Paramount Pictures-ს „Top Gun: Maverick“-ის გამო უჩივიან

Paramount Pictures-ს „Top Gun: Maverick“-ის გამო უჩივიან

1983 წელს ჟურნალ California-ში ეჰუდ იონეიმ სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ფილმ „Top Guns“-ს დაედო საფუძვლად – კინოსურათი სამი წლის შემდეგ გამოვიდა. ცოტა ხნის წინ კი ეკრანებზე ფილმის მეორე ნაწილი, „Top Gun: Maverick“-ი გამოჩნდა. იონეის მემკვიდრეები Paramount Pictures-ს აღნიშნულ კინოსურათთან დაკავშირებით საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ლოს-ანჯელესის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, Paramount Global-ის შვილობილმა კომპანიამ ახალი ფილმის ეჰუდ იონეის სტატიის მიხედვით გადაღებასთან დაკავშირებით ავტორის ოჯახისგან ნებართვა ვერ მიიღო.

ეჰუდის ქვრივი და ვაჟი, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ, „Top Gun: Maverick“-ის მოგებიდან კომპენსაციის სახით მოცემული დროისთვის გაურკვეველ თანხას ითხოვენ. მათ ასევე სურთ, ფილმის დისტრიბუციისა და „Top Guns“-ის მომდევნო ნაწილების დაბლოკვა.

„ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა და ჩვენ თავს მაქსიმალურად დავიცავთ“, – ნათქვამია Paramount-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმი „Top Gun: Maverick“-ი კინოთეატრებში მაისის ბოლოს გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ $170-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე კინოსურათის შემოსავალმა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადებიუტო უიკენდზე, 124 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს, ბოლო მონაცემებით, ის 557.2 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.