ივნისში საქართველოს ჰიდროგენერაციამ თითქმის სრულად დააკმაყოფილა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მთლიან მიწოდებაში 99.1% შეადგინა. ახალი ქარის ელექტროსადგურის გამომუშავების წილი მთლიან მიწოდებაში 0.8% იყო. ივნისში ადგილობრივი გენერაციის 20.9% გავიდა ექსპორტზე. G&T-ის ინფორმაციით, ჯამური ჰიდროგენერაცია გაიზარდა მხოლოდ 3.4%-ით. დერეგულირებული სადგურების ჯამური წარმოება გაზრდილია წლიურად 22.7%-ით, რაც ამ კატეგორიაში 2016 წლის ბოლოს დამატებული მსხვილი ჰიდროსადგურების (108.0 მგვტ. დარიალი და 47.5 მგვტ. ხელვაჩაური) ინტეგრირების შედეგია.
ამასთან, ენგურის და ვარდნილის წარმოება გაიზარდა 1.8%-ით, ხოლო დანარჩენი რეგულირებული სადგურების წარმოება შემცირდა 1.8%-ით. გარანტირებული სიმძლავრის საფასური განახევრდა (-50.5% წ/წ) და 0.39 აშშ ცენტი შეადგინა კვტ.სთ.-ზე. გარანტირებული სიმძლავრის საფასურის შემცირება განპირობებული იყო ახალი გარდაბნის თბოსადგურის და მე-3 ბლოკის სარემონტო სამუშაოებით მთელი თვის განმავლობაში, რომლის დროსაც მათ არ ერიცხებოდათ გარანტირებული სიმძლავრის საფასური. დანარჩენმა სამმა შესაბამისი სტატუსის მქონე თბოსადგურმა გარანტირებული სიმძლავრე ქსელს მთელი თვის განმავლობაში მიაწოდეს.