#ერთიამბავი ტფილისური წყალდიდობისა

#ერთიამბავი ტფილისური წყალდიდობისა

„ყოველ გაზაფხულს დიდი შიში მოელის რიყის მცხოვრებთ. მტკვრის ადიდება მრავალჯერ გვინახავს, მაგრამ 1879 წელს ისე ადიდდა, რომ ენით უთქმელი და კალმით აუწერელი ზიანი მიაყენა მთელს იმ რაიონის მცხოვრებთა და მოვაჭრეთა. ავლაბრის ხიდიდან ვინც გასცქეროდა რიყეს, მარტოთ მარტო სახლების ბუხრების თავებსღა ხედავდა“, – კარაპეტ გრიგორიანცი, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“.

გაზაფხულის შემოსვლა ქალაქის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი იყო, თუმცა ყველა სიკეთესთან ერთად, ასე ნანატრი დარების დადგომა ტფილისელებს დიდ თავის ტკივილს უჩენდა.

მზე პირს მოიბრუნებდა თუ არა და თბილი დღეები დადგებოდა, თოვლი დნობას იწყებდა, რაც განაპირობებდა კიდეც იმას, რომ „ცელქმა მტკვარმა“ გაზაფხულობით „ძალიან თავის მოგიჟიანება“ იცოდა და ამ თავისი სიგიჟით „ბევრს ზარალს აძლევდა მის ნაპირებზე მცხოვრებ ხალხს“.

როგორც წესი, აპრილსა და მაისში ქალაქში დიდი „წვიმიანობა იცოდა“, რაც კიდევ უფრო ახელებდა ისედაც მოდიდებულ მტკვარს, რომელიც ტფილისში საშინელებას ატრიალებდა. ძველი ქართული პრესა აჭრელებული იყო იმ პოტენციურად საშიში ცნობებით, რაც მთებში თოვლის დნობას და, მოსალოდნელი უხვი ნალექით, მტკვრის ადიდებას უკავშირდებოდა:

„წვიმამ გასტანა მთელი დღე და ღამე, საშინელი ნიაღვარით მოაწვა ქალაქის მთების გაყოლება ნაწილებს. ვიწრო ქუჩებში ნამდვილ გაშმაგებულს მდინარესავით მოჰქუხდა გარშემო მოტიტვლებულის მთებიდამ ქვა-ლოდით უხვად შეკმაზული ნიაღვარი, უხტებოდა სარდაფებს, ამტვრევდა და აფუჭებდა, რაც რამ კი წინ დახვდებოდა“.

გაზაფხულობით მტკვრის ყოველი ადიდება ქალაქს დიდ ადამიანურ და ეკონომიკურ ზარალს უქადდა. წვიმიანობის დროს „ყოველთვის ხიფათი ეწვეოდა ხოლმე ჩვენი ქალაქის უბანთა უმეტეს ნაწილს“: წყალი საშინელი ძალით მოვარდებოდა, „მოიკავებდა“ ქალაქის, განსაკუთრებით კი რიყის ქუჩებს, შევარდებოდა სახლების სარდაფებში, დუქნებსა და ქარვასლების საწყობებში, მოიტაცებდა სახლის ავეჯს, საწყობებში დაბინავებულ საქონელს, მოგლეჯდა მტკვარზე გამართულ წისქვილებსა და ბორანს, ანგრევდა სახლებსა და ღუპავდა ადამიანებს…

13 მაისის წყალდიდობა / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

მაგალითად, როგორც გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, 1884 წლის 23 მაისს, განუწყვეტელი წვიმის შედეგად, „ავლაბარში ერთს საწყალს დედა-კაცს შევარდნია სახლში ნიაღვარი და კინაღამ თავისი ორი პატარა ყმაწვილითურთ დაუხრჩვია. ეს დედაკაცი და ყმაწვილები ტახტზე თურმე ისხდნენ და ამ დროს უცებ შევარდა ნიაღვარი ისეთი ძალით, რომ მაშინათვე ტახტი დედა-კაციანად და ბავშვებიანად ასწია მაღლა და მოიტივტივა, ასე რომ გაშტერებული დედა-კაცი და ბავშვები ზედ შერჩნენ და რამდენიმე ხანს დაცურავდნენ წყალში. მათი დაღუპვა აუცილებელი იყო თურმე. ვერც პოლიციამ და ვერც არავინ სხვამ ვერ გაბედა შველა უბედური და სასო-მიხდილი დედა-კაცისა, რომელსაც მიეკრა გულში თავის პატარა შვილები, გულის საკლავად თურმე ყვიროდა და ევედრებოდა ხალხს უბედურებისგან დახსნას.

ამ დროს, როგორც მხსნელი ანგელოზი, საიდგანღაც გაჩნდა მენახშირე, შევარდა სახლში დინჯად, გულადად, გამოიყვანა იქიდგან უბედური დედა-შვილნი და ამ დროს კიდეც ჩამოწვა ბანი. ერთი წამიც რომ დასცლოდათ, მათი დახსნა შეუძლებელიღა იყო, ჩამოქცეული ბანი ქვეშ მოიტანდა!“

კიდევ ერთი მასშტაბური წყალდიდობა 1888 წლის მაისშიც მომხდარა და ადიდებულ მტკვარს ამჯერადაც დიდი ზარალი მოუტანია ქალაქისთვის. როგორც „ივერია“ წერდა, წყალს სამი წისქვილი და შიგ მყოფი ადამიანები წაუღია; სატივოდან, სადაც ქალაქში დასაშლელად და გასაყიდად ჩამოტანილი ტივები იყრიდა თავს, მდინარეს დაახლოებით ასი ტივი მოუტაცია; რიყის დიდი ქუჩა მთლიანად წყალს დაუფარავს – „ცხენის რკინის გზის ვაგონები წყალში დასრიალებდნენ“, რიყის მცხოვრებნი კი ნავებით გადაჰყავდათ მშრალ ქუჩებზე.

„ავლაბრის ხიდთან ადიდებულს მტკვარს ისე აუწევია მაღლა, რომ ერთი საჟენი (2.134 მ.) აღარ უკლდა ხიდამდეო. ხალხი სცდილობდა დაეხედნა ამ ხიდიდამ მტკვრისათვის, მაგრამ პოლიციელები ნებას არ აძლევდნენ და ხიდზე არავის არ აჩერებდნენ. წყალმა ორთაჭალის ფიცრის ხიდი მოგლიჯა, ბაღებში ფანჩატურები და ღობეები დაგლიჯა. ხალხი ვინც ხიდ-გაღმა ბაღებში დარჩა, სახლებისა და დუქნების ბანებზე და აივნებზე ავიდა“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, მოსახლეობა დახმარებას შესაბამის უწყებებს სთხოვდა, რათა, ერთი მხრივ, რაიმე ეღონათ და მოსალოდნელი უბედურების შესახებ ტფილისელები წინასწარ გაეფრთხილებინათ, მეორე მხრივ კი სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში დახმარებოდნენ.

რიყე. მეიდნის ხიდი. 1893 წლის 13 მაისის წყალდიდობა / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

როგორც გაზეთების ფურცლებიდან ჩანს, XIX საუკუნის 70-იან წლებში, მტკვრის ადიდების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის სპეციალურ „შუშხუნაებს – რაკეტს“ აუშვებდნენ და ზარბაზანსაც ისროდნენ, რათა ტფილისელებს, განსაკუთრებით კი რიყის მცხოვრებლებს თავისთვის ეშველათ. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით, ამგვარი ზომები არცთუ შედეგიანი იყო…

უკვე აღვნიშნეთ, რომ გახშირებული წვიმები და მტკვრის ადიდება ტფილისს „ყოველ-წლივ აწიოკებდა“ და ადგილობრივებს დიდ ზარალს „აძლევდა“, თუმცა იყო გამორჩეული წლებიც, როდესაც წყალი განსაკუთრებით გაშმაგებით ერჩოდა ქალაქს.

„ფოტოგრაფმა ერმაკოვმა წყალდიდობას გადაიღო სურათები იმ ადგილებისა, რომლებიც 13 მაისს მტკვარმა წალეკა. ეს სურათები გამოფენილია ზოგიერთს მაღაზიებში სასახლის ქუჩაზედ“, – იუწყებოდა გაზეთი „ივერია“ და მიუხედავად იმისა, რომ 1893 წლის 13 მაისს ტფილისში მომხდარ წყალდიდობას, სიტყვებზე უკეთ შესაძლოა დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები ასახავს, არც იმდროინდელ პრესას დაუკლია ხელი, რომ სრული სიცხადით და მაქსიმალურად ნატურალისტურად აღეწერათ ის გაუგონარი ტრაგედია, რაც ქალაქში ხდებოდა:

„ამისთანა ამბავი ჯერ არ ნახულა და არც არავინ მოსწრებია. სწორედ წარღვნის დღეები იყო მრავალთათვის. მაისის 11, 12 და 13-ს რიცხვებში, ნიადაგ დღე-და-ღამე ლეშტერი (სეტყვის ღვარი) არ შეწყვეტილა. ქუჩის ნიაღვრები მთის ხევებს ემსგავსებოდნენ. მტკვარი ამოვიდა კალაპოტიდან და რიყის ადგილები წარღვნა. ვორონცოვის ხიდის ბურჯები დამალული იყო. მრავალი ქვითკირის შენობები წყალში იყვნენ მოქცეული. ზოგს ძირი გამოეთხარათ და სახლები ჩამოინგრნენ. ზოგიერთ ქუჩებზედ წყალი საჟენ-ნახევარ სიმაღლეზედ იდგა, ნავებით დაცურავდნენ და იფარავდნენ ოჯახობას სიკვდილისაგან. სახლების ქვემო სართულები რიყეების ალაგას წყლით აივსო და აუარება ზარალი მიეცათ ვაჭრებს. წყალმა რამდენიმე კაცის სული იმსხვერპლა, პირუტყვის ჯოგები მოიტაცა, სახერხავი ქარხნები დაანგრია, აუარება ხე-ტყე წაიღო და ქარხნების პატრონები ცარიელზედ დასვა მრავალი. შეუძლო ხალხი დარჩა თავშეუფარებელი და ყოველ ქონებისაგან გაცლილი“, – წერდა გაზეთი „კვალი“.

იმდროინდელი პრესის ცნობით, 10-დან 13 მაისის ჩათვლით, თითქმის განუწყვეტლივ წვიმდა, უშუალოდ წყალდიდობა კი 13 მაისს, შუაღამისას დაწყებულა და დილის 11 საათამდე მტკვრის დონე შეუქცევადად მატულობდა.

მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, წინა ღამით, რიყეზე ტფილისის გუბერნატორი და პოლიცმეისტერი ნავებით მისულან და მოსახლეობისთვის ურჩევიათ, ქონებას რას დაეძებთ, სახლები დატოვეთ, ეგებ თქვენ მაინც გადარჩეთო, მაგრამ ადგილობრივების დიდ ნაწილს ევაკუაციაზე უარი უთქვამს – „საცა სახლი და სარჩო-საბადებელი გვეღუპება, ჩვენც იქ დავიღუპნეთო“.

მიხეილის ხიდი. 1893 წლის 13 მაისის წყალდიდობა / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

13 მაისს, შუაღამისას, წყლის დონის კრიტიკულად მატების შესახებ ტფილისის პოლიცმეისტერისთვის უცნობებიათ, რომელიც სამხედროებთან, პოლიციის მოხელეებთან და ცეცხლის მქრობელ რაზმთან ერთად „იმ წამსვე“ რიყეზე გაჩენილა – „დააღვიძეს რიყის მცხოვრებნი და უბრძნეს თავიანთ სახლებიდგან გამოსულიყვნენ“, რათა როგორმე გადაერჩინათ.

თუმცა წყალს აბა რა შეაჩერებდა?! მტკვარმა დატბორა რიყე და ახლო-მახლო ქუჩები; როგორც ამბობდნენ, წყლის სიმაღლე ზოგან 4 მეტრს აღემატებოდა, შესაბამისად, ქუჩებზე სიარული შეუძლებელი შეიქნა, მაღაზიებში, საწყობებსა და დუქნებში საქონელი სრულად დასველდა, ნაწილი კი მდინარემ წაიღო; წალეკილ ქუჩებზე, ორსართულიანი სახლების ზემო სართულის მცხოვრებთ პურს ნავებით აწვდიდნენ…

13 მაისის წყალდიდობას დიდი უბედურება დაუტრიალებია ქალაქში:

ერთსართულიანი სახლების დიდი ნაწილისთვის საძირკველი გამოუცლია და დაუნგრევია; ძლიერ დაუზიანებია ვეტცელის ლუდის ქარხანა, ზემელის ქარხანა; ასევე, ვერაზე, სახლებთან ერთად წყალს ორი ბაღი მთლიანად წაულეკავს; საზაფხულო თეატრთან, საზაფხულო აბანოს მთელი შენობა მოუგლეჯია; სანაპიროს ქუჩაზე კი ხუროების ქარხნები წაულეკავს; მტკვარს ჩამოუქცევია მადათოვის კუნძულის ნაწილი, წაულეკავს ორთაჭალის კუნძულიც და ხიდიც.

„ავლაბრის მორევი სწორედ საშიში სანახავი იყო. წყალი ავლაბრის ხიდს უწევდა. ავლაბრისა და მეტეხის ხიდებზედ ჯარი იდგა და ხალხს არ უშვებდა ხიდზედ გაეარათ, რომ უბედურება არ მომხდარიყო. ვერის ხიდთან წყალმა მიაღწია ყორღანოვის წყლის მილამდე. რაც აქ შენობები იყო, ერთიანად წალეკა. წყალ-დიდობამ ძლიერ დააზარალა ავჭალის წყლის მილიც“.

წყალდიდობის შედეგად ძლიერ დაზარალებულა ორთაჭალის კუნძული, სადაც მდინარემ ხიდი მოგლიჯა, ასე რომ ვერც კუნძულზე გადადიოდა ვინმე და ვერც პირიქით. ორთაჭალის ბაღები და შენობები სულ ერთიანად წყლით ყოფილა დაფარული, წყლის სიმაღლე ზოგან თურმე 6 მეტრსაც კი აღწევდა:

„ცხენები და სახედრები, რომლებითაც ორთაჭალის ბაღიდგან ხილი და მწვანილი მოჰქონდათ, მტკვარმა სულ დაღუპა. ზოგი მებაღე, ვინც ბაღიდგან გამოსვლა ვერ მოასწრო, მაღლა ხის წვერზედ ავიდა და ისე გადარჩა წყალში დარჩობას“.

ასე იყო თუ ისე, 13 მაისის წყალდიდობამ საშინელი ზარალი მიაყენა ქალაქს როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით – ტფილისმა არნახული დანაკარგი ნახა, რასაც ემატებოდა შლამი და უსუფთაობა, რაც არაერთი დაავადების გამოწვევის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

ამ წყალდიდობის შემდეგ ქალაქი კი შესდგომია სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას, თუმცა, ბუნებრივია, ტფილისელებისთვის პრევენციული ღონისძიებები უფრო მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ადგილობრივმა ადმინისტრაციამ ვერც მომავალში „უპოვნა რაიმე წამალი ამ გარემოებას“.

რიყე. მეიდნის ხიდი. 1893 წლის 13 მაისის წყალდიდობა / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ბევრი იფიქრებს, ამ დამანგრეველ წყალდიდობას თვალი უნდა აეხილა მათთვის, ვისიც ჯერ არს, რომ მომდევნო გაზაფხულისთვის, მინიმუმ, უკეთ მომზადებულიყვნენ და ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა მაისის წვიმებით ადიდებულ მტკვარს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეყენებინა ქალაქისა და მოსახლეობისთვის, თუმცა როგორც 1896 წლის პოლიცმეისტერის მიერ გუბერნატორისთვის გაგზავნილი მოხსენებიდან ირკვევა, „მთლად აწიოკებისგან“ მტკვრის პირად მცხოვრებ მოქალაქეებს განგება თუ იხსნიდა, რადგან:

„ჩვენ არავითარი საჭირო იარაღი არა გვაქვსო; არა გვაქვს ნავები, რომ დარჩობისაგან ხალხი გადავარჩინოთ; არა გვაქვს ფარნები, რომ წალეკილი და წყლისგან მოოხრებული ადგილები გავანათოთ; არა გვყავს ხალხი, რომ ასეთის გაჭირვების დროს მოვიხმაროთ და სხვ.“

ამავე 1896 წელს, გაზაფხულზე, ადიდებულ მტკვარს მადათოვის კუნძულის გარშემო ნაპირები წაულეკავს, რიყე კი კვლავ წყლით გაუვსია – „ამ ადგილებში მხოლოდ ნავებით-ღა დადიან ხალხის შემწეობის აღმოსაჩენად“.

პასუხისმგებელმა პირებმა, როგორც ჩანს, მომავალ წლებში უფრო მეტად მოინდომეს და ადრეული შეტყობინების სისტემის თავისებურ ვარიანტზეც დაიწყეს ზრუნვა – „პოლიციამ დარაჯები დააყენა, რომელთაც თვალ-ყური უნდა ადევნონ მტკვარს და მომატების დროს რიყეზედ მცხოვრებელთ შეატყობინონ, რომ დროზედ გაიხიზნენ“, ასევე, „პოლიცმეისტერმა სთხოვა გორისა და ახალციხის მაზრის უფროსთ, როგორც კი შენიშნოთ მტკვრის სწრაფად მოდინება, მაცნობეთ დეპეშითაო“.

ყველაფერთან ერთად, 1898 წელს, ქალაქის გამგეობის სხდომაზე, პოლიცმეისტერის მოხსენების საფუძველზე გადაუწყვეტიათ, რომ მოსახლეობის გადასარჩენად, უკვე არსებული ნავების გარდა, სხვებიც შეეძინათ; ასევე მოემზადებინათ მაშხალები და ფარნები იმ ადგილების გასანათებლად, სადაც „შიში იქნებოდა“; საგანგებო ვითარებისას პოლიციისთვის მიეშველებინათ 50 მუშა; გამოეყოთ რამდენიმე ათეული კარავი წყალდიდობისგან დაზარალებულთათვის. თუმცა გეგმები ერთია, რეალობა, მაისის წვიმები და ადიდებული მტკვრის დამანგრეველი ძალა – მეორე…

პოლიცია და „წყალში დაღრჩობისაგან გადამრჩენელი საზოგადოება“ კი იღებდა ზომებს, უბედური შემთხვევების დროს დაზარალებულთათვის შემწეობა რომ აღმოეჩინათ, თუმცა არათუ იმ პერიოდში, ათწლეულების შემდეგაც, საბჭოთა თუ დამოუკიდებელ საქართველოში, ამგვარ სტიქიებთან გამკლავებას ვერ ვახერხებთ და შიშით ველით გაზაფხულის, განსაკუთრებით კი მაისის წვიმებს…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *