ქართული ბანკების მოგება რეკორდულია

ქართული ბანკების მოგება რეკორდულია

სა­ბან­კო სის­ტე­მა­ში მო­გე­ბა დაბ­რუნ­და – 2021 წელს ქვეყანაში მოქმედ თოთხმეტ კომერციულ ბანკში ჯამური მოგება 2 მილიარდ ლარს აჭარბებდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.3 მილიარდი ლარით, ანუ 180%-ით მეტი იყო.

ბანკების მოგება არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც რეკორდულად დიდი იყო. მაგალითად, 2019 წელს საბანკო სისტემის მოგება 1.25 მლრდ ლარს შეადგენდა, ეს კი გასული წლის მოგებაზე 65%-ით ნაკლებია.

რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზეც გავრცელდება, შესაბამისად, წელს ეკონომიკის აღდგენა არ იქნება ისეთი, როგორსაც თავდაპირველად პროგნოზირებდნენ. წამყვანი საინვესტიციო ბანკების შეფასებით, თუკი აქამდე ქვეყანაში ზრდა 5.5-6%-ის დიაპაზონში იყო მოსალოდნელი, წელს ის 2-3 პროცენტული პუნქტით მაინც შემცირდება, ხოლო კონფლიქტის თვეობით გაგრძელების შემთხვევაში ის კიდევ უფრო მეტად დაიკლებს. ასევე ლარის გაცვლითი კურსიც, რომელიც შედარებით გამყარებულ დონეზე იყო შენარჩუნებული, შედარებით გაუფასურდება. ეს ყველაფერი საბანკო სისტემაზეც მოახდენს გავლენას, მათ შორის ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს სავალუტო სესხების მომსახურებას გაურთულებს. პარალელურად, ნედლეულის ფასების კიდევ უფრო მეტად გაზრდა ინფლაციაზე დამატებით წნეხს იქონიებს, ეს კი მოქალაქეთა განკარგვად შემოსავლებს დამატებით შეამცირებს.

ეროვნული ბანკის შეფასებით, საფინანსო სისტემაში დაგროვილია საკმარისი მოცულობის კაპიტალის ბუფერები იმისთვის, რომ ბანკებმა კრიზისი დიდი დანაკარგების გარეშე გადალახონ. კონფლიქტი უკვე აისახა ბანკებზე, კერძოდ კი სანქცირებული VTB ბანკის ქართული საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი უკვე გასხვისდა. სანქციების დაწესებამდე VTB ბანკის კრედიტები – 1.55 მილიარდი ლარი, დეპოზიტები კი 1.56 მილიარდი ლარი იყო. ბანკის საცალო კრედიტების პორტფელი 622 მლნ ლარის ოდენობით „ბაზისბანკმა” შეისყიდა, VTB-ის მცირე და საშუალო სესხების პორტფელმა კი „ლიბერთი ბანკში” გადაინაცვლა. შესაბამისად, წელს საბანკო სისტემაში უკვე მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა.

ამჟამად საბანკო სისტემის აქტივების მოცულობა 60 მილიარდ ლარს აჭარბებს, გაცემული კრედიტების რაოდენობა კი 43 მილიარდი ლარია.