რამ გამოიწვია მაღალი ინფლაცია და როდის უნდა ველოდოთ მის შემცირებას?

რამ გამოიწვია მაღალი ინფლაცია და როდის უნდა ველოდოთ მის შემცირებას?

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო სრუ­ლიად მოულოდნელი და ძალზე მწვავე პრობლემე­ბის წინაშე დააყენა. ცხადია, უპირველესი მნიშვ­­ნელობის საკითხი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახდა, რამაც მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა მოიტანა. ერთ-ერთი პირ­­ველი ნაბიჯი, რაც პანდემიის გავრცელების შესაკა­ვებლად იქნა მიღებული, მობილობის შეზღუდვა იყო. ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, რამაც საერთაშორი­სო ტურიზმი პრაქტიკულად გააჩერა. ამით ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები განსაკუთრებულად და­ზარალდნენ. მაგალითისთვის, 2020 წელს სამხრეთ ევროპის ქვეყნების – ესპანეთის, იტალიის, პორტუ­გალიისა და საბერძნეთის – ეკონომიკები, რომლე­ბიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტურიზმზე, გასულ წელთან შედარებით საშუალოდ 9.1 პროცენ­­ტით შემცირდა. მაშინ როცა ამავე პერიოდში ევრო­პის ქვეყნების ეკონომიკების საშუალო ვარდნა 5.6 პროცენტი იყო.

საქართველო, როგორც მნიშვნელოვანწილად ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა, ასევე განსაკუთ­­რებულად დაზარალდა. მხოლოდ 2020 წელს საქარ­­თველომ უცხოეთიდან ტურისტული შემოსავლების სახით დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარი ვერ მიიღო. მართალია, შემცირებულმა შემოსავლებმა და ეკონომიკურმა ვარდნამ იმპორტზე მოთხოვ­­ნაც შეამცირა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, 2020 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიში, წინა წელ­­თან შედარებით, დაახლოებით 1 მლრდ დოლარით (მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12.4%- მდე) გაუარესდა, და ეს იმ ფონზე, როდესაც იმპორ­ტის შეკავებას გაუფასურებული გაცვლითი კურსიც უწყობდა ხელს.

მთლიანობაში, პანდემიის პერიოდი ინფლაცი­ისთვის განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა. საწყის პერიოდში, 2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და საზღვრების ჩა­კეტვიდან 2021 წლის მაისამდე, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი საშუალოდ დაახლოე­ბით 10%-ით გაუფასურდა. ამ პერიოდის შემდგომ ლარმა, გაუმჯობესებული მოლოდინებისა და გააქ­­ტიურებული საგარეო მოთხოვნის ფონზე, გამყარება დაიწყო, თუმცა მანამდე არსებულმა გაუფასურებამ ინფლაციური წნეხის შექმნა მაინც მოასწრო. გარ­­და ამისა, სიტუაციას ართულებდა ისიც, რომ 2020 წელი საქართველომ ისედაც შედარებით მაღალი ინფლაციით დაიწყო. ეს კი, მეტწილად, 2019 წელს რუსეთიდან ფრენების აკრძალვისა და გაუარესე­ბული მოლოდინების შედეგად გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდა.

2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ითვალისწინებ­­და, ერთი მხრივ, პანდემიის ფონზე ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების და ლარის ეფექტური კურსის გაუფასურების მხრიდან ფასების ზრდის მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, ხოლო მეორე მხრივ – სუსტ ერთობლივ მოთხოვნას. სწო­რედ ამიტომ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის აპრილ- -აგვისტოს განმავლობაში განაკვეთი 9%-დან მხო­ლოდ 8%-მდე შეამცირა. წლის დარჩენილ პერიოდში კი განაკვეთს აღნიშნულ, ჯერ კიდევ გამკაცრებულ დონეზე ინარჩუნებდა.

მონეტარული პოლიტიკისთვის რელევანტური ინფლაციის შეფასება

2021 წელი ინფლაციისთვის განსა­კუთრებით პრობლემური აღმოჩნდა, ამჯერად უკვე გლობალურად. წლის და­საწყისიდან, როდესაც გლობალურად ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პრო­ცესები დაიწყო, მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახ­­დინა ინფლაციაზე საქართველოშიც. ინფლაციური მოლოდინების მოთოკვის მიზნით, 2021 წლის მარტ-აგვისტოს გან­­მავლობაში, ეროვნულმა ბანკმა მონეტა­რული პოლიტიკის განაკვეთი, ეტაპობ­­რივად, 8-დან 10 პროცენტამდე გაზარდა. პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებამ, ტურიზმისა და მთლიანად ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ პოზიტიურ მოლოდინებთან ერთად, სავალუტო ბაზ­­რის დადებით დინამიკას შეუწყო ხელი. თუმცა, გაცვლითი კურსის ბოლო პერი­ოდში გამყარების მიუხედავად, იმპორ­­ტული ინფლაცია მაინც ძალზე მაღალია, რაც ხაზს უსვამს მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის მასშტაბს. ამას თან დაერთო საერთაშორისო გადაზიდ­­ვების ღირებულების მკვეთრი მატებაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორი­სო ორგანიზაციების პერიოდულ გამოცე­მებში გლობალური ინფლაცია 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი თემაა. განსაკუთრე­ბით გამოსარჩევია სურსათის გაძვირება. პანდემიასთან დაკავშირებული შეფერ­­ხებების, ცუდი მოსავლისა და გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების გამო, მსოფ­­ლიოში სურსათის ფასები ბოლო ათი წლის მანძილზე რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა. ფასების ზრდამ განსაკუთრე­ბით იმოქმედა განვითარებად ქვეყნებზე, სადაც სურსათის წონა სამომხმარებლო კალათაში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალია. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც სურსათის წონა 29 პროცენტს აღწევს. აქედან გამომდინარე, სურსათის ფასის ცვლილება ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლე­ნას ახდენს. გარდა ამისა, მობილობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის მოთხოვნა და, შე­საბამისად, ფასები გაიზარდა. მსოფლი­ოში ნავთობის ფასი ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა, რაც, ლოგიკურად, საწვავის ფასებზეც აისახება.

რას ნიშნავს ყოველივე ეს ინფლაციის პერსპექტივისთვის? ამ კითხვაზე პასუ­ხისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის მამოძრავებელი ძალების დეტალური ანალიზი. კერძოდ, თუკი დღევანდელი მაღალი ინფლაციის ერთ-ერთი მნიშვნე­ლოვანი მიზეზი ძლიერი სამომხმარებ­­ლო ხარჯები (მოთხოვნა) და ინფლაციის გაუარესებული მოლოდინებია, მაშინ ინფლაცია შესაძლოა, უფრო ხანგრძ­­ლივად დარჩეს მაღალი. მეორე მხრივ, თუკი დღევანდელი მაღალი ინფლაცია, დიდწილად, მიწოდების ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების შედეგია, მა­შინ ინფლაციის კვლავ შემცირებას უნდა ველოდოთ. ამიტომაც მონეტარული პო­ლიტიკის განსაზღვრისას მნიშვნელოვა­ნია ინფლაციის მამოძრავებელი ფაქტო­რების რაოდენობრივად შეფასება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთჯერა­დი ფაქტორების ინფლაციაზე გავლენის შეფასებას მონეტარული პოლიტიკის წარმართვისას განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც მათი გავლენა დროები­თია და მათი გავლის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი თავისით დაუბრუნდება მიზნობრივ დონეს. ასეთ პირობებში, მოკლევადიან ცვლილებებზე მონეტა­რული პოლიტიკის რეაგირება, როგორც წესი, კონტრპროდუქტიულია. ამ დროს რეაგირება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ შო­კი, მიუხედავად დროებითი ხასიათისა, საშუალო და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება. პანდემიისა და მისი თანამდევი ეკონომიკური ვითარე­ბის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მსგავს გათვლებს საქართველოს ეროვ­­ნული ბანკიც აკეთებს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის შე­ფასებით დროებითი (ეგზოგენური) ფაქტორების გავლენა სექტემბრის 12.3-პროცენტიან წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 8-8.5 პროცენტული პუნქტის ფარგლებშია. ამ გათვლებში შემდეგი კომპონენტები მოიაზრება:

მი­წო­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი (6.6 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქ­ტი) – ეს კომპონენტი აერთიანებს რამდენი­მე შემადგენელ ელემენტს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საქართველოში ფასების დინამიკაზე. მათ შორის გამოსარჩევია საერთაშო­რისო ბაზრებზე სასაქონლო პრო­დუქტების საგრძნობი გაძვირება და გლობალურად ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა: 

➡ გაეროს სურსათისა და სოფ­­ლის მეურნეობის ორგანიზაციის 2021 სექტემბრის მონაცემებით, საერთაშო­რისო ბაზარზე სურსათის აშშ დოლა­რით გამოხატული ფასები წინა წლის სექტემბერთან შედარებით 33%-ით (მათ შორის ხორცპროდუქტების – 26%-ით, რძის პროდუქტების – 15%-ით, მარცვლეულის – 27%-ით, მცენარეუ­ლი ზეთების – 61%-ით, ხოლო შაქრის – 52%-ით) არის გაზრდილი. ნავთობის ფასები ბოლო სამი წლის მაქსიმუმზეა, სექტემბერში ნავთობის ფასი გასული წლის სექტემბერთან შედარებით თით­­ქმის გაორმაგებული იყო.

➡ საერთაშორისო ტრანსპორ­­ტირების (ლოგისტიკური) ხარჯები იმპორტირებული საქონლის ფასის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამდენად, ამ ხარჯების ზრდა ამ საქონ­­ლის საბოლოო ფასებსა და, შესაბამი­სად, ინფლაციის მაჩვენებელს ზრდის. პანდემიის დროს საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულებამ და, შემდგომ, საწვავის ფასების მატე­ბამ გლობალური ტრანსპორტირების აშშ დოლარში გამოხატული ხარჯები მკვეთრად გაზარდა. ტვირთების ტრან­­სპორტირების ხარჯი ჩინეთიდან ევრო­პაში წლიურად დაახლოებით 5-ჯერაა გაძვირებული, ხოლო ზოგადად მსოფ­­ლიოში, OECD-ის ეკონომისტების შეფა­სებით, საერთაშორისო ტრანსპორტი­რების ხარჯების მხოლოდ კვარტალური ზრდა 30-65%-ის ფარგლებშია (2021 წლის პირველი კვარტალი შედარებული წინა კვარტალთან).

➡ მნიშვნელოვანი წვლილი ინფ­­ლაციაში აგროსასურსათო პროდუქცი­ის გაძვირებამაც შეიტანა. ზაფხულის განმავლობაში ეს პროდუქცია, სეზონუ­რი ფაქტორების გამო, როგორც წესი, იაფდება. 2021 წელს კი ის გაიაფების ნაცვლად მნიშვნელოვნად გაძვირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გარკვეული პროდუქტების წელს ექსპორტზე გა­ტანაა, მაშინ როდესაც წინა წლებში, პირიქით, აღნიშნული პროდუქტების იმპორტი ხორციელდებოდა. ეს, სავა­რაუდოდ, ექსპორტის დანიშნულების ქვეყანაში შემცირებული მიწოდების / ცუდი მოსავლის ასახვაა და ასევე დროებით ფაქტორს წარმოადგენს.

რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა (1.7 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქ­ტი) – ეს მოიცავს კომუნალური ტარი­ფების ფაქტობრივ ცვლილებასა (0.4 პროცენტული პუნქტი) და ამ ტარიფე­ბის მოსახლეობისთვის სუბსიდირების დასრულების ეფექტის (1.3 პროცენ­­ტული პუნქტი) გავლენას ინფლაციის მაჩვენებელზე.

რომ დავუბრუნდეთ ინფლაციის პერს­­პექტივას, იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი წლიურ ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელია, მოსალოდნელია, რომ, როდესაც წლიუ­რი ინფლაციის დათვლიდან აღნიშნული ერთჯერადი ფაქტორები ამოვარდება, ინფლაციამ მნიშვნელოვნად კლება უნ­­და დაიწყოს. ეს შემდეგი წლის მეორე კვარტალიდან არის მოსალოდნელი და ამ პროცესს, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაციაც შეუწყობს ხელს.