Virgin Galactic-ი პირველ კომერციულ ტურისტულ კოსმოსურ ფრენას ივნისში გეგმავს

Virgin Galactic-ი პირველ კომერციულ ტურისტულ კოსმოსურ ფრენას ივნისში გეგმავს

Virgin Galactic-ი მიმდინარე თვეში კოსმოსში კიდევ ერთი არაკომერციული გაფრენისთვის ემზადება და საკუთარ ვებგვერდზე, მაისის ბოლოსთვის, VSS Unity-ის რიგით მეხუთე კოსმოსურ ფრენას აანონსებს. წარმატებული მისიის შემთხვევაში, Virgin Galactic-ი ივნისში უკვე პირველ კომერციულ ფრენასაც განახორციელებს.

ცნობისთვის, მაისში დაგეგმილი ფრენა კოსმოსური ტურისტული ფირმისთვის 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველი იქნება. 2021 წელს, სუბორბიტულ სივრცეში Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი ეკიპაჟის სამ წევრთან ერთად გაფრინდა. VSS Unity-ის ყველა ფრენა ამ დრომდე მხოლოდ სატესტო კამპანიის ფარგლებში ხორციელდებოდა და ამ მხრივ გამონაკლისი არც მაისში ჩანიშნული ფრენა, Unity 25 იქნება. თუმცა სავარაუდოა, რომ Unity 25 იქნება ბოლო საცდელი ფრენა, ვიდრე კომპანია კოსმოსური ტურიზმის სერვისების სრულ ფუნქციონირებას დაიწყებდეს.

„ივნისის ბოლოსთვის, კომერციული სერვისების გახსნამდე, Unity 25 კოსმოსური ფრენის სისტემისა და ასტრონავტების გამოცდილების საბოლოო შეფასება იქნება“, – ვკითხულობთ Virgin Galactic-ის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. Unity 25-ის მისიაში, Virgin Galactic-ი კოსმოსში კომპანიის თანამშრომლებსა და ორ პილოტს გაგზავნის.

ცნობისთვის, კომპანია პილოტირებად კოსმოსურ თვითმფრინავს, VSS Unity-სა და საბორტო თვითმფრინავს, სახელად VMS Eve-ს იყენებს. კოსმოსური თვითმფრინავის გამოშვებამდე, რომელიც შემდეგ სუბორბიტულ სივრცეში გადადის, Eve-ი Unity-ს ზღვის დონიდან 15,000 მეტრის სიმაღლეზე სწევს. კონკურენტ Blue Origin-ის New Shepard-ის მსგავსად, რომელიც Unity-ზე ოდნავ მაღლა ადის, Virgin Galactic-ის აპარატით ბორტზე მყოფი მგზავრები დედამიწაზე დაბრუნებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობის მდგომარეობაში იმყოფებიან.