რა თანხა დახარჯეს საქართველოში გამოშვებული ბარათებით მომხმარებლებმა 2020 წელს

რა თანხა დახარჯეს საქართველოში გამოშვებული ბარათებით მომხმარებლებმა 2020 წელს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტებით შესრულებულ ოპერაციებში მომხმარებლებმა 12.6 მილიარდი ლარი დახარჯეს – აქედან, ელექტრონულ კომერციაში 4.8 მილიარდი, ხოლო პოს-ტერმინალებით გადახდისას 7.8 მილიარდი ლარი.

აღნიშნული 12.6 მილიარდი ლარიდან ქვეყნის შიგნით დაიხარჯა 11 მილიარდი, ხოლო საზღვრებს მიღმა 1.6 მილიარდი ლარი. ცნობისთვის, უცხოური ბარათის მფლობელებმა 2020 წელს საქართველოში ელ. კომერციასა და პოს-ტერმინალით გადახდებში მხოლოდ 419 მილიონი ლარი დახარჯეს.

გარდა ამისა, საბარათე ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენება ბანკომატების საშუალებით ფულის განაღდებისთვის. 2020 წელს საქართველოში გამოშვებული ბარათების მფლობელებმა ქვეყნის შიგნით ბანკომატების საშუალებით 21 მილიარდი, ხოლო საზღვრებს მიღმა 456.8 მილიონი ლარი გაანაღდეს.

2021 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტები შემდეგნაირად ნაწილდება: 3.9 მილიონი MasterCard-ი, 2.2 მილიონი Visa, 0.5 მილიონი ლოკალური ბარათი. მათგან 6.2 მილიონი ბარათი სადებეტოა, 0.5 მილიონი კი საკრედიტო.

ამავე მონაცემების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომხმარებლებს 2 734 ბანკომატი, 73 018 პოს-ტერმინალი და 6 424 ელ. კომერციის ტერმინალი ემსახურება.