„ქართული ღვინო აშშ-ს ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ემზადება“

„ქართული ღვინო აშშ-ს ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ემზადება“

ღვინის ექსპორტს საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ეს ტენდენცია ყოველწლიურად იზრდება. იგი ქვეყნის მთლიანი საექსპორტო მოცულობის  4%-ზე მეტს შეადგენს. 2023 წლის იანვარი-მაისის პერიოდში ქართული ღვინის ექსპორტი 30%-ით, მკვეთრად გაიზარდა. პირველი ხუთი თვის განმავლობაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 103 მილიონი აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვანი ნახტომია წინა წლის იმავე პერიოდში დაფიქსირებული დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარიდან.

ნატურალური ღვინო კვლავ  საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საექსპორტო საქონლად ითვლება და ქვეყნის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სიაში მესამე ადგილს იკავებს.

ქართული ღვინის მთავარ მიმართულებად კვლავ რუსული ბაზარი რჩება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინეთისა და აშშ-ს ბაზრები მიმზიდველ ბაზრებად ყალიბდებიან.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი მოკრძალებულია, თუმცა მზარდი ტედენციებით გამოირჩევა. 2021 წლიდან 2022 წლამდე ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 7%-ზე მეტით გაიზარდა,  თუმცა იგი საქართველოს მთლიანი ღვინის ექსპორტის მხოლოდ 0.11% შეადგენს.

 

სწორედ, მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ღვინის ბაზარზე არსებული მზარდი პოტენციალის გამოყენების მიზნით, 2023 წელს მეღვინეობა „ალაზანსა“ და STORY WINERY-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც  ქართულ ღვინოზე ცნობიერების ასამაღლებლად, საქმიან და საგანმანათლებლო ვიზიტებს ითვალისწინებს.  აშშ-ის ღვინის მოყვარულთა კლუბი, 2020 წელს ამერიკულმა კომპანია STORY WINERY-მ ჩამოაყალიბა. კლუბი დღეს 500-ზე მეტ სომელიეს, ღვინის ჟურნალისტს, დისტრიბუტორს, იმპორტიორსა და ამერიკის 46 შტატში ღვინის უბრალო  მოყვარულს აერთიანებს.

მემორანდუმის თანახმად, ქართული ღვინით დაინტერესებული კლუბის წევრები საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე ეწვევიან. აქცენტები თითოეულ რეგიონსა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ღვინის მეწარმეების მხარდაჭერაზე გაკეთდება. ეს ვიზიტები კლუბის წევრებს არა მხოლოდ განსაკუთრებულ ღვინის  გამოცდილებას შესთავაზებს, არამედ ამერიკულ ღვინის საზოგადოებასა და ღვინის ქართველ მწარმოებლებს შორის ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

„დღეს ქართული ღვინის გაყიდვების 95%-ი აშშ-ს მხოლოდ ერთ ქალაქზე, ნიუ იორკზე მოდის, რაც მეტწილად საქართველოდან და აღმოსავლეთ ევროპიდან მიგრირებული მოსახლეობით არის განპირობებული. ჩვენი მიზანია, ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ყველა შტატში ავამაღლოთ. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე ვიზიტორთა უმეტესობა ამერიკის დასავლეთ სანაპიროსა და ცენტრალური შტატებიდან იქნებიან.“ – განგვიმარტა მეღვინეობა „ალაზანის“ დამფუძნებელმა, სიმონ ნადაშვილმა.

პირველი საგანმანათლებლო ვიზიტი 16-20 ივნისს შედგა და ღვინის კლუბის 21 წევრი საქართველოს პირველად ეწვია. კომპანია ალაზანისა და STORY WINERY-ს ორგანიზებით ვიზიტორები 12 შერჩეულ მცირე და საშუალო მეღვინეობას ესტუმრნენ და 100-ზე მეტი დასახელების ადგილობრივი ღვინო დააგემოვნეს. ღონისძიებას სოფელ კარდენახში მდებარე სასტუმრო კომპლექსმა „ამპელომ“ უმასპინძლა.

ამასთან, მეღვინეობა „ალაზანის“ მიერ ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტიორები რიგ მნიშვნელოვან  შემაფერხებელ გარემოებებს აწყდებიან. მთავარ გამოწვევებს შორის მაღალი ლოგისტიკური ხარჯები, აშშ-ს კანონმდებლობის სირთულე, ქართულის ღვინის დაბალი ცნობადობა და საავტორო უფლებების საკითხებია. ამ ბარიერების გადასალახად კი, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის მხრიდან მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა საჭირო. სწორედ ამ იდეით, მეღვინეობა „ალაზანმა“ სამი ძირითადი მიზანი დაისახა, რომელებიც მოიცავს: აშშ-ში ქართულ ღვინოსა და საქართველოზე არსებული ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას, განსაკუთრებით კი ცენტრალურ და დასავლეთ შტატებში; ბაზარზე შეღწევადობის გამარტივებას, იქნება ეს ლოგისტიკური საკითხები, ბიუროკრატიული პროცესების დაძლევა, დანახარჯების შემცირება თუ სხვა; და ამერიკაში ქართული ღვინის ე.წ. ჰაბის დაარსებას, რაც თავისთავად შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და გაამარტივებს აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პროცედურებსაც.

ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათი პროდუქტის აშშ-ში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანი მომხმარებელთა ბაზრისთვის მიწოდებას. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აშშ-ს ღვინის ბაზრის სტაბილური მახასიათებლები და მოთხოვნის ზრდის ტრაექტორიაც, ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზრის ზრდა 2023 – 2027 წლებში, ყოველწლიურად 5.85%-ით არის მოსალოდნელი (CAGR 2023-2027).  აღნიშნული კი, ქართული ღვინის ექსპორტიორებისთვის კარგი შესაძლებლობაა, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის ფართო მიწოდებით აშშ-ს ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდნენ.