რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს „კოკა-კოლას“ საქართველოში?

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს „კოკა-კოლას“ საქართველოში?

საქართველოში გამაგრილებელი სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და მან 196 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, კოკა-კოლამ პანდემიური კრიზისის მიუხედავად, გაყიდვების ზრდა შეძლო.

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2020 წელს 9.7 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. შედარებისთვის, 2019 წელს კომპანიის მოგება 11.9 მილიონი ლარი იყო. ზარალის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი გაზრდილი ფინანსური ხარჯი იყო, რამაც 40.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი იყო. რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ კი 145.3 მილიონი ლარი შეადგინა.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შესახებ

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გაზიანი სასმელებისთვის საჭირო ძირითად ნედლეულს – კონცენტრატებსა და სასმელებს Coca-Cola Company-სთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს. პირველ შეთანხმებას ხელი 1993 წელს მოეწერა და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება. ამასთან, გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში.

„2020 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) კომპანიას ბაზრის 31% უკავია და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

ჯგუფისთვის ისევე როგორც კომპანიისთვის, 2020 წელს წლიური ბრუნვა წინა წელთან შედარებით 14% და 15%-ით გაიზარდა. მიუხედავად COVID 19-ის ნეგატიური გავლენებისა, წინა წლების მსგავსად, 2020 წელს გამაგრილებელი სასმელების ბაზრის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ახალი პროდუქტების დამატება როგორიცაა მთის წყალი სხვადასხვა შეფუთვებში. ასევე, კომპანიამ ახალი მაცივრები განათავსა და მეტი ცივი პროდუქტი შესთავაზა ბაზარს,“- ნათქვამია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ 2020 წლის ანგარიშში.

2020 წლიდან კომპანიის ყველა საწარმოო ხაზი ნატახტარში მდებარე ახალ საწარმოში გადავიდა, რისთვისაც კომპანიამ ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას გერმანიის საინვესტიციო კორპორაციასთან (DEG), რომლის ფარგლებშიც კომპანიამ 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

მმართველობით ანგარიშში კომპანია აღნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა „კოკა-კოლასთვისაც“ გამოწვევას წარმოადგენს, რადგანაც კურსის არასტაბილურობამ უცხოურ ვალუტაში ნომინირებული სესხების საპროცენტო ხარჯის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

„მიუხედავად 2019 წელს უცხოური საფინანსო ინსტიტუტიდან მოძიებული საპროცენტო განაკვეთის შემცირებისა, კურსის არასტაბილურობამ გამოიწვია საპროცენტო ხარჯის მნიშვნელოვანი ზრდა ლარში, ამიტომ 2020 წელს კომპანიამ თავისი სავალუტო ვალდებულებების ნაწილის გალარება მოახდინა. მომავალ წლებში კომპანია ვარაუდობს ვალუტაში საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო დაწევას, რაც გაანეიტრალებს ვალუტის კურსის ცვლილების ნეგატიურ ეფექტს. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს გალარების ტენდენციის შენარჩუნებას რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაბამისად,“- ნათქვამია მმართველობით ანგარიშში.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აქტივების ჯამური ღირებულება 316 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის 87.47%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.