ქალაქების გარდაქმნის მისია

ქალაქების გარდაქმნის მისია
€7.6 მილიარდად შეფასებული ესტონური ტექნოლოგიური კომპანია BOLT-ი მსოფლიოში გადაადგილების კულტურას ცვლის. ამ მისიას საქართველოში ბესიკ პაპიაშვილი პროფესიონალთა გუნდთან ერთად უძღვება.

2013 წელს ესტონურ ტექნოლოგიურ სტარტაპთან პარტნიორობით ბესიკ პაპიაშვილმა თბილისის მცხოვრებლებისთვის კომფორტული გადაადგილების უალტერნატივო სერვისის შეთავაზება გადაწყვიტა.

10 წლის შემდეგ „ბოლტი“ დედაქალაქის გარდა საქართველოს 11 ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი. კომპანიის გამოცდილების, საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მისი თანადამფუძნებელი და დირექტორი, ბესიკ პაპიაშვილი გვიყვება.

და­ვიწყოთ თა­ვი­დან — რო­გორ გაჩ­ნ­და სა­ქარ­თ­ველო­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტი­სა და პი­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სერ­ვი­სის და­ნერ­გვის იდე­ა?

ყველაფერი 2013 წელს დაიწყო. ბრიტანეთის საელჩოში მუშაობისას, კოლეგასთან ერთად დავაფუძნე კომპანია, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობდა. ამ პერიოდში რამდენიმე პროექტზე ვიმუშავეთ, ძირითადად – ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებზე, თუმცა აღნიშნულ პროდუქტებს აკლდა ყველაზე მთავარი — მომხმარებლების რეალურ საჭიროებებსა და პრობლემებს არცერთი პროექტი არ აგვარებდა და მათ უფრო მეტად საინფორმაციო დატვირთვა ჰქონდათ, ვიდრე რამე კონკრეტული ღირებულება, რაც მომხმარებელთა ცხოვრებას უკეთესს და კომფორტულს გახდიდა.

ამავე პერიოდში გლობალურ ბაზარზე ექსპანსიას გეგმავდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Uber-ი. ვიფიქრეთ, რომ ამ მიმართულებით სერვისის დანერგვა საქართველოში საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა. ამასთან, იმ დროისთვის, ტაქსების ინდუსტრიაში სრული ქაოსი იყო, დედაქალაქსა და სხვა მსხვილ ქალაქებში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად არ ფუნქციონირებდა.

ამ ახალ შესაძლებლობაზე ფიქრისა და მუშაობის შემდეგ თავდაპირველი გადაწყვეტილება შევცვალეთ და პარტნიორობა ესტონურ ტექნოლოგიურ სტარტაპთან დავიწყეთ.

„ბოლტი“ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 2014 წელს შე­მო­იყ­ვა­ნეთ — რო­გორ შე­ა­ჯა­მებ­დით გა­სულ 9-წლიან პე­რი­ოდს და თქვე­ნი გუნ­დის საქ­მი­ა­ნო­ბას?

Bolt-ის საქართველოში შემოყვანამდე, მაშინ ორმა პარტნიორმა, კიდევ ერთი პარტნიორი – იმ დროს ჩემი მეგობარი – დავიმატეთ და დავნერგეთ ჩვენი მომსახურება. Bolt Georgia-ს თავგადასავალი თბილისში დაიწყო და ეს სულაც არ ყოფილა მარტივი გზა.

ყველაზე რთული ამოცანა პარტნიორი მძღოლების მოძიება და მათი რეგისტრირება აღმოჩნდა. მახსოვს, ერთ-ერთ შაბათ დღეს მეგობრის ტრენინგცენტრში ვთხოვე მოსვლა 20-მდე მძღოლს, რათა დამერეგისტრირებინა და შემდეგ ტრენინგი გაევლოთ. იმ დღეს არავინ მოვიდა. თუმცა ხელი არ ჩაგვიქნევია, დარწმუნებულები ვიყავით, რომ საქართველო გამონაკლისი არ იქნებოდა და სერვისი აქაც იმუშავებდა. დავიწყე ქუჩა-ქუჩა სიარული და მძღოლებთან პირისპირ გასაუბრება, მათი სისტემაში რეგისტრაცია. ეს მიდგომა ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა, შესაბამისად, ასე, სათითაოდ შევაგროვეთ მძღოლები.

ცხრა წლის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, ზრდა ან განვითარება შეგვეწყვიტა. უამრავი დაბრკოლების გადალახვასა და კომპანიის პროგრესში უდიდესი წვლილი კომპანიის გუნდმა შეიტანა.

როდესაც ვიწყებდით ბიზნესს, ტალანტების მოზიდვა განსაკუთრებით რთული იყო. დამწყები კომპანიის მიმართ ინტერესი და ნდობა ნაკლები იყო. თუმცა, ვფიქრობ, ეს ცუდი სულაც არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ ისეთი პროფესიონალები, რომელთაც სჯეროდათ ამ ბიზნესის განვითარების და მოწადინებულები იყვნენ, ერთი მხრივ, შეექმნათ ისეთი სერვისი, რომელიც ქალაქისთვის სასარგებლო იქნებოდა და პარტნიორ მძღოლებს დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაეხმარებოდა, მეორე მხრივ კი მგზავრებისთვის შეეთავაზებინათ ხარისხიანი მომსახურება.

„ბოლტის“ კორპორაციული კულტურა ფოკუსირებულია გუნდის წევრების ზრდასა და განვითარებაზე. ჩვენი ბიზნესისა და საოპერაციო საქმიანობის განვითარება წარმოუდგენელია გუნდის თითოეული წევრის განვითარების გარეშე. სიამაყით აღვნიშნავ ხოლმე, რომ კომპანიაში მენეჯერულ როლში დასაქმებული პროფესიონალების 80%-ზე მეტი ჩვენს კომპანიას დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე შემოუერთდა.

გუნდის წევრების მხარდაჭერაში მნიშვნელოვნად გვეხმარება კომპანიაში დანერგილი ე.წ. Performance Management-ის სისტემა. აღნიშნული მიდგომა გვეხმარება თანაგუნდელების ძლიერი მხარეებისა და ინტერესების გამოკვეთასა და ამ მიმართულებით განვითარებაში. მაგალითისთვის, თუკი თანამშრომელს აინტერესებს ანალიტიკური უნარების განვითარება, მას აქვს საშუალება, ჩაერთოს პროექტებში და ისეთ გუნდებთან იმუშაოს, რომლებიც საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.

მიუხედავად წარმატებული საოპერაციო საქმიანობისა და გუნდის ეფექტიანობისა, კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ტალანტების მოძიება. ამ გამოწვევის დაძლევას და პოზიტიური შედეგების მიღწევას ტექნოლოგიების გამოყენებითა და პროცესების ოპტიმიზაციით ვცდილობთ.

დღეს რავი­თა­რე­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რამ­დე­ნად გაჯე­რე­ბუ­ლია ბა­ზა­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ კონკურენტი არ გვყავდა. თუმცა ეს პრობლემა უფრო იყო, ვიდრე ხელშემწყობი ფაქტორი. იმ დროისთვის თბილისში არც მძღოლებმა და არც მგზავრებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა ესარგებლათ ჩვენი სერვისით. ძალიან მცირე იყო სმარტფონიანი ტაქსის მძღოლების წილიც. შესაბამისად, სწრაფი ექსპანსია ლიმიტირებულიც კი იყო.

ამასთან, Bolt-ი სიახლე იყო თავად მომხმარებლის გამოცდილების თვალსაზრისითაც. მგზავრებისთვის უცხო იყო ასეთი მარტივი და ციფრული პროცესით რეალური სერვისის მიღება — სიახლე იყო ერთი „კლიკით“ სასურველ მისამართზე ავტომობილის გამოძახება. ამიტომ თავიდან ძალიან ბევრი გაუქმებული შეკვეთა გვქონდა.

დროსთან ერთად ვითარდებოდა ბაზარი და გამოჩნდნენ კონკურენტებიც, რომლებიც საკუთარ რესურსს ხარჯავდნენ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებისთვის, შესაბამისად, ე.წ. Market Education-ი გაფართოვდა და გაიზარდა თავად ბაზრის ზომაც.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ქალაქებისკენ მიგრაციის მზარდი ტენდენციაა, ბაზრის გაჯერებაზე საუბარი ნაადრევი გვგონია. ქალაქების ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა ჩვენს სერვისებზეც, შესაბამისად, უპირატესი საზრუნავი ამ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა.

რამ­დე­ნად ეკო­მე­გობ­რუ­ლია თქვე­ნი სერ­ვი­სი და რა კონ­კ­რე­ტულ ნა­ბი­ჯებს დგამთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

როგორც უკვე აღვნიშნე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია და ეს ძირითადად შიდა მიგრაციის ხარჯზე ხდება. ასევე, სეზონურად ემატება ტურისტების მიერ გენერირებული მოთხოვნა. ამ პროცესთან გასამკლავებლად ჩვენ და ზოგადად ქალაქმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ.

წლიდან წლამდე ქალაქში მანქანით გადაადგილების საშუალო სიჩქარე მცირდება, რაც მიანიშნებს, რომ საავტომობილო გზებზე გადატვირთულობა იმატებს. შედეგად, ქალაქში მობილობა ფერხდება, საჭირო დროსა და ადგილას ვერ გადავადგილდებით სწრაფად და კომფორტულად. პირად დისკომფორტთან ერთად, რომელიც გზების გადატვირთულობას ახლავს თან, გვაქვს კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა და ეს ეკოლოგიური ფაქტორია.

ჩვენ 2022 წლიდან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ლოკაციაზე დავამონტაჟეთ ჰაერის დაბინძურების გამზომი სენსორები, რომლებიც ავტომობილების გამონაბოლქვსაც ზომავს ჰაერში. ჩვენ ვზომავთ NO2 -ს (აზოტის დიოქსიდი), რომელიც ატმოსფეროში უშუალოდ საწვავის წვის შედეგად ხვდება, და O3 -ს (ოზონი), რომელიც უკვე ავტომობილების გამონაბოლქვზე UV დასხივების შედეგად წარმოიქმნება. თბილისში, ჩვენი დაკვირვებით, ოზონის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია. ამჟამად ასეთი მოცემულობაა: ერთი მხრივ, ქალაქი გაჯერებულია ავტომობილებით და წლიდან წლამდე იკლებს მობილობა, ხოლო მეორე მხრივ ჰაერში მავნე აირების კონცენტრაცია იზრდება. თუკი რადიკალურ და ქმედით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენი უმოქმედობით მომავალ თაობებს შევუქმნით საფრთხეს.

„ჩვენი კომპანიის განვითარებისა და წარმატების მთავა­რი რეცეპტი გუნდია. ჩვენი ყველა შედეგი წარმოუდგენ­ლად ძლიერი, მოტივირებული და განვითარების წყურვი­ლით შეპყრობილი გუნდის მიერ არის მოპოვებული“.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? პირველ რიგში, ეკომეგობრული ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა გახდეს პრიორიტეტი. ამ მხრივ, ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. პირველებმა დავამატეთ ელექტრომობილების კატეგორია — სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის ელექტრომობილებით მგზავრობების წილი საერთო მგზავრობებში მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

დღეს, სამწუხაროდ, ელექტრომობილები ნაკლებად არის ხელმისაწვდომი და ბევრი მძღოლისთვის ფუფუნებას წარმოადგენს. ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო წამოიწყებს სუბსიდირების პროგრამას ან შესთავაზებს მძღოლებს დამატებით გზებს, თუ როგორ შეიძლება, აღნიშნული კატეგორიის ავტომობილების შეძენა და ფლობა წახალისდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯერ ინფრასტრუქტურის მოწყობაში უნდა დაიხარჯოს რესურსები.

ასევე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოდიფიცირება იმგვარად, რომ ქალაქის ყველა ქუჩაზე იყოს შესაძლებელი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ველოსიპედებით გადაადგილება. მაგალითი შეგვიძლია მრავალი ევროპული ქალაქიდან ავიღოთ და ყველამ ერთად ვიმუშაოთ ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. ამისთვის მეტი უნდა ვიაროთ ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ მიზნის მიღწევაში სახელმწიფოს როლი უფრო დიდი და მნიშვნელოვანია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ტექნოლოგიები. ბოლო წლებში საკუთარი ტექნოლოგიებისა და სისტემების განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა, ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტები დაგვენერგა, რომლებიც აქამდე წარმოუდგენელი იყო. მაგალითად, ათი წლის წინ ტაქსის გამოძახებისას მგზავრს ხშირად დიდი ხნით უწევდა ლოდინი, ვინაიდან შეკვეთების გადაცემის ლოგიკა არ იყო ოპტიმიზებული, ამასთან, იყო მრავალი სისტემური ხარვეზიც, რაც დისპეტჩერების მიერ შეკვეთების არაეფექტიან გადანაწილებაში აისახებოდა. დღეს გამოძახების ადგილზე მძღოლის მისვლის დრო ორიდან ხუთ წუთამდე მერყეობს და მომხმარებლების მოლოდინი ხარისხთან მიმართებით მკვეთრად გაიზარდა. ავტომობილის გამოძახებიდან მალევე მოსვლა ჩვეულებრივი მოცემულობა გახდა. ეს ქალაქზეც პოზიტიურად აისახება — მძღოლებს მგზავრის ასაყვანად ნაკლები მანძილის გავლა უწევთ. ოპტიმიზებულია GPSსისტემები და რუკებიც, რაც მძღოლს ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს. ერთიანობაში, ამგვარი ტექნოლოგიური გადაწყვეტებიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ქალაქის ეკოლოგიაზე.

Bolt-ი გლო­ბა­ლუ­რად სხვა სერ­ვი­სებ­საც სთა­ვაზობს მომ­ხ­მა­რებ­ლებს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სიახ­ლე­ებს უნ­და ვე­ლო­დოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?

Bolt-ი 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჯამში 500-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. კომპანია ყველა ქალაქში წარმოდგენილია მგზავრის გადაყვანის სერვისით, თუმცა გარკვეულ ქვეყნებში ხელმისაწვდომია სხვა სერვისებიც, როგორიცაა საკვების მიტანის სერვისი, ელექტროსკუტერები თუ ე.წ. მანქანის გაზიარების სერვისი. ამასთან, Bolt-ის ყველა ახალი სერვისი კომპანიის სამშობლოში, ესტონეთში, ტალინში იტესტება. ამ ეტაპზე, საქართველოში Bolt-ი წარმოდგენილია მგზავრის გადაყვანისა და საკვების მიტანის სერვისებით. დამატებითი სერვისების ექსპანსიაზე მსჯელობა არ გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში შესაძლოა, სხვა ინოვაციური სერვისის გამოჩენასაც ველოდოთ.

გე­ოგ­რა­ფი­ულ ექ­ს­პან­სი­ას თუ გეგ­მავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს შიგნით ექსპანსიას – ამ დროისთვის „ბოლტი“ 11 ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, მათ შორის სეზონურ კურორტებზეც: ბაკურიანსა და გუდაურში. შესაბამისად, უახლოეს გეგმებში გეოგრაფიული გაფართოება არ იგეგმება.

რო­გო­რია კომ­პა­ნი­ის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი საქარ­თ­ვე­ლო­ში?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება: კიდევ უფრო მეტი ზრდა – რაც მეტი პარტნიორი მძღოლისთვის მეტი შესაძლებლობების საშუალებას ნიშნავს, ხოლო მგზავრებისთვის კიდევ უფრო სანდო, კომფორტული და მოსახერხებელი სერვისის მიწოდებას.

ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია Bolt Business-ის მიმართულების განვითარება. კონკრეტულად ეს პროდუქტი კომპანიებისთვის შექმნილი სერვისია, რომელიც კლიენტს ხარჯების ეფექტიანად კონტროლის საშუალებას აძლევს. აღნიშნულ სერვისს უკვე იყენებს 2000-მდე კომპანია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა გვჯერა, რომ განვითარების ბოლო წერტილისთვის ჯერ არ მიგვიღწევია.

დაბოლოს, რა არის „ბოლტის“ წარ­მა­ტე­ბის მთავა­რი მი­ზე­ზი?

მე მიმაჩნია, რომ ჩვენი კომპანიის განვითარებისა და წარმატების მთავარი რეცეპტი გუნდია. ჩვენი ყველა შედეგი წარმოუდგენლად ძლიერი, მოტივირებული და განვითარების წყურვილით შეპყრობილი გუნდის მიერ არის მოპოვებული. ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა ასეთ ხალხთან ერთად ყოფნა და იმ მისიაზე მუშაობა, რაც ქალაქში გადაადგილების კულტურის შეცვლას გულისხმობს.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

Comments are closed.