ყირგიზეთში ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ამ ქვეყანაში 563.5 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 57.4 მლნ აშშ დოლარზე, 882%-ით მეტია.
ძირითადად, ზრდა მსუბუქი ავტომობილების ხარჯზეა, რომელიც საექსპორტო პროდუქციის სიაში პირველ ადგილზეა 493.5 მლნ აშშ დოლარით (1,135%-იანი ზრდა)
საექსპორტო საქონლის ხუთეული შემდეგნაირია:
- მსუბუქი ავტომობილები – 493.5 მლნ აშშ დოლარი;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 49.7 მლნ აშშ დოლარი;
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები – 3.2 მლნ აშშ დოლარი;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 2.8 მლნ აშშ დოლარი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები – 2.8 მლნ აშშ დოლარი.
ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტია.
ამ პერიოდში ექსპორტი 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.5%-ით), ხოლო იმპორტი 12.7 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8%-ით).
წელს ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
- თურქეთი – 2.5 მლრდ აშშ დოლარი;
- რუსეთი – 2 მლრდ აშშ დოლარი;
- აშშ – 1.7 მლრდ აშშ დოლარი;
ექსპორტის მხრივ პირველ ადგილზე აზერბაიჯანი (წილი მთლიან ექსპორტში – 14%), სომხეთი (12.9%) და ყაზახეთი (11.4%) არიან, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები – თურქეთი (წილი მთლიან იმპორტში – 16.6%), აშშ (12.5%) და რუსეთი (11.7%).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1.8 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 34.5%-ს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 450.9 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 217.3 მლნ აშშ დოლარით (4.3%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2.6 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4% შეადგინა.
მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 928.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 445.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 3.5%).