ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს მიერ გავრცელებული უახლესი ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი 1.14 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა. სააგენტოს ცნობით, ეს რიცხვი ბოლო 7 წლის მაქსიმუმია. ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი ნაკადი გასულ წელს სირიიდან იყო, თავშესაფრის მეორე ყველაზე მსხვილი მაძიებლები კი ავღანელები იყვნენ.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2023 წელს წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა. თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა გერმანიაა, ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი კი კვიპროსი. გერმანიას თავშესაფრის მინიჭების თხოვნით გასულ წელს 334,000 აპლიკანტმა მიმართა. ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ავსტრია, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ბელგია და სხვა. საინტერესოა, რომ აპლიკაციების დაახლოებით 20% თავშესაფრის მოთხოვნაზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისაგან შევიდა.
2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 25,209 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, რაც მცირედით ნაკლებია 2022 წლის მონაცემებზე. 2022 წელს იმავე მოთხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოდან 28,803-მა აპლიკანტმა მიმართა.
საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია ბოლო ათი წლის განმავლობაში მზარდია, თუ არ ჩავთვლით კოვიდპანდემიის პერიოდს, როდესაც აპლიკაციების რაოდენობა 2015 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. 2015 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 8,000-მა ქართველმა მოითხოვა. ყველაზე მოთხოვნად ქვეყანას ქართველებისთვისაც გერმანია წარმოადგენს. შესული აპლიკაციების რაოდენობით მეორე ადგილზე საფრანგეთი, ხოლო მესამეზე იტალია იმყოფება.