პრეზიდენტმა ბაიდენმა რეკორდული მოცულობის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა

პრეზიდენტმა ბაიდენმა რეკორდული მოცულობის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, აშშ-ის $777.7-მილიარდიანი ყოველწლიური სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ცნობისთვის, მანამდე რეკორდული სამხედრო ბიუჯეტი, $740 მილიარდის მოცულობით, ტრამპის მმართველობის ბოლო წელს დამტკიცდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონგრესმა უმრავლესობით მიიღო აღნიშნული კანონის მხარდამჭერი გადაწყვეტილება, პროგრესული და ომის მოწინააღმდეგე ჯგუფების აქტიური პროტესტის ფონზე – უკანასკნელნი სამხედრო ხარჯების შემცირებას უჭერენ მხარს.

თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს – ოფიციალურად, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს (NDAA), რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ანაზღაურების ზრდასაც ითვალისწინებს. აშშ-ის სენატმა კანონპროექტი 15 დეკემბერს 89-10-ის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატის მიერ 363-70 ხმით დამტკიცების შემდგომ მიიღო. ამასთან, კონგრესმა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილზე $24 მილიარდით მეტი  გამოყო.

პროგრესულმა ჯგუფებმა და ათობით დეპუტატმა, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, დაგმეს NDAA და მოითხოვეს თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება და მეტი თანხის გამოყოფა შიდა პრიორიტეტებისთვის, განსაკუთრებით ავღანეთიდან გასვლის შემდგომ. ისინი აპელირებენ იმ ფაქტით, რომ სოციალური ხარჯების კანონპროექტი, რომელიც ყოველწლიურად საშუალოდ $175 მილიარდს უტოლდება, სამხედრო ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი მსოფლიოში უმსხვილესია და სამჯერ აღემატება ჩინეთისას, რომელიც მეორე პოზიციას იკავებს. NDAA-ის მხარდამჭერთა დიდმა ნაწილმა, ჩინეთთან კონკურენციის ფონზე, აშშ-ის სამხედრო მოდერნიზაციაში  ახალი კანონპროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *