„ფეისბუქის“ ამერიკაში მომუშავე თანამშრომლები ოფისებს 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდებიან, მიზეზი კოვიდ-19-ის მზარდი სტატისტიკაა, – ამის შესახებ მათ ხუთშაბათს აცნობეს. „გამომდინარე იქიდან, რომ დელტა შტამის გამო, კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ჩვენი ამერიკული გუნდები ოფისებს 2022 წლის იანვრამდე არ დაუბრუნდებიან. მსგავსი სიტუაცია, სავარაუდოდ, აშშ-ის გარეთაც დაფიქსირდება. სიტუაციის მონიტორინგსა და ექსპერტებთან თანამშრომლობას განვაგრძობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ოფისებში დაბრუნების გეგმებს, პირველ რიგში, ყველას უსაფრთხოებიდან გამომდინარე დავსახავთ“, – აღნიშნა „ფეისბუქის“ პრესსპიკერმა, ტრეისი კლეიტონმა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, თანამშრომლების ნახევარის ოფისებში დაბრუნებას „ფეისბუქი“ სექტემბერში გეგმავდა, ხოლო სრულად – ოქტომბერში. კომპანიამ დასძინა, რომ ყველა თანამშრომელი ვალდებული იქნება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას და პირბადე ატაროს.
„ფეისბუქის“ ეს გადაწყვეტილება სხვა ტექნოლოგიური გიგანტების, „ამაზონისა“ და „გუგლის“ ნაბიჯების იდენტურია: კომპანიების თანამშრომლები ამერიკულ ოფისებში 2022 წლის იანვარში დაბრუნდებიან.