„ფაიზერით“ 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრა შესაძლებელი ხდება

„ფაიზერით“ 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრა შესაძლებელი ხდება

კვირის დასაწყისში იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. განცხადება იმუნიზაციისა და საკოორდინაციო საბჭოების გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გაავრცელა.

თუმცა, ამ ასაკის მოზარდის „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით ასაცრელად აუცილებელი მოთხოვნა მშობლის თანხმობა იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭოებმა სავარაუდოდ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების ფონზე მიიღეს. ბოლო დროს კოვიდდადასტურებული  პაციენტების რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ევროპა მსგავსი საჭიროების წინაშე ჯერ კიდევ ზაფხულის მიწურულს დადგა, თუმცა მარეგულირებელმა ორგანომ იგივე გადაწყვეტილება ბევრად უფრო ადრე, 2021 წლის მაისში მიიღო. მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით სწორედ ამ დროს დაუშვა. თუმცა მომხდარიდან ერთ თვეში სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინებზეც გასცა ავტორიზაცია.

მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში 12-დან 15 წლამდე მოზარდების „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინების ორი დოზით აცრა აგვისტოდან დაიწყო. იტალიაში კი იმავე  ასაკობრივი ჯგუფისათვის „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი – მაისის ბოლოდან, „მოდერნა“ კი აგვისტოს დასაწყისიდან გახდა.

კოვიდის სწრაფი გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსგავსი გადაწყვეტილება აგვისტოში გერმანიამაც მიიღო და ის აშშ-ში 10 მილიონი მოზარდის აცრის მონაცემებს დააფუძნა. მათი განცხადებით, ვაქცინების უპირატესობები მისი იშვიათი თანამდევი მოვლენების მოსალოდნელ რისკს მნიშვნელოვნად აღემატება.

მსგავსი ვითარებაა ირლანდიაში, პოლონეთსა და საფრანგეთშიც, სადაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მოზარდები აქტიურად იცრებიან. თუმცა,  ვაქცინის ფართოდ ხელმისაწვდომობისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთი, სადაც 12-დან 15 წლამდე მოზარდებს ვაქცინირება მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში შეუძლიათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *