„პანდემიის სრული ეფექტი ჯერ ბოლომდე არ გვიგრძნია“ - გიორგი თხელიძე

„პანდემიის სრული ეფექტი ჯერ ბოლომდე არ გვიგრძნია“ - გიორგი თხელიძე

„პანდემიის სრული ეფექტი ჯერ ბოლომდე არ გვიგრძნია“, – ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ Forbes Georgia-ს აპრილის თვის გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა.

როდიდან უნდა გვქონდეს ეკონომიკის აღდგენის მოლოდინი? ამ კითხვას თხელიძე შემდეგნაირად პასუხობს: „სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, – იქნება ეს პანდემიის შენელება თუ ტურიზმის აღდგენა – ის მოლოდინები, რაც შარშან გვქონდა, გადავადებულია – შესაბამისად, ეკონომიკაც უფრო გვიან აღდგება“.

გიორგი თხელიძის ეს პასუხი მოულოდნელობა არ არის მათთვის, ვინც თიბისი კაპიტალის ანგარიშებს რეგულარულად ადევნებს თვალს და საერთაშორისო საფინანსო თუ სხვა ორგანიზაციების პროგნოზებსაც ეცნობა. ამ პროგნოზების მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა რიცხვებში შესაძლოა, დიდი გამოჩნდეს, რადგან წინა წელი რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით დაიხურა, მაგრამ რეალურად ეკონომიკა თუნდაც 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებას უკეთეს შემთხვევაში 2022 წლის ბოლოს შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, კორპორაციული კლიენტების მიმართულებით, თიბისიში შეღავათი შეეხო 2.1 მილიარდის პორტფელს, რაც მთლიანი პორტფელის 37%-ია და 252 მომხმარებელს, რაც მსესხებლების 34%-ია.

„როცა პანდემია დასრულდება, ვფიქრობ, გაცილებით უფრო გაადვილდება გადაწყვეტილებების მიღება და გრძელვადიანი დაგეგმვაც გაადვილდება, მაგრამ ახლა, ამ რეალობაში, ვფიქრობთ, რა შეიძლება გავაკეთოთ – როგორ ვიმუშაოთ ჩვენს კოლეგებთან ერთად დისტანციურად, როგორ მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს სერვისები დისტანციურად, თუკი მათ გამოწვევები შეექმნებათ – გარკვეული ბიზნესები გაჩერდება – რა მოვიმოქმედოთ არსებულ რეალობაზე მოსარგებად იმისთვის, რომ ბიზნესებმა გააგრძელონ ფუნქციონირება, შეინარჩუნონ თანამშრომლები, მოიძიონ მოკლე ვადაში ადაპტირების გზები“, – ამბობს გიორგი თხელიძე.