პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს იწყებს

პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს იწყებს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჩინეთის შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ მალე „მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციებს“ დაიწყებენ.

გარდა ამისა, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის სარდლობის განცხადებით, გუშინ შუაღამიდან ტაივანის მახლობლად, ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო.

აღმოსავლეთის სარდლობის განმარტებით, ერთობლივი წვრთნები ტაივანის ჩრდილოეთით, სამხრეთ-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით საჰაერო და საზღვაო ამოცანების ჩატარებას მოიცავს. გარდა ამისა, წვრთნის ფარგლებში ტაივანის სრუტეში შორი დისტანციის პირდაპირი სროლები და რაკეტების საცდელი გაშვებებია დაგეგმილი.

საინტერესოა, რომ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია თუ რას მოიცავს „მიზანმიმართული სამხედრო ოპერაციები“. გარდა ამისა, უწყებას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, აქვს თუ არა ამ ოპერაციებს კავშირი აღმოსავლეთის სარდლობის მიერ გამოცხადებულ წვრთნებთან.

გუშინ ჩინური სახელმწიფო მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის შეიარაღებული ძალები ტაივანის მიმდებარე ტერიტორიებზე 4-დან 7 აგვისტომდე სამხედრო წვრთნებს ჩაატარებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტაივანში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, რანგით მესამე ოფიციალური პირი, ნენსი პელოსი ჩავიდა. ჩინეთის მთავრობა კი ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე საპასუხო სამხედრო ზომებით იმუქრებოდა. თუმცა, ნენსი პელოსის ბორტი ტაიპეიმდე ამერიკულმა და ტაივანურმა სამხედრო თვითმფრინავებმა მიაცილეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *