ფაუჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნიღბების ტარება სეზონური გახდეს

ფაუჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნიღბების ტარება სეზონური გახდეს

ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ ადამიანებმა რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონებში პირბადეები შესაძლოა, საკუთარი სურვილით ატარონ.

ფაუჩის განცხადებით, საზოგადოება ნიღბების ტარებას უკვე მიეჩვია, რამაც ვირუსების გავრცელებას შეუშალა ხელი. „წელს გრიპის პრაქტიკულად არარსებული სეზონი გვქონდა“, – ამბობს ენტონი ფაუჩი. აღსანიშნავია, რომ რესპირატორული დაავადებები, ვირუსები, მათ შორის გრიპიც კი, რომლითაც ყოველწლიურად ათობით ბავშვი იღუპებოდა, პრაქტიკულად გაქრა და წელს გრიპით ბავშვის გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დარეგისტრირდა. მოსახლეობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით იცავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს. აქედან გამომდინარე, ინფექციური დაავადებების წამყვანმა ექიმმა NBC-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სავარაუდოა, მომავალი ორი წლის განმავლობაში ადამიანებმა პირბადეები გრიპის სეზონებში ატარონ.

ფაუჩიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებს ნიღბების გარეშე შეეძლებოდათ გარეთ მოძრაობა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ხალხმრავალ ადგილებში მოსახლეობას კვლავ პირბადეების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ნიღბების ტარების საკითხი აშშ-ში პანდემიის დაწყებიდანვე  პოლიტიკური დავის საკითხი იყო. საბოლოოდ, პრეზიდენტმა ბაიდენმა დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების შესახებ ბრძანებას ფიციდან ერთი დღის შემდეგ მოაწერა ხელი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დღეს კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზით ზრდასრული მოსახლეობის 58%-ია აცრილი. ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობის დაბრუნება მომავალი დედის დღისთვის იქნება შესაძლებელი.