აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანა უკრაინელი სამხედროებისთვის ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს.
პენტაგონის პრესის მდივნის, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერლის, პეტ რაიდერის განცხადებით, წვრთნების ჩატარება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთავარი ყურადღება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზეა გადატანილი, ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი წვრთნების ჩატარება უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად“.
პენტაგონის განმარტებით, წვრთნებს აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობა გაუძღვება და ის იანვრიდან გერმანიაში ჩატარდება. წვრთნებისთვის გასაგზავნი სამხედრო პერსონალის შესახებ გადაწყვეტილებას უკრაინული მხარე თავად მიიღებს. ყოველთვიურად აშშ-უკრაინის საერთო წვრთნებში 500-მდე უკრაინელი სამხედრო გადამზადდება.
პენტაგონის პრესმდივნის ინფორმაციით, სწავლებები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, აპრილიდან დღემდე ამერიკელებმა 3,100 უკრაინელი სამხედრო გადაამზადეს.