„ირაოს“ მთავარი რიცხვები

„ირაოს“ მთავარი რიცხვები

ანაზღაურებული 37 მლნ ლარი, 188 000-ზე მეტი ვიზიტი ოჯახის ექიმთან და 8000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მართვა – ამ მთავარი რიცხვებითა და შედეგებით ხურავს 2021 წელს ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი  „ირაო“. 17-წლიანი გამოცდილება და ცოდნა კომპანიას აძლევს საშუალებას, ბოლო პერიოდში განვითარებული გლობალური მოვლენების პირობებშიც კი შეინარჩუნოს ევროპული სტანდარტი და ხარისხი.

პანდემიის არაერთი ტალღის  მიუხედავად, „ირაომ“ მომხმარებლებისთვის  სერვისის შეფერხებების გარეშე მიწოდება შეძლო. პანდემიის პიკის პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მომართვიანობა სადაზღვევო სერვისებზე, კომპანიის ცხელი ხაზი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა. 11 თვის შედეგებით, ცხელი ხაზის ოპერატორებმა შეუფერხებლად 225 000-მდე ზარს უპასუხეს.

„განსაკუთრებული მოთხოვნა, პანდემიიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებზე შეინიშნებოდა – „ირაოს“ პორტფელის 48% სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის. კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად საგრძნობლად მოიმატა მოთხოვნამ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე „პულსი“, რომელსაც „ირაო“ 2020 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

„ირაო“ მომხმარებლებს სთავაზობს თითქმის ყველა სახის სადაზღვევო პროდუქტს – როგორც კორპორაციული, ასევე საცალო მიმართულებით. 2021 წლის 11 თვის შედეგების მიხედვით, „ირაოს“ საცალო სეგმენტში 51 ათასამდე პოლისი აქვს გაცემული, ხოლო კორპორაციულ სეგმენტში – 95 ათასამდე. საცალო სეგმენტში ყველაზე დიდი წილი ავტოდაზღვევაზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი სადაზღვევო სექტორი მომართული იყო პანდემიის გამოწვევების გამკლავებისა და მომსახურების ხარისხის შენარჩუნებისკენ, „ირაომ“ ამ რთულ პერიოდშიც კი  მოახერხა, სიახლე შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის და ჩაეშვა ბაზრისათვის სრულიად ახალი პროდუქტი – „შინაური ცხოველების დაზღვევა“ (Pet insurance), რომელმაც საქართველოში საკმაო ინტერესი გამოიწვია.

2021 წელს „ირაო“ ციფრული მიმართულებითაც მნიშვნელოვნად განვითარდა. სადაზღვევო კომპანიამ სწორედ 2021 წლის დასაწყისში აამოქმედა მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ისეთი მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორიცაა ანაზღაურებისა და საგარანტიო წერილის დისტანციურად მოთხოვნა, პოლისის დეტალების ნახვა და თანხის გადახდა. ეს სერვისები მომხმარებლებს საგრძნობლად უზოგავს დროს და საკმაოდ ღირებულია მათთვის. კომპანია გაჩერებას არ აპირებს და 2022 წელს აპლიკაციისთვის სხვა საჭირო და საინტერესო ფუნქციების დამატებასაც გეგმავს.

ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან მზარდია ონლაინსერვისების მომხმარებელთა რაოდენობა, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს. გასულ წელთან შედარებით, „ირაოს“ ონლაინპორტალის მომხმარებელთა რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. მობილური აპლიკაცია წლის დასაწყისში ამოქმედდა და ბოლო 6 თვის მაჩვენებლებით მისი მოხმარება თითქმის 2,5-ჯერ არის გაზრდილი. „ჩვენი კომპანია ფოკუსირებულია, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადავიდეს ციფრულ მომსახურებაზე, ამისთვის კი ციფრულ სერვისებს მაქსიმალურად მოსახერხებელსა და მარტივს ვხდით“, – განაცხადა „ირაოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ დეკანოსიძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ირაო“ გაზრდილი კაპიტალით ხვდება ახალ რეგულაციას, რომელიც საქართველოს ბაზრის მოთამაშეებს კაპიტალის ზრდას 7.2 მილიონამდე ავალდებულებს.

მიღწევების გარდა, ბევრია გამოწვევაც, რომელთა წინაშეც არა მხოლოდ „ირაო“, არამედ მთლიანად სადაზღვევო ბაზარი დგას. გამოწვევებს შორის ალბათ წამყვანია სხვადასხვა სექტორში არსებული ინფლაცია, რომელიც სადაზღვევო პროდუქტებზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. როგორც წესი,  ინფლაციის ეფექტი სადაზღვევო ბაზარზე სადაზღვევო პროდუქტების ფასის გაძვირებაში (პრემიების ზრდით) გამოიხატება. თუმცა, მიუხედავად ამისა, „ირაო“ ფასების შენარჩუნებას ცდილობს, რათა ინფლაციური პროცესები მომხმარებლის ჯიბეზე არ აისახოს, განსაკუთრებით, –  ამ რთულ პერიოდში.

„როგორც უკვე ვახსენეთ, „ირაო“ წლიდან წლამდე ცდილობს პროდუქტისა და მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებას და მომხმარებლისთვის უფრო მეტი ღირებულების შექმნას. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებს მივაწოდოთ ისეთი სერვისი, როგორიც ჭეშმარიტ ევროპულ კომპანიას შეესაბამება“, – განაცხადა „ირაოს“ გენერალურმა დირექტორმა. 2022 წელს „ირაოს“ გუნდი კიდევ უფრო დიდი და ამბიციური გეგმებით ხვდება. „მომხმარებლისთვის უფრო მეტად დახვეწილი და მათ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზება ისე, რომ მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივდეთ ყოველდღიური ცხოვრება და, რაც მთავარია, რეალურად დაიცვას ისინი ეკონომიკური რყევებისაგან“, – აცხადებს „ირაოს“ გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *