ფოტო: გიორგი ხუციშვილი
გუშინ, 5 ნოემბერს, სოციალური ქსელი საქართველოში გადაღებული იშვიათი სისხლისფერი პოლარული ციალის ფოტოებმა მოიცვა. აპოკალიფსური მოვარდისფრო-მოწითალო ნათება შეამჩნიეს სხვა ქვეყნების, მაგალითად, საბერძნეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, უკრაინისა თუ პოლონეთის მცხოვრებლებმაც. წითლად განათდა სტოუნჰენჯიც დიდ ბრიტანეთში.
როგორც წესი, ეს მოვლენა დედამიწის მაგნიტურ პოლუსებთან ასოცირდება, მაგრამ წლის სხვადასხვა პერიოდში მისი დანახვა სხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობებიდანაც შესაძლებელია.
„ავრორა“ ბუნებრივი ნათებაა, რომელიც მხოლოდ ღამით მოჩანს. ლურჯი, წითელი, ყვითელი, მწვანე და სტაფილოსფერი ფერები ნიავმონაბერი მოცეკვავე ფარდებივით ირხევიან ჰაერში და პოლარულ ციალს წარმოქმნიან.
ჩრდილოეთში მას „ავრორა ბორეალის“ ან ჩრდილოეთის ნათებას, ხოლო სამხრეთში „ავრორა ავსტრალის“ ან სამხრეთის ნათებას უწოდებენ.
ამ მაგიურ და შთამბეჭდავ მოვლენას მეცნიერული ახსნა აქვს და პროცესი იწყება მზეზე, რომელიც ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების, იონებისგან შემდგარი ცხელი გაზების ბურთია. იონებს, რომელთა ნაკადი გამუდმებით მოედინება დედამიწის ზედაპირიდან, მზიური ქარი ეწოდება.
დედამიწასთან მოახლოებისას მზიური ქარი აწყდება მაგნიტური ველის ბარიერს, რომელიც პლანეტას და მასზე არსებულ სიცოცხლეს განადგურებისგან იცავს. ქარის უმეტეს ნაწილს მაგნიტოსფერო ბლოკავს და იონები მოგზაურობას მზის სისტემაში აგრძელებენ.
იონთა მცირე ოდენობა კი იჭედება დედამიწის გარშემო არსებულ ბეჭდის ფორმის სივრცეში. ატმოსფეროს ამ ნაწილს იონოსფერო ეწოდება. იონოსფეროში მზიური ქარის იონები დედამიწის ატმოსფეროს ჟანგბადისა და აზოტის ატომებს ეჯახებიან, რის შედეგადაც წარმოქმნილი ენერგია ფერად ნათებას წარმოქმნის. „ავრორათა“ უმეტესობა დედამიწის ზედაპირიდან 97-1,000 კილომეტრზეა.
ყველაზე აქტიური ეს პროცესი მაშინაა, როდესაც მზიური ქარი ძალზე ძლიერია. მართალია, ქარი, როგორც წესი, მუდმივია, მაგრამ მზიური ამინდი – მზის სხვადასხვა ნაწილის გაცხელება და გაცივება – დღიურად შეიძლება შეიცვალოს.
მზიური ქარის აქტივობა იზრდება ყოველი ბუნიობისას (დღეღამტოლობა). ამ რეგულარულ მერყეობას მაგნიტური შტორმი ჰქვია, რომლის დროსაც, „ავრორას“ დანახვა შუა გეოგრაფიულ სარტყელში, ეკვატორთან ახლოსაცაა შესაძლებელი (მათ შორის, საქართველოშიც).
რაც უფრო ძლიერია შტორმი, მით მეტი ენერგია წარმოიქმნება და მით უფრო ხილვადია ნათებაც.
მაგნიტურმა შტორმმა და აქტიურმა „ავრორამ“ შესაძლოა, შეაფერხოს კომუნიკაცია, რადიო- და რადარული სიგნალები. ინტენსიურ შტორმს კი საკომუნიკაციო სატელიტების მწყობრიდან გამოყვანაც შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მზის აქტივობა და შტორმების ინტენსივობა განსაკუთრებით იზრდება მზის ციკლების (Solar Maxima) დროს, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 11 წელია. მოსალოდნელია, რომ ახლანდელი ციკლი, Solar Cycle 25-ი პიკს 2025 წელს მიაღწევს და მომდევნო წლებში „ავრორას“ შემთხვევებიც მოიმატებს.
ცნობისთვის, სახელი „ავრორა ბორეალის“ ამ მოვლენას იტალიელმა ასტრონომმა, გალილეო გალილეიმ უწოდა და განთიადის რომაელ ქალღმერთ ავრორასა და ჩრდილოეთის ქარის ბერძენ ღვთაება ბორეას უკავშირდება.