მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, საქართველოს მოკლევადიანი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, თავისუფლება ბაზარზეც იკიდებდა ფეხს. მასთან ერთად სერვისები, რომლებიც თანამედროვე ეკონომიკას ახასიათებს.
პირველი ქართული ბანკები
რომანოვების რუსეთში, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენისა, ფართო ვაჭრობა და ინდუსტრია მაინც ვითარდებოდა. რუსეთის იმპერიაში მეწარმეობა ევროპის განვითარებული ქვეყნებისას არ ჩამოუვარდებოდა. ამით იყო გამოწვეული ის, რომ ზუსტად XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ასპარეზზე გამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ სფეროებში იყვნენ ჩართულნი და ჩვენთვის დღეს ცნობილ ქართულ ბრენდებს ქმნიდნენ. ფართოდ გამოიყენებოდა წარმოების ქარხნული მეთოდები, რუსეთსა და დასავლეთ ევროპიდან ახალი ტექნოლოგიები შემოდიოდა. ამ პერიოდიდან ქართული ნაწარმი, რუსეთის იმპერიის გარდა, მახლობელ აღმოსავლეთსა და ევროპაშიც ფართოდ ვრცელდებოდა.
მიუხედავად ამ წარმატებებისა, მეწარმეობის შემდგომი განვითარებისთვის საჭირო იყო დიდი თანხები, რამაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში პირველი ფულის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობების შექმნა განაპირობა.
ერთ-ერთი პირველი იყო 1866 წელს დუშეთის მაზრის სოფელ მლეთაში გახსნილი ასეთი ამხანაგობა. 1870-1880-იან წლებში ოცდაათამდე მსგავსი ამხანაგობა იყო დაარსებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი უმეტესობა, თანხების სიმცირის გამო, მალევე იხურებოდა. მიუხედავად ამისა, 1900 წლისათვის მარტო დასავლეთ საქართველოში ფულის შემნახველ-გამსესხებელი 24 ამხანაგობა არსებობდა. სხვადასხვა მონაცემით, ოცი ასეთი ამხანაგობის საპაიო კაპიტალი 112,722 მანეთი იყო, სესხად გაცემული თანხა – 106,003 მანეთი, ხოლო წლიური წმინდა მოგება – 15,392 მანეთი.
ფულის შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობების პარალელურად საქართველოში იქმნებოდა ბანკებიც. ასე 1866 წელს თბილისში გაიხსნა სახელმწიფო ბანკის განყოფილება, რომელსაც შემდგომ მოჰყვა ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში. 1871 წელს კი დაარსდა თბილისის კომერციული ბანკი. კომერციულ ბანკს ბევრი ფილიალი ჰქონდა გახსნილი კავკასიის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბაქო, ბათუმი, ერევანი და გროზნო. ბრძანება ბანკის დაარსების შესახებ გაიცა 1871 წლის 21 მაისს, ხოლო მუშაობა 1872 წლის 24 იანვრიდან დაიწყო. ბანკის ფილიალები ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა კრედიტის მისაღებად მინიმალური ბიუროკრატიული შეფერხებების გამო.
თბილისის კომერციული ბანკი მთელ სამხრეთ კავკასიაში ცნობილმა თბილისელმა მსხვილმა ვაჭრებმა, მრეწველებმა და მოიჯარადრეებმა (ე. დავითაშვილი, ა. ევანგულაშვილი, მ. ალიხანოვი, ი. ამირაღოვი, ი. ანანოვი, ნ. ბეგთაბეგოვი, ე. ეჯუბოვი, ი. ზუბალაშვილი, პ. ნადირაძე, ა. ონიკაშვილი, პ. ნაკაშიძე, ნ. ფრიდონოვი, იზმიროვები, ყორღანოვები, მირიმანოვები და სხვ.) დააარსეს. მათ ბანკის ძირითადი კაპიტალისათვის 500 ათასი მანეთი გაიღეს. მომდევნო ხანებში ბანკის გამგეობამ გამოუშვა დამატებითი აქციები და ძირითადი კაპიტალი ერთ მლნ მანეთამდე აიყვანა. 1872 დან 1896 წლამდე თბილისის კომერციული ბანკის ოპერაციები დებეტსა და კრედიტში 15 მლნ მანეთიდან 157 მლნ მანეთამდე გაიზარდა. ბანკი აწარმოებდა თამასუქების დისკონტს, იღებდა ანაბრებს, გასცემდა სესხს და სხვ. 1874 წელს ბანკმა სესხად გასცა 1,4 მლნ, 1896 წელს კი 16 მლნ მანეთი.
1873 წელს დაარსდა ურთიერთდამკრედიტებელი საზოგადოება, რომლის ფილიალებიც ფოთში, ქუთაისში, ჭიათურასა და ზოგ სხვა დაბა-ქალაქში გაიხსნა.
სოფლად საკრედიტო დაწესებულებების გამრავლებამ ეტაპობრივად შეავიწროვა სავახშო კაპიტალის მოქმედების არეალი. მსხვილი ვაჭარ-მევახშეები იძულებული იყვნენ, შეჰგუებოდნენ ახალ პირობებს და თავიანთი საქმიანობა კაპიტალისტურ ყაიდაზე გარდაექმნათ. ასე, მაგალითად, 1880-იანი წლებისათვის მარტო თბილისში 7 სავაჭრო სახლი და 5 სათამასუქო ბიურო მოქმედებდა. მათი საერთო ბრუნვა 17 მლნ მანეთს შეადგენდა.
თუმცა საქართველოში გახსნილ პირველ ბანკებს შორის ჭეშმარიტად ქართულ ბანკად თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი უნდა ჩაითვალოს. მისი გახსნის თარიღი 1874 წელია, მომდევნო წელს კი ქუთაისის განყოფილება ამუშავდა.
საქართველოს საადგილმამულო ბანკების თავდაპირველ მიზანს სასოფლო-სამეურნეო კრედიტის გაცემა წარმოადგენდა, მაგრამ ვაჭრობა-მრეწველობის აღმავლობისა და ქალაქების ზრდის პირობებში მათ კომუნალური და კომერციული ბანკების ზოგი ფუნქციაც იკისრეს. 1875-1900 წლებში თბილისის საადგილმამულო ბანკმა გასცა 45 მლნ მანეთის გრძელვადიანი და 5 მლნ მანეთის მოკლევადიანი სესხი, რომელთა 80% ქალაქის მცხოვრებლებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში ქუთაისის საადგილმამულო ბანკმა სოფლის მამულების გირაოს ქვეშ სესხად გასცა 2,5 მლნ მანეთი, ქალაქელთა ქონების გირაოს ქვეშ კი – 7,2 მლნ მანეთი.
საქართველოს საკრედიტო დაწესებულებები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის კაპიტალისტური მეურნეობის სისტემებში. ისინი აწარმოებდნენ საშუამავლო ოპერაციებს, ანგარიშსწორებას სხვადასხვა ჯგუფს შორის.
1875 წლის თებერვლიდან ბანკმა ფუნქციონირება დაიწყო და მას 30 წლის განმავლობაში, 1905 წლის 23 ივნისამდე ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში. ილიას ბანკის მართვაში მისი მეგობრები დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი ეხმარებოდნენ.
ასე რომ, თანამედროვე ყაიდის ბანკები ქართული რეალობისთვის უცხო არ იყო, რასაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში რამდენიმე ასეთი ერთეულის დაარსება ადასტურებს.
პირველი სადაზღვევოები
თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი ურთიერთობების ჩამოყალიბებამ XIX საუკუნის საქართველოში საინტერესო ბიზნესის – სადაზღვევო სფეროს განვითარება გამოიწვია.
რუსეთის იმპერიაში უცხოური სადაზღვევო კომპანიების მოღვაწეობა 1885 წელს დაიწყო, როდესაც ბაზარზე გამოჩნდნენ “ნიუ-იორკი” (აშშ, 1885 წ.), “ურბენი” (საფრანგეთი, 1889 წ.), “ეკვიტებლი“ (აშშ, 1889 წ.). ეს საზოგადოებები ძირითადად დაკავებული იყვნენ სიცოცხლის დაზღვევით და მათი წილი ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო. რუსეთის იმპერიაში უცხოური სადაზღვევოები საერთო სახელმწიფოებრივ კონტროლს ექვემდებარებოდნენ. 1912 წლის დასაწყისისთვის უცხოური კომპანიები ფლობდნენ 56,286 სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომელთა საერთო ღირებულება 240 მილიონ მანეთს აღწევდა. ამავე პერიოდში რუსული სადაზღვევოები ფლობდნენ 162,638 ხელშეკრულებას, რომელთა საერთო ფასი 467 მილიონი მანეთი იყო.
საზოგადოება “ნიუ-იორკის” აქტივი 416, 773, 000 მანეთს შეადგენდა და 1900 წელს მისი არსებობა უკვე 54 წელს ითვლიდა. საზოგადოება “ნიუ-იორკი“ ასევე აზღვევდა ადამიანის სიცოცხლეს. საზოგადოების მთავარი წარმომადგენლობა სანქტ-პეტერბურგში იყო, თუმცა საქართველოს მცხოვრებლებს კონსულტაციების მიღება გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე მდებარე საზოგადოების წარმომადგენლობაში შეეძლოთ.
1917 წლის რევოლუციამდელ რუსეთში ყველაზე ცნობილი სადაზღვევო კომპანია “როსია“ იყო, რომელიც 1881 წლის მარტში დაარსდა. კომპანია ისეთმა ცნობილმა მეწარმეებმა დააფუძნეს, როგორებიც გახლდნენ გ. გინცბურგი, ნ. პოლეჟაევი, დ. პეტროკოკინო, გ. რაფალოვიჩი და ბევრი სხვა. სადაზღვევო საზოგადოების სათავო ოფისი იმპერიის დედაქალაქში, სანქტ-პეტერბუგში მდებარეობდა. საზოგადოება, ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, ძირითად აქცენტს არა უძრავი ქონების, არამედ სიცოცხლის დაზღვევაზე აკეთებდა. “როსიას” კაპიტალი 4 მილიონ მანეთს აღწევდა და მალევე კომპანია რუსეთის იმპერიაში არსებული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
კომპანია “როსია“ აზღვევდა უძრავ და მოძრავ ქონებას, ასევე ანაზღაურებდა უბედური შემთხვევებისას (მაგალითად, ხანძრისას) მიყენებულ ზარალს. “როსიას“ ერთ-ერთი ოფისი ქუთაისში, ქარვასლის ქუჩაზე მდებარეობდა, ხოლო თბილისში დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე იყო წარმოდგენილი.
სანქტ-პეტერბურგში მდებარე კომპანია “ნადეჟდა” 1847 წელს დაარსდა. მისი კაპიტალი 1,650,000 მანეთს შეადგენდა. კომპანიის მომსახურებათა ნუსხაში შედიოდა ზღვითა და ხმელეთით გაგზავნილი საქონლის დაზღვევა, რაც ძირითადად ხანძრისა და სხვა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევას გულისხმობდა.
კომპანია ასევე უზრუნველყოფდა ნებისმიერი ნივთის დანიშნულების ადგილამდე მიტანას. თბილისში ამ დაზღვევის მიღება შესაძლებელი იყო სასახლის ქუჩაზე.
კიდევ ერთი საინტერესო სადაზღვევო საზოგადოება გახლდათ 1903 წელს დაარსებული “რუსული სადაზღვევო კავშირი“, რომლის კაპიტალი 3 მილიონ მანეთს შეადგენდა. კავშირის კავკასიის განყოფილების ცენტრი თბილისში, სერგის (დღევანდელი მაჩაბლის) ქუჩის ნომერ 1-ში, მეწარმე მირზოევის სახლში მდებარეობდა.
კავშირის მიერ შემოთავაზებული მომსახურება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა ქარხნების, საცხოვრებელი თუ სხვა ტიპის შენობების ხანძრისგან დაზღვევას. ასევე არსებობდა კოლექტიური დაზღვევის შემოთავაზებაც, რაც ქარხნებში მომუშავე პერსონალის დაზღვევას ითვალისწინებდა.
საქართველოში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს შორის რუსული საზოგადოება “იაკორი“ განსაკუთრებით საინტერესო იყო. “იაკორის“ განცხადებაში მკითხველი ამოიკითხავდა შემდეგ რამეს:
“შეიძლება დაიზღვას თანხა განსაზღვრული ვადით, ასე რომ, იმ პირს, რომელმაც დაიზღვია თანხა, ანუ პოლისის პატრონს, რაკი პირობაში ნაჩვენები განსაზღვრული ვადა დასრულდება, მიეცემა ფული სრულიად; ხოლო, უკეთუ დაზღვეული პირი გარდაიცვალა პირობაში აღნიშნულ ვადამდე, მაშინ მემკვიდრენი ფულს აღარ შეიტანენ და დაზღვეულ თანხას ვადაზედ უნაკლულოდ მიიღებენ და, გარდა ამისა, საზოგადოება აძლევს ყოველ წელიწადს პოლისის პატრონს სარგებელს 5% დაზღვეულის თანხიდან“.
შემდეგ კი “იაკორის” დაზღვევის მუშაობის ერთ მაგალითს ვხვდებით:
“მამა, რომელიც 30 წლისაა, ვთქვათ, აზღვევს პატარა შვილისათვის თანხას 5,000 მანათს, იმ პირობით, რომ იგი თანხა შეიტანოს 21 წლის განმავლობაში.
ამ დაზღვევაში იმან უნდა იხადოს ყოველ ოთხ თვეში ერთხელ, – 21 წლის განმავლობაში, – 74 მანათი და 50 კაპ.
თუ ვინიცობაა მამა მოკვდა, თუნდაც დაზღვევის პირველ წელიწადსვე, შვილს ეძლევა 20 წლის განმავლობაში ყოველ წლივ სარგებელი 250 მანათი და, გარდა ამისა, რა დადგება პირობაში აღნიშნული ვადა, დაზღვეული თანხა 5,000 მანათიც მიეცემა.
უკეთუ დაზღვეული პირი იცოცხლებს აღნიშნულ ვადაზედ მეტს, მაშინ დაზღვეული თანხა ეძლევა მას, ანუ პოლისის პატრონს“.
აღნიშნული დაზღვევის მიღება შესაძლებელი იყო ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე ველიამინოვის ქუჩისა და სომხების ბაზრის კუთხეში, ნომერ 2-ში.
ყველა ზემოთ მოყვანილი მაგალითი მეტყველებს იმაზე, თუ რა განვითარებული იყო სადაზღვევო ბიზნესი XIX საუკუნის საქართველოში. კომპანიების სიმრავლე იმას მიუთითებს, რომ საქართველოში დაზღვევის მოთხოვნა საკმაოდ მაღალი გახლდათ. სადაზღვევო პოლისების არსებობას ბაზრის განვითარება, ქარხნების სიმრავლე და იქ მომუშავე პერსონალის მზარდი რაოდენობა განაპირობებდა.