აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ჩინეთის მთავრობამ 100-მდე ტაივანური ბრენდი და მათი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.
აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აშკარა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას, რომელიც ამავდროულად ატარებს ერთგვარ სიმბოლურ მნიშვნელობას და მიუთითებს იმაზე, რომ კომუნისტური მთავრობა ტაივანში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტით კმაყოფილი არ არის.
აკრძალული კომპანიების უდიდესი ნაწილი კვების პროდუქტების სექტორშია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ჩაის, ტკბილეულის, თაფლის, ფუნთუშეულისა და ზღვის პროდუქტების ბრენდები.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა პეკინმა პელოსის აზიურ ტურნესთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანში ვიზიტს აუცილებლად მოჰყვებოდა საპასუხო ზომები. სამხედრო ძალების პრესსპიკერმა, ჭაო ლიჯიანმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ეწვეოდა, ჩინეთის ჯარი „უსაქმოდ არ დაჯდება“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს, სი ძინპინსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც ჩინეთის მმართველმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების დაცვა ისაა, რასაც მისგან 1.4 მილიარდი ჩინელი მოქალაქე ითხოვს. მოგვიანებით, საუბრის ტრანსკრიპტის ამოკითხვის დროს, პრესსპიკერმა ჭაომ განაცხადა, რომ „ცეცხლთან მოთამაშე – დაისჯებოდა“.
ნენსი პელოსის აზიური ტურნე ორშაბათს დაიწყო. თავდაპირველად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და დემოკრატიული პარტიის ოთხი წევრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლი სიენ-ლუნგს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის ფონზე, კუნძულის სიახლოვეს ჩინეთმა სამხედრო წვრთნები გამართა, საკუთარი არმიის დაფუძნების დღის აღსანიშნავად.