რა ღირს ინტერნეტი საქართველოსა და მსოფლიოში

რა ღირს ინტერნეტი საქართველოსა და მსოფლიოში

2017 წელს საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის 12-30 მბ/წმ კალათის ფასი საშუალოდ 29.13 ევროს შეადგენდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფასების, სხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან, შედარებისთვის გამოყენებულია ევროკომისიის დაკვეთით საკონსულტაციო ჯგუფის Van DIJK Consultants-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ევროპის 30 ქვეყნის, ასევე – ამერიკის, კანადის, იაპონიის და კორეის ყველაზე მოხმარებადი პაკეტების ტარიფებია მოცემული.

ანგარიშში განხილულია ქვეყნის მასშტაბით იმ უდიდესი ოპერატორების შეთავაზებები, რომელთა ჯამური საბაზრო წილი ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო მომსახურების ბაზარზე 40%-ს აღემატება. ოპერატორების განსაზღვრის შემდეგ, კონკრეტული კალათისთვის ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია ერთი ყველაზე იაფი პაკეტი. განიხილება 1 თვიანი, ან 1 თვესთან მიახლოებული ვადის მქონე სტანდარტული პაკეტები. მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ინსტალაციის ფასს, პრომო აქციებსა და სხვა დამატებით გადასახადებს (მაგ. line rental fee). ანგარიშში გამოყენებულია ფასი გამოსახული ევროში, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით (აღინიშნება Euro PPP).

2017 წლის ბოლოს საქართველოში ყველაზე მეტი აბონენტი ისეთ პაკეტებს იყენებდა, რომელთა დეკლარირებული სიჩქარე 10 მბ/წმ-დან 30 მბ/წმ-დე შუალედში იყო. ასეთი პაკეტების მომხმარებელთა წილი 34%-ს შეადგენდა. მას მოსდევდა 2-10 მბ/წმ შუალედში შეთავაზებული პაკეტები 28%-იანი მაჩვენებელით. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების მიხედვით ყველაზე გავრცელებული პაკეტების სიჩქარეები განსხვავებულია, რაც ბუნებრივია. მაგალითად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ფიქსირებული LTE ტექნოლოგიის შემთხვევაში, პაკეტების უმეტესობის სიჩქარე 10-30 მბ/წმ შუალედშია (ოპტიკა – 50.4%, LTE – 44%), xDSL-ის და WiFi ტექნოლოგიების შემთხვევაში კი დეკლარირებული სიჩქარე ძირითადად 2-10 მბ/წმ შუალედში მერყეობს (xDSL – 96.7%, WiFi – 84.2%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *