რა შედეგები მოჰყვება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას?

რა შედეგები მოჰყვება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას?

18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე შეიტანეს განაცხადი და მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვეში ალიანსის წევრებს შორისაც ვიხილოთ. მაშინ, როდესაც ორივე ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაუმართლებელი ომის დაწყებამ მათთვის ალიანსი მნიშვნელოვნად მიმზიდველი გახადა. მეტიც, რუსულმა აგრესიამ ორივე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის დიდი ცვლილებაც გამოიწვია. მაგალითად, ისტორიაში პირველად, Novus-ის კვლევების მიხედვით, შვედეთის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოთქვა ნატოში გაწევრიანების სურვილი.

ალიანსში წევრობის მისაღებად საჭიროა მისი უკლებლივ ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების მთავარი გამოწვევა თურქეთის წინააღმდეგობა იყო, რომელიც 28 ივნისს მოგვარდა. ფინეთი და შვედეთი ნატოსთან საკმაოდ დაახლოებული ქვეყნებია, რადგან მათ მრავალი სახის თანამშრომლობის ინიციატივა აკავშირებთ. ამ ქვეყნების ნატოში შესვლა კი ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ერთი მხრივ, ამ ქვეყნებს მიეცემათ უსაფრთხოების გარანტიები, მეორე მხრივ კი მოხდება ნატოს განახლება, რამაც ორგანიზაციის აღმოსავლეთის პარტნიორებისთვის ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება შექმნას.

შედეგები ალიანსისთვის

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის თავდაცვის და სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ბალტიისპირეთის ქვეყნები დიდი ხანია წუხილით უყურებენ რუსეთის მიერ ბალტიის ზღვაში არსებული ფინეთისა და შვედეთის კუთვნილი კუნძულების მიტაცების შესაძლებლობას. ეს განსაკუთრებით ეხება გოტლანდის კუნძულს, რომელიც რუსეთმა შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ შეტევისთვისაც კი გამოიყენოს. აღსანიშნავია, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარი 1340 კმ-ია და ფინეთის გაწევრიანება ნატოსა და რუსეთს შორის საზღვრის სიგრძეს გააორმაგებს. თუმცა, ფინეთი და შვედეთი ნატოს აღმოსავლეთის ფლანგთან მიმართებით გაძლიერებას ხელს შეუწყობს, რადგან რუსეთის მიერ ნატოს რომელიმე წევრზე თავდასხმით ის ავტომატურად რაოდენობრივად უფრო მეტ ქვეყანას დაუპირისპირდება. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმის ტოლფასია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს არტილერიას ფლობს, მაშინ როდესაც შვედეთს საჰაერო ძალებთან ერთად აქვს Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავი და საზღვაო ფლოტი. შვედეთმა ასევე განაახლა გოტლანდის კლასის წყალქვეშა ნავებიც, რომლებსაც შეუძლიათ ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ალიანსი სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ დიდ შენაძენს მიიღებს. უკრაინის ომთან ერთად, 18 ივნისს ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა რუსული საბრძოლო გემის დანიის აკვატორიაში უნებართვოდ შეჭრის შემდეგ. ჯერ კიდევ იანვარში, რუსული სამხედრო ძალების უკრაინის მიმართულებით გადაადგილების დროს, შვედეთმა გოტლანდის კუნძულზე საკუთარი სამხედრო ბაზები გააძლიერა. ივნისში კი აშშ-ისა და შვედეთის სამხედრო დანაყოფებმა ნატოს წვრთნების ფარგლებში ერთიანი აქტივობები ჩაატარეს. ნატოში შვედეთისა და ფინეთის წევრობას შეუძლია ბალტიის ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაზრდა და მისი „ნატოს ტბად“ გარდაქმნა. ეს ალიანსს საშუალებას მისცემს აქ მდებარე კუნძულებზე მეტი სამხედრო დანაყოფი განათავსოს და რეგიონში ზოგადი უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ამასთანავე, ჩრდილოეთ ევროპის ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება არქტიკაში ნატოს შეკავების აქტივობებსაც გააძლიერებს. ამ რეგიონში რუსეთი დიდი ხანია ინვესტირებას ახდენს სამხედრო და სავაჭრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის გარდა, არქტიკის ყველა ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყანა იქნება, რაც ალიანსს საშუალებას მისცემს რეგიონში უფრო თანამიმდევრული სტრატეგია შეიმუშაოს.

ახალი შესაძლებლობა ასპირანტი ქვეყნებისთვის

2022 წლის დასაწყისში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთმა ნატოს მიერ ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყოფილ საბჭოთა სივრცეში „შეჭრა“ დაგმო და მოითხოვა გარანტიები, რომ ორგანიზაცია შეწყვეტდა ახალი წევრების მიღებას. ამის მიუხედავად, ნატომ კვლავ გამოავლინა გაფართოების სურვილი და რუსეთს საშუალება არ მისცა ნატოს „ღია კარის პოლიტიკაზე“ გავლენა მოეხდინა. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება – ქვეყნების, რომლებიც რუსეთთან ახლოს მდებარეობს და დიდი ხნის განმავლობაში ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდნენ, მიანიშნებს, რომ ალიანსი მზადაა უფრო გამბედავი ნაბიჯები გადადგას კრემლის აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ და გამოვიდეს არააქტიური ფაზიდან, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2019 წელს „ტვინით მკვდრად“ მოიხსენია. ნატოს პოტენციალის განახლება და აღმოსავლეთისკენ გაფართოება მიანიშნებს იმას, რომ ორგანიზაციაში გაფართოებაზე სკეპტიციზმი დასრულდა და შესაძლოა არსებობდეს გაწევრების ნამდვილი შანსი ასპირანტი ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა.