2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ სტარტი აიღო რიგით მეჩვიდმეტე პარაოლიმპიურმა თამაშებმა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ოთხი ათასზე მეტი ათლეტი სპორტის 22 სახეობაში იღებს მონაწილეობას.
მართალია, საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი მედლებისთვის ფულად პრიზს არ აწესებს, მაგრამ საკუთარ სპორტსმენებს ბონუსებს ქვეყნები სთავაზობენ.
CNBC-ის ცნობით, ოქროსა და ვერცხლის მედლებისთვის ათლეტებს ყველაზე მეტს სინგაპური უხდის ($380,000 და $230,000), ბრინჯაოსთვის კი ისრაელი ($137,000).
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელებისთვის თანაბარ პრიზებს აწესებს კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, მალაიზია, ავსტრალია, ისრაელი და სამხრეთ კორეა. იაპონიაში პარაოლიმპიელები ოქროსთვის სამ მილიონ იენს მიიღებენ, რაც 5 მილიონი იენით ნაკლებია ოლიმპიელების საპრიზო თანხაზე, მაგრამ ვერცხლისა და ბრინჯაოს შემთხვევაში თანხა თანაბარია.
ქვეყნის მიერ პარაოლიმპიელებისთვის დაწესებული ფულადი პრიზების ოდენობა ასეთია:
ქვეყანა | ოქრო | ვერცხლი | ბრინჯაო |
---|---|---|---|
სინგაპური | $380,000 | $230,000 | $115,000 |
ისრაელი | $273,000 | $192,000 | $137,000 |
მალაიზია | $230,000 | $70,000 | $23,000 |
ჰონგ-კონგი | $192,000 | $96,000 | $48,000 |
ესპანეთი | $105,000 | $54,000 | $34,000 |
საფრანგეთი | $89,000 | $45,000 | $22,000 |
ბრაზილია | $45,000 | $18,000 | $9,000 |
სამხრეთი კორეა | $47,000 | $26,000 | $14,000 |
აშშ | $38,000 | $23,000 | $15,000 |
გერმანია | $22,000 | $17,000 | $11,000 |
იაპონია | $21,000 | $14,000 | $7,000 |
კანადა | $15,000 | $11,000 | $7,000 |
ავსტრალია | $13,000 | $10,000 | $7,000 |
ყველაზე დიდი სხვაობა პარაოლიმპიელებისა და ოლიმპიელების პრიზებს შორის ჰონგ-კონგსა და სინგაპურშია. ჰონგ-კონგი პარაოლიმპიელებს ოქროს მედლისთვის 1.5 მილიონ ჰონგ-კონგურ დოლარს ($192,333) აძლევს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ოლიმპიელების პრიზთან, 6 მილიონ ჰონგ-კონგურ დოლართან შედარებით.
სინგაპურში პარაოლიმპიელი ოქროს მედალოსნები 500,000 სინგაპურულ დოლარს ($380,000) მიიღებენ, რაც ოლიმპიელებთან შედარებით თითქმის ნახევარია.
პარაოლიმპიელებისთვის, ისევე როგორც ოლიმპიელებისთვის, საპრიზო თანხას არ აწესებს დიდი ბრიტანეთი, მაგრამ მათ წლიურ სტიპენდიებს სთავაზობს. პრიზების შესახებ ინფორმაცია არაა ცნობილი ჩინეთის შემთხვევაში.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, პარაოლიმპიურ თამაშებზეც ოქროს მედლისთვის 1,000,000-ლარიანი პრემია იქნება დაწესებული, ვერცხლისთვის – 500,000 ლარი, ხოლო ბრინჯაოსთვის 250,000 ლარი.
CNBC-ის სიაში საქართველო მოხსენიებული არაა, მაგრამ რომ იყოს, ოქროს მედლისთვის ერთმილიონიანი პრიზით იგი მეორე ადგილზე იქნებოდა, რადგან მილიონი ლარი 370,000 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.
ცნობისთვის, საქართველო 2024 წლის პარაოლიმპიადაზე სპორტის 6 სახეობაში 14 პარაათლეტით მონაწილეობს. ყველაზე დიდი დელეგაცია პარაოლიმპიურ თამაშებზე ჩინეთსა (282 ათლეტი) და ბრაზილიას (255 ათლეტი) ჰყავს. მასპინძელი საფრანგეთი შეჯიბრზე 237 ათლეტითაა წარმოდგენილი.