ცვეთა (ინგლისურად Depreciation) არის საწარმოო საშუალებების ის ღირებულება, რომელიც მას დროთა განმავლობაში აკლდება. ცვეთას ძირითადად წლიურად აღრიცხავენ. მაგალითად, ახალი ავტომობილის თავდაპირველი ღირებულება თუ იყო 10,000 დოლარი და თუ ის 10 წელი ემსახურა კომპანიას, მისი წლიური ცვეთა 1,000 დოლარი იქნება, ანუ მისი ღირებულება ყოველწლიურად 1,000 დოლარით შემცირდება. პრაქტიკაში, აქტივის ცვეთის თანხა შეიძლება წლებზე თანაბრად არ ნაწილდებოდეს, თავიდან უფრო დიდი თანხით დაიწყოს და თანდათან შემცირდეს. როდესაც ცვეთის თანხა თანაბარია, ასეთ მეთოდს წრფივს უწოდებენ, ხოლო როცა კლებადია – შემცირებადი ნაშთის მეთოდს.
ცვეთა ფინანსურ აღრიცხვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მისი მეშვეობით ხდება ძირითადი საშუალებების მოხმარების ხარჯის აღრიცხვა. ცვეთა ერიცხება ყველა ისეთ ძირითად საშუალებებს, რომლებსაც შეზღუდული მომსახურების ვადა აქვთ, მაგალითდ: შენობა-ნაგებობები, ავეჯი, ტექნიკა, მანქანა-დანადგარები და ა.შ. ცვეთა არ ერიცხება: ხელოვნების ნიმუშებს, ისტორიულ ობიექტებს და ა.შ.