ტრენდების გავრცელების მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომსახურების სფეროში.
პანდემიის გამო საერთაშორისო მოგზაურთათვის უმთავრესი პრიორიტეტი ჯანსაღი გარემო და უსაფრთხოება გახდა. ამ პრიორიტეტებს შესაძლოა მრავალი სახის გამოვლინებაც კი ჰქონდეთ, განსაკუთრებით კი იმ რეალობაში, სადაც მათი უზრუნველყოფა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება უმთავრესი პრიორიტეტი.
პანდემიის გამო სასტუმროებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს გამასპინძლების პროტოკოლები, გადაამზადეს მომსახურე პერსონალი და დამსვენებლებს უსაფრთხო გარემო შესთავაზეს. უდიდესი ყურადღება გამახვილდა ჰიგიენისა და სისუფთავის საკითხებზე, რაც, პრინციპში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირი რეკომენდაციაც კი გახლდათ. გარდა ამისა, პრიორიტეტად იქცა მომხმარებლებისათვის მეტი პირადი სივრცის შექმნა. ამ მიზნით სასტუმროებმა შეიმუშავეს მომხმარებლებზე მორგებული პოლიტიკა. საბოლოო ჯამში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო სასტუმროების, როგორც ბრენდის იდენტობაც კი გახდა.
ამ ყველაფრის უზრუნველყოფა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. სასტუმროებს დასჭირდათ რიგების კონტროლი მოცდის დროის შესამცირებლად, ტრანსფერებისათვის ადამიანების უფრო მცირე ჯგუფებად დაყოფა და ოჯახებისა და სამეგობროებისათვის ინდივიდუალური პაკეტების შემუშავება.
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრენდად და, შეიძლება ითქვას, მიღწევადაც კი ინდუსტრიის გაციფრულება შეიძლება ჩაითვალოს. ციფრულმა მომსახურებამ გარდა იმისა, რომ გაამარტივა პროცედურული საკითხები, მნიშვნელოვნად შეამცირა დანახარჯებიც. შესაბამისად, ტურიზმის ინდუსტრიის გაციფრულება სფეროს გარდაუვალი მომავალია.