ფასების კონტროლი ანუ პოლიტიკური პოპულიზმი

ფასების კონტროლი ანუ პოლიტიკური პოპულიზმი

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნებულმა სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა, ანუ ინფლაცია, აწუხებს. ფასების ზრდაზე წუხილმა ტრადიციულად პირველ ადგილზე მდგომ პრობლემას – უმუშევრობასაც კი გადაასწრო.

NDI-ის კვლევის გამოქვეყნებიდან ოთხ დღეში, 6 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სურსათის ფასები საბითუმო და საცალო ვაჭრობისას ზოგ შემთხვევაში 100%-ითაც კი არის გაძვირებული და ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს ამ საკითხის შესწავლა და მასზე რეაგირება დაავალა.

თებერვლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ 2019 წლის 633-ე ევროდირექტივის შესაბამისად მოამზადებს კანონპროექტს. აღნიშნული დირექტივის მიზანი ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობაა. საქართველოს მთავრობის სურვილია, ახალმა კანონმა კომპანიების მოგების მარჟის შემცირება და ამით პროდუქციის გაიაფება განაპირობოს. ევროკავშირში 633-ე ევროდირექტივა 2021 წლის ბოლოდან დაინერგა და ჯერ არ გასულა შესაბამისი დრო, რომ მისი შედეგები შეფასდეს. თუმცა ცნობილია, რომ 2023 წლის იანვარში ევროკავშირში სურსათი წლიურად 18%-ით იყო გაძვირებული, რაც ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 14%-ით, ხოლო ორ წელიწადში 34%-ით გაძვირდა. ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად – 118%-ით ხახვი გაძვირდა. სიმინდის ფქვილი 80-ით გაძვირდა, კარტოფილი 57%-ით, მწვანე ლობიო 38%-ით, რძის პროდუქტები 31%- ით და ა.შ. ამასთან ერთად, საქსტატის შინამეურნეობების გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯების 44% სურსათზე მოდიოდა. აქედან გამომდინარე, სოციოლოგიური კვლევების შედეგები ლოგიკურია – მოსახლეობა ფასების ზრდამ ძალიან შეაწუხა.

საქართველოს მთავრობამ სურსათის ფასებთან „ბრძოლის“ ხისტი და პოპულისტური გზა აირჩია. ხისტი იმიტომ, რომ აპირებს, პირდაპირ ჩაერიოს ფასწარმოქმნაში, ხოლო პოპულისტური იმიტომ, რომ მას უნდა, ფასების შემცირება მთავრობის აქტივში ჩაიწეროს. მაგალითად, თუ საბაზრო ძალები შეამცირებს ფასებს ან შეაჩერებს გაძვირების ტენდენციას, მოსახლეობა ნაკლებად იქნება მთავრობის მადლიერი. მთავრობამ „გაუმაძღარი“ ბიზნესმენები სახალხოდ უნდა დასაჯოს, ფასების დაწევა აიძულოს. როგორც პრემიერმა განაცხადა: „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება“.

საქონელსა და მომსახურებაზე, მათ შორის სურსათზე, ფასებს მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა და ბიზნესის მხრიდან მიწოდება აყალიბებს. თუ მოთხოვნა მიწოდებას უსწრებს – ფასები იზრდება და პირიქით. ან სურსათის წარმოებისა და მიწოდების დანახარჯები თუ გაიზარდა, ბაზარს უფრო ძვირად მიეწოდება და რადგან სურსათი პირველადი დანიშნულების საქონელია, მის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია, მომხმარებელი უფრო მეტს გადაიხდის, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ სხვა საქონლისა და მომსახურების მოხმარებას შეამცირებს. თუ მთავრობა ამ პროცესში ხელოვნურად ჩაერევა, გარკვეული პროდუქცია შესაძლოა გაიაფდეს, მაგრამ შედეგად შემცირებულ მიწოდებას, პროდუქციის გაუარესებულ ხარისხს და ზოგ შემთხვევაში დეფიციტს მივიღებთ.

დავუშვათ, სურსათით ვაჭრობაში ჩართული იმპორტიორები, სადისტრიბუციო კომპანიები, ბითუმად და საცალოდ მოვაჭრე მაღაზიები მართლაც „მაღალ“ მოგებაზე მუშაობენ და მთავრობის მიზანი სწორედ ამ მოგების შემცირებაა და არა ფასების კლება სურსათის ხარისხის გაუარესებით და დეფიციტის შექმნით.

დავიწყოთ იმით, რომ „მაღალი“ მოგება პირობითია და ზუსტად ვერავინ იტყვის, საიდან იწყება მაღალი მოგება, 10%-დან? 24%-დან? 37%-დან? და ა.შ., მაგრამ თუ სურსათით ვაჭრობის ბიზნესში ჩართული კომპანიები უფრო მაღალ მოგებაზე მუშაობენ, ვიდრე საქართველოს ეკონომიკის სხვა დარგებში ჩართული კომპანიები, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დარგში მაღალი მოგებაა.

როდესაც დარგში მაღალი მოგებაა, ის ამ დარგში ინვესტირების მიმზიდველობას აჩვენებს. მაგალითად, თუ მრეწველობაში ინვესტირებაზე უკუგება 10%-ია, მშენებლობაში 15%-ია და ამ დროს სურსათის მაღაზიის გახსნა 30%- იან მოგებას გიტოვებს – ბუნებრივია, მაღაზიას გახსნი.

სურსათით ვაჭრობაში ბევრი მონაწილეა ჩართული როგორც დისტრიბუციის, ასევე საცალო მაღაზიების ნაწილში. როდესაც ბაზარზე ბევრი მონაწილეა, მათ შორის ფარული შეთანხმების მიღწევა, მაგალითად, მაღალ ფასებზე შეთანხმება, რთულდება. ერთმა მაღაზიამაც რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება და დაბალი ფასებით გაყიდოს პროდუქცია, დიდი უპირატესობა ექნება კონკურენტებთან შედარებით.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წლიური ინფლაცია (გაძვირება)

მონაცემების წყარო: საქსტატი

დავუშვათ, მოხერხდა საქართველოში ასეთი შეთანხმების მიღწევა – ყველა დისტრიბუტორი მაღალი ფასნამატით აწვდის მაღაზიებს პროდუქციას, თავის მხრივ, მაღაზიები აქეთ სთხოვენ დისტრიბუტორებს დამატებით თანხებს (მაგალითად, ქსელში დაშვების საკომისიო) და შემდეგ ეს მაღაზიები მაღალი ფასნამატით მიჰყიდიან საბოლოო მომხმარებელს. შეთანხმება შედგა, დისტრიბუტორი და მაღაზია მაღალ მოგებაზე მუშაობენ და ზარალდებიან მხოლოდ მომხმარებლები, ანუ საქართველოს მოსახლეობა.

თუმცა ამ შემთხვევაშიც ხომ არ ირღვევა ის ლოგიკა, რომ სექტორში რადგან მაღალი მოგებაა, ის მიმზიდველია სხვა ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის და ბევრი ახალი მოთამაშე შევა ბაზარზე? და ეს შესვლა გაგრძელდება მანამდე, სანამ სექტორში ფასნამატი და მოგება მნიშვნელოვნად არ შემცირდება.

თუ ქვეყანაში არ არსებობს ხელოვნური მონოპოლიები და მთავრობა დისკრიმინაციულ პოლიტიკას არ ატარებს დარგების მიმართ, დარგებს შორის მოგებიანობა თანდათან გათანაბრდება.

პრობლემა იწყება მაშინ, როცა სექტორში (ბაზარზე) ახალი კომპანიები ვერ შედიან. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც მთავრობა ლეგალურად ან არალეგალურად არ უშვებს სექტორში ახალ ბიზნესს, ან ბაზარზე უკვე არსებული კომპანიები ძალადობენ პოტენციურ შემომსვლელებზე და არ აძლევენ უფლებას, კონკურენცია გაუწიონ. ეს უკანასკნელი თუ ხდება, ამით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ირღვევა და თუ ამის აღმოფხვრა მთავრობას არ შეუძლია, პირველ რიგში ეს მისი ბრალია და არა ვინმე სხვისი.

ზოგადად, განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში მოგების მარჟა უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში. ამის მიზეზი არის ის, რომ განვითარებად ქვეყნებში კაპიტალი (რესურსი, რომლითაც ბიზნესს აკეთებ) უფრო ძვირია და ბევრი ისეთი რისკია (მაგალითად, საკუთრების არასათანადოდ დაცვა, კანონის უზენაესობის სისუსტე, მიკერძოებული სასამართლო, კორუფცია, პოლიტიკური არასტაბილურობა, ომის საფრთხე, ვალუტის კურსის მაღალი მერყეობა და ა.შ.), რაც განვითარებულ ქვეყნებში არ არის ან ნაკლებად არის. რომ არა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალი მოგების მარჟა, განვითარებადი ქვეყნები ინვესტორებისთვის საინტერესო არ იქნება. ინვესტიციებზე შედარებით მაღალი უკუგება (მოგებიანობა) მაღალი რისკის მაკომპენსირებელი ბონუსია. ეკონომიკას თავად მოჰყავს მოგების ნორმა ქვეყნის რისკიანობასთან შესაბამისობაში.

თუ საქართველოს ვაჭრობის სექტორში ხელოვნური ბარიერები არ არის და ამ დროს მოგების ნორმა შედარებით მაღალია, ამას მთავრობა ხელოვნური ჩარევით კი არ უნდა შეებრძოლოს და კომპანიებს ნაკლებ მოგებაზე მუშაობა აიძულოს, პირიქით, მაღალი მოგება საინვესტიციო შესაძლებლობად უნდა გაყიდოს. ამას, შედეგად, სექტორში ახალი კომპანიების შემოსვლა, მეტი დასაქმებული ადამიანი, ეკონომიკის ზრდა და შემცირებული ფასები მოჰყვება.

ფასები რომ პროდუქციის თვითღირებულებასთან რაც შეიძლება ახლოს იყოს და, ამავე დროს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის გამდიდრებას ხელი არ შეეშალოს, ამის ერთადერთი გზა არსებობს – მეტი და მეტი კონკურენცია, რაც შეიძლება ღია, უბარიერო ბაზრები.

მთავრობის დადებითი როლი ამ პროცესში იქნება მხოლოდ ის, რომ მოხსნას ან შეუმსუბუქოს ეკონომიკას ის რისკები, რომლებიც თვითონ შექმნა ან ჯერ ვერ გაუმკლავდა, მაგალითად, გაზარდოს დემოკრატიის დონე, უკეთესად დაიცვას საკუთრება, მოულოდნელად არ შეცვალოს კანონები ბიზნესის დაზარალების მიმართულებით, მიაღწიოს ქვეყნის მეტ უსაფრთხოებას და ა.შ.

ზოგადად, განვითარებად ქვეყნებს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი აქვთ, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებს, თუნდაც იმიტომ, რომ შესაძლოა, დარგებში ჯერ არ იყოს მაღალი კონკურენცია, რასაც თან ახლავს მაღალი მოგება და ინვესტირებისთვის მიმზიდველობა. სახელმწიფოს ჩარევით მაღალი მოგების აღმოფხვრა კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ინვესტირების რისკს, ხოლო მოგებიანობას შეამცირებს. შედეგად, საქართველო აღარ იქნება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტიციებისათვის და მაღალი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება.

ქვეყნის მოსახლეობის მიმწოდებლებად და მომხმარებლებად დაყოფაც ძალიან პირობითია, რადგან ყოველი დასაქმებული ადამიანი ბიზნესის ნაწილია, მიმწოდებელია, ხოლო დაუსაქმებელი ბიზნესმა უნდა დაასაქმოს. არ არსებობს ხალხის კეთილდღეობა სამუშაო ადგილების გარეშე, ხოლო სამუშაო ადგილები – ბიზნესის გარეშე.

მთავრობა თუ დაპირებულ კანონს მიიღებს, შესაძლოა, ამას შედეგად მოჰყვეს რამდენიმე დასახელების კვების პროდუქტის გაიაფება და მთავრობა სპეკულირებას დაიწყებს, რომ ეს მისი მიღწევაა. ამ დროს, შესაძლოა, ეს პროდუქტები მაინც გაიაფებულიყო და ამის გარდა, სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერ დაინახავს იმ ფარულ „ფასს“, თუ რა დაგვიჯდა ამ პროდუქტების გაიაფება. დანაკარგი იქნება უფრო მეტი, ვიდრე სარგებელი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ სურსათის ფასები ისევ გლობალურად გაიზრდება, ან ეროვნული ბანკი არასწორ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს, ფასები მთავრობის მიერ შემოტანილი რეგულაციების პირობებშიც გაიზრდება და, საბოლოოდ, მოსახლეობა მაინც არ იქნება დაცული სურსათზე ფასების ზრდისგან.