საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, ენერგორესურსების ფასების მატების ფონზე, ემანუელ მაკრონმა ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობა დააანონსა. პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, ბირთვული რეაქტორები საფრანგეთის ენერგოდამოუკიდებლობისა და 2050 წლისთვის „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის“ მიღწევის გარანტიაა.

განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საფრანგეთში ბირთვული რეაქტორების მშენებლობა ათწლეულების განმავლობაში პირველად განახლდება. ახალი რეაქტორები შეამცირებს საფრანგეთის ენერგოდამოკიდებულებას უცხო ქვეყნებზე, ხელს შეუწყობს გლობალური დათბობის გეგმების მიღწევას და ქვეყანას ფასების გაკონტროლების საშუალებას მისცემს.

ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  სავარაუდოდ, პრეზიდენტი მაკრონი ექვსამდე მაღალი წნევის წყლის რეაქტორის მშენებლობაზე ინფორმაციას უახლოეს კვირებში გაასაჯაროებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში ფლამანვილის EPR ატომური ელექტროსადგურის დასრულებამდე მესამე თაობის რეაქტორების პროექტების დაწყებას არ განიხილავდა, თუმცა ოქტომბერში ევროპის გაზის კრიზისის გავლენამ ენერგეტიკული რესურსების ფასებსა და საყოფაცხოვრებო დანახარჯებზე, პარიზის სამომავლო გეგმები დააჩქარა.

პრეზიდენტ მაკრონის გეგმებს ახალ ბირთვულ რეაქტორებთან დაკავშირებით, Greenpeace-მა რეალობისგან მოწყვეტილი უწოდა და ფლამანვილის პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანის ათწლიანი გადავადება და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ხარჯები გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა 2035 წლამდე ქვეყნის ენერგეტიკულ მიქსში ატომური კონტრიბუციის 75%-დან 50%-მდე შემცირების პირობა დადო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *