რა არის რეფინანსირების სესხი?

რა არის რეფინანსირების სესხი?

რეფინანსირება ნიშნავს ახალი ფინანსური რესურსის მიღებას, რომლითაც უკვე არსებულს გადაფარავ ან მისი მოქმედების ვადას გააგრძელებ. შესაბამისად, რეფინანსირების სესხი უკვე არსებული სესხის ახალი სესხით გადაფარვაა.

რეფინანსირების სესხი აქტიურად გამოიყენება ცენტრალური (ეროვნული) ბანკების საქმიანობაში. ბოლო პერიოდში სწორედ ეროვნული ბანკის კონტექსტში იქცევს ყურადღებას რეფინანსირების სესხები. რეფინანსირების მეშვეობით ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ლიკვიდობას აწვდის, ანუ მათ საჭირო ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. რა მოცულობის რეფინანსირების სესხს აიღებენ კომერციული ბანკები, ეს სესხის საჭიროებასთან ერთად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზეა დამოკიდებული. რეფინანსირების სესხის მისაღებად კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების გირაო უნდა წარადგინოს.

გარდა იმისა, რომ რეფინანსირების სესხის მეშვეობით ბანკები საჭირო თანხას იღებენ, ამასთან ერთად რეფინანსირების სესხის განაკვეთი (იგივე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, კომერციული ბანკები ზრდიან მათ მიერ გაცემული და გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთებს, რაც ქვეყანაში საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნას ამცირებს და ფასების ზრდას აჩერებს ან ანელებს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მოლოდინების კუთხითაც დადებითი გავლენა აქვს ინფლაციაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი 7-დღიან რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *