მსოფლიო ბანკის თანახმად, გლობალური ეკონომიკა ყოველწლიურად თითქმის 36.4 მილიარდ ტონა CO2-ს გამოყოფს. ეს ემისიები პირდაპირ წარმოადგენს თანამედროვე ეკონომიკის თითქმის უხილავ თანამდევ პროდუქტს, რომელიც ბუნებრივი წარმოშობის CO2-თან – ხანძრებიდან, ვულკანებიდან, ჭაობებიდან გაფრქვეულ ნახშირორჟანგთან ერთად ატმოსფეროს ზედა ფენებში გროვდება და სათბურის ეფექტს ამწვავებს. თავის მხრივ, სათბურის ეფექტი გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. რაოდენობრივად რთულია ამ ეფექტის გაზომვა და კლიმატის ცვლილების ტემპის განჭვრეტა, მაგრამ ფაქტია, რომ გლობალური ეკონომიკის დეკარბონიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, ნახშირორჟანგის ემისიების ყველაზე დიდ მოცულობას – 9.7 მილიარდ ტონას – ჩინეთის ეკონომიკა აფრქვევს, მეორე ადგილზეა აშშ 4.71 მილიარდი ტონით, მესამეზე – ინდოეთი 2.4 მლრდ ტონით.
2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 10 მილიონი ტონა CO2 გააფრქვია, ეს მსოფლიო ემისიების 0.03% იყო. პანდემიის ეფექტის გათვალისწინებით, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ემისიები 0.5 მილიონი ტონით შემცირდა, რაც 5%-იანი ვარდნაა.
კარბოემისიები პირდაპირ არის დაკავშირებული ინდუსტრიულ სიმძლავრეებთან. საბჭოთა კავშირის დამხობასთან ერთად საქართველოს ქარხნების საკვამურებიდან ნაცრისფერი გამონაბოლქვის გაფრქვევაც შეწყდა. 2000-იანების დასაწყისში ქარხნების ნაწილმა თანდათანობით განაახლა მუშაობა, თუმცა ქვეყნის კარბოემისიები კვლავ იმაზე დაბალია, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო. 1990 წელს საქართველოს, მისი ინდუსტრიისა და ეკონომიკის კარბოემისიებმა 16 მილიონი ტონა შეადგინა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში ქვეყნის მშპ 5 წლის ვადაში ⅔-ით დაეცა, ამას ასახავს მსოფლიო ბანკის კარბოემისიების სტატისტიკაც, რომელიც ამ პერიოდში CO2-ის 7-ჯერ ვარდნას იუწყება 16 მილიონი ტონიდან 2.3 მილიონ ტონამდე. რა იყო ამ ემისიებში შეშის ღუმლის და ნავთქურის წილი, მითითებული არაა. 90-იანების მეორე ნახევრიდან ეკონომიკამ კვლავ ზრდა დაიწყო, 2000-იანებიდან მოყოლებული კი ქარხნების ნაწილი გაიხსნა, მაგრამ იმ მოცულობის ემისიებამდე მისვლა, რაც საბჭოთა პერიოდში იყო, თეორიულად გამორიცხულია.
საქართველოს მსგავსად არაერთი ქვეყანა დღეს იმაზე ნაკლებ ემისიებს გამოყოფს, ვიდრე ეს 30-40 წლის წინ ხდებოდა. საუბარია დასავლეთ ევროპაზე, აშშ-ზე, იაპონიასა და სხვა ქვეყნებზე. თუმცა მზარდი ეკონომიკის და მზარდი მოსახლეობის მქონე ქვეყნები, პირიქით, ემისიების ზრდის პროცესში იმყოფებიან.
აშშ-მა ემისიების პიკს 2007 წელს მიაღწია და ეს 6.13 მილიარდი ტონა იყო, 2020 წელს კი 4.7 მილიარდამდე შემცირდა. რუსეთისთვის პიკი 1990 წელს იყო, 2.53 გიგატონით, 2020 წელს კი ეს 1.6 მილიარდი ტონა იყო.
ჩინეთის შემთხვევაში კი პირიქით, ემისიები მაღალი ტემპებით იზრდება და ყოველ წელს რეკორდულ დონეს აღწევს. ნავარაუდებია, რომ ეს მატება მომდევნო ათწლეულშიც გაგრძელდება, 2050 წლისთვის კი დასტაბილურდება და შემდეგ კლებას დაიწყებს.
პარიზის კლიმატის შეთანხმებას 2015 წელს საქართველოც მიუერთდა. ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის დააფიქსიროს შემდეგი შედეგი: საქართველოს ემისიები 2030 წელს უნდა იყოს 1990 წლის ემისიებზე 35%-ით ნაკლები. ეს მიზანი, არსებული რეალობიდან გამომდინარე, სავსებით მიღწევადია.
მსოფლიო ბანკი ემისიების შეფასების გათანაბრების მიზნით, ეკონომიკის მიერ გაფრქვეული CO2-ის ერთ მოსახლეზე შეფარდების მეთოდს იყენებს. ამ კალკულაციით, მთელი მსოფლიოს წლიური ემისია 4.75 ტონაა ერთ ადამიანზე. საქართველოსთვის ეს მაჩვენებელია 2.77 ტონა, რუსეთში – 11.6 ტონა, აშშ-ში კი 16.1 ტონა. ანუ საქართველოს მაჩვენებელი მსოფლიო საშუალოზე დაბალია. ავსტრიაში ეს მაჩვენებელი ერთ მოსახლეზე – 7.7 ტონა, ესტონეთში კი 10.5 ტონაა.
არაერთ ქვეყანას პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება გაუჭირდება. მაგალითად, გერმანიამ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის 1990 წელთან შედარებით ემისიები 40%-ით შეემცირებინა. 1990 წელს სათბური აირების ემისიები 1.1 მილიარდ ტონას შეადგენდა, 2020-ში კი 776 მილიონ ტონას.
სიმწვანის კაპიტალიზაცია
უმსხვილესი კორპორაციები საკუთარი ნახშირბადის კვალის შემცირებაზე ზრუნავენ. ეს შესაძლებელია ორი გზით: პირველია უშუალოდ საწარმოო პროცესების ემისიების შემცირება, ან საკუთარი ენერგომოხმარების მწვანე ენერგიით ჩანაცვლება. არსებობს მეორე გზაც, რაც ნახშირბადის კრედიტების გაცვლაში მდგომარეობს. ეს არის ბუღალტრული გზა, იმისთვის, რათა კომპანიამ ფასის გადახდის სანაცვლოდ გაანეიტრალოს საკუთარი ნახშირბადის კვალი იმ კომპანიების „კარბონ-კრედიტებით“, რომლებიც საერთო ჯამში ემისიებს შთანთქავენ. ეს შეიძლება იყოს სატყეო მეურნეობების ან მწვანე ენერგიის წარმოებით დაკავებული კომპანიების მიერ შექმნილი „კარბონ-კრედიტები“.
„ნახშირბადის კრედიტები“ მრავალი სახის არსებობს და ისინი, როგორც წესი, ერთი ტონა გაფრქვეული ნახშირორჟანგის ან სხვა სათბური აირის ფასს აღნიშნავენ.
საქართველომ „კარბონკრედიტებით“ ვაჭრობაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ – 2015 წელს მიიღო, როდესაც ენგურჰესმა EBRD-ის დახმარებით ნორვეგიულ Statkraft-ს 400,000 „კარბონ-კრედიტი“ მიჰყიდა. შედეგად, Statkraft-მა საკუთარ ანგარიშში 400,000 ტონა გაფრქვეული სათბურის აირები გაანეიტრალა.
მას შემდეგ არცერთი ქართული კომპანია ანალოგიურ გარიგებაში არ შესულა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტექნიკური ბარიერია, რაც შთანთქმული ემისიების ზუსტი მოცულობის აღრიცხვის სირთულიდან და ამ მიმართულებით აუდიტის ჩატარების სირთულიდან გამომდინარეობს.