რას გვიქადის ციფრული რევოლუცია?

რას გვიქადის ციფრული რევოლუცია?

გლობალურად ხელოვნური ინტელექტის ბაზრის მოცულობა 2025 წლისთვის $191 მილიარდს მიაღწევს. სხვადასხვა პროგნოზით, წლიური ზრდა 2020-დან 2027 წლამდე 33.2% იქნება. ეს ტენდენცია, განვითარებასთან ერთად, ახალ საფრთხეებსაც აჩენს, რომელთა საპასუხოდაც რამდენიმე წლის წინ, ამ სფეროში ქართველი ექსპერტის, ირაკლი ბერიძის ინიციატივით, გაეროში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრი შეიქმნა. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ირაკლი, თქვენ თქვენივე ინიციატივით შექმნილ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრს ხელმძღვანელობთ. რა არის ამ ცენტრის მისია და რატომ დადგა მისი შექმნის საჭიროება?

გაეროში 2000 წლიდან ვმუშაობ განიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღების გაუვრცელებლობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დარგში, სხვადასხვა მიმართულებით. ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობა და ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა 2014-2015 წლებიდან დაიწყო, როდესაც დავინახეთ, რომ ამ კუთხით მეცნიერებას სერიოზული მიღწევები ჰქონდა, თუმცა მისი პოზიტიურად გამოყენების უზრუნველყოფა გამოწვევას წარმოადგენდა. 2015 წელს პირველი შეხვედრა ჩატარდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე და ამ შეხვედრას მე ვხელმძღვანელობდი. სხვათა შორის, ამ შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს მისიამ გაეროში დიდი მხარდაჭერა გაუწია. 2017 წლიდან გაეროს ახალი გენერალური დირექტორი ანტონიუ გუტერეში ჩაუდგა სათავეში, რომელმაც თავის პირველივე მოხსენებაში ხელოვნურ ინტელექტს ე.წ. Game Changer-ი უწოდა, ანუ ისეთი ტექნოლოგია, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხითაც. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო გაეროში AI-ის სხვადასხვა პროგრამაზე მუშაობა. მათ შორის შეიქმნა გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრიც, რომლის ხელმძღვანელადაც მე დავინიშნე.

ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ. მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე, როგორიცაა პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ AI-ის გამოყენება. ჩვენ ვქმნით კონკრეტულ AI ტექნოლოგიებს და ასევე გაიდლაინებს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის სწორად და პასუხისმგებლობიანად გამოყენება ისე, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს და თან ისეთი პრობლემებიც გადაიჭრას, როგორიცაა კონკრეტულ დანაშაულებებთან ბრძოლა. ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა აპლიკაციის მხოლოდ სწორი მიზნებისთვის გამოყენება. მაგალითად, სახის ამომცნობი ტექნოლოგიისა და სხვა. ამ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ინტერპოლთან, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან, ევროკავშირთან და სხვა მრავალ გლობალურ მოთამაშესთან.

როდესაც საუბარია სწრაფ ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ცვლილებებზე, ხშირად ჩნდება შიში, რომ ერთ დღესაც რობოტებმა შესაძლოა, ადამიანები ბევრ პროფესიაში ჩაანაცვლონ. როგორ ფიქრობთ, სად უნდა დაიცვას კაცობრიობამ ბალანსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე და თქვენ რა რისკებს ხედავთ?

პირველ რიგში, რობოტი ხელოვნური ინტელექტისგან შორსაა, AI ბევრად უფრო ყოვლისმომცველი ავტონომიური სისტემებისგან შემდგარი ჭკვიანი პროგრამების კრებულია, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენაა მიმართული. რობოტი და დრონი მექანიკურად მართული მანქანებია, რომლებშიც შეიძლება AI-ის სხვადასხვა ელემენტი იყოს გამოყენებული. შიშს საფუძველი კი ნადვილად აქვს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ადამიანები, რა კანონებს მივიღებთ (დიზაინიდან იმპლემენტაციამდე), რა ეთიკურ სტანდარტებს დავამკვიდრებთ და ასევე, რა ურთიერთობა გვექნება იმ AI-ის აპლიკაციებთან, რომლებიც უკვე შეიქმნა და შეიქმნება. AI რაღაც სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ჩაანაცვლებს, ეს ბუნებრივი პროცესია. ასეთი განვითარებები ყოველთვის ხდებოდა ტექნოლოგიების შემოსვლით. მაგალითად, ტრანსპორტირების მიმართულებით ერთ დროს მანქანებმა ცხენი ჩაანაცვლეს და ამაზე უარი არ გვითქვამს. თუმცა ახლა უფრო სხვა გამოწვევა გვაქვს. აქამდე თუ ფიზიკური ძალის ჩანაცვლება ხდებოდა, ახლა უკვე ინტელექტის ჩანაცვლების საშიშროებაა. თუ AI ადამიანის ინტელექტს სრულად ჩაანაცვლებს, მაშინ, გამოდის, ადამიანი აღარ იქნება საჭირო. ჩვენ ამისგან ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ ასეთი ფენომენი შექმნადია. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სტანდარტები დავამკვიდროთ, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა პრობლემები კი არ შეგვიქმნას, არამედ პირიქით, გადაგვიჭრას. მაგალითად, უკურნებელ დაავადებებთან ბრძოლაში, ან სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაგვეხმაროს, სადაც ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია, მაგალითად, პატარა მიწაზე დიდი რაოდენობის პროდუქტის მოყვანა.

დრონი, მფრინავი ტაქსი, რობოტი მიმტანი და ა.შ. სულ ვფიქრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს შემდეგი… შეიძლება, რომ ბოლოდროინდელ ციფრულ მიღწევებს რევოლუციური ვუწოდოთ?

ჩემი აზრით, ეს აბსოლუტური რევოლუციაა, რადგანაც ასეთი ექსპონენციალური ზრდა არცერთ სფეროში და კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არ გვქონია. ხშირად მეკითხებიან, 20 წლის შემდეგ რა აპლიკაციები იქნება, როგორ იქნება ტექნოლოგიები განვითარებული და ა.შ. მე ამას ასე ვპასუხობ: გავიხსენოთ, რომ 20 წლის წინ არ არსებობდა სმარტფონი, დრონები, ვირტუალური რეალობა და ა.შ. დღეს ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით აღჭურვილმა აპლიკაციებმა შეიძლება მარტივად ამოიცნოს ტერორისტების დაფინანსებისთვის მიმართული ფულადი ტრანზაქციები, და იმავე აპლიკაციებმა (მცირე მოდიფიკაციით) შეიძლება სერიოზული კიბერთავდასხმა განახორციელოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და დიდი ზიანი გამოიწვიოს. რატომ უნდა გვეგონოს, რომ ბოლო 20 წელიწადში რაც შევქმენით, ეს არის მაქსიმუმი? კაცობრიობა ხომ მუდმივად ვითარდებოდა. ექსპონენციალურად იზრდება ცოდნაც და ტექნოლოგიებიც, რაც იმას განაპირობებს, რომ მომდევნო ნახტომები უფრო სწრაფი იქნება. ჩვენი მომავალი სრულად თუ არა, მისი დიდი ნაწილი აუცილებლად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიების სწორ მართვასა და მათ პოზიტიურ გამოყენებაზე.

20 წელიწადში თითქმის ყველა მონაცემთა ბაზა ციფრული იქნება, და ეს AI სისტემებს მისცემს გადაწყვეტილებისა და ოპტიმიზაციის მიღების საშუალებას. რობოტები, AI-ის დახმარებით, თითქმის ყველა სამუშაოს შესრულებას შეძლებენ, მაგალითად, მშენებლობა, დიზაინი, არქიტექტურა თუ გადაზიდვა, ასევე ტრანსპორტირება მთლიანად ამ ტექნოლოგიებით იქნება შესრულებული.

ეს ტექნოლოგიები ასევე დიდ როლს ითამაშებენ ისეთი პროფესიების ოგმენტაციაში, როგორიც არიან იურისტები, ექიმები და ჟურნალისტებიც კი. პრინციპში, სულაც არ არის წარმოუდგენელი, რომ შემდეგ 20 წელიწადში ჩვენ AI-ის მეშვეობით გვექნება სრულიად სხვა სამყარო, რევოლუციურად ახალი ჯანდაცვა (დიაგნოსტიკით დაწყებული, ინდივიდუალური მედიკამენტებით დამთავრებული), ახალი და ბევრად უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემა, და განათლების მიღების ახალი, ეფექტიანი შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით და ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ სტუდენტთან, მისი შესაძლებლობების მაქსიმალური პოტენციალის გამოსავლენად.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განვითარება ადამიანებს ძალიან წაადგება და უამრავ თავისუფალ დროს გააჩენს, აუცილებლად უნდა მოინახოს გზები, რომ ასეთმა რევოლუციურმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს მათ. ბევრი ქვეყანა, და გაეროც, ამ თემატიკაზე უკვე მუშაობს – თუ როგორ შევძლოთ უმტკივნეულო ტრანსფორმაცია, რაც მოიცავს ადამიანების მუდმივ პროფესიულ გადამზადებას, განათლების მიღებას ცხოვრების ყველა ეტაპზე და უნივერსალური საბაზო შემოსავლის შემოღებასაც კი.

გამომდინარე იქიდან, რომ რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით მთელი მსოფლიოს გამოცდილებას ადევნებთ თვალს, როგორ ფიქრობთ, რომელია ის ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებით ბევრს ხარჯავენ და მუშაობენ ამ კუთხით?

დღეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ბევრი ქვეყანა მუშაობს. დაახლოებით 60-მა ქვეყანამ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიაც კი შეიმუშავა. მათგან ერთ-ერთი პირველი იყო კანადა, ასევე ევროპული სახელმწიფოები, ჩინეთიც. ასეთი სტრატეგიები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ციფრული სამომავლო ხედვა. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ციფრულ ერაში ვცხოვრობთ, ქვეყნებმა უნდა განსაზღვრონ, რაში შეიძლება დაეხმაროს მათ ტექნოლოგია, რა სფეროში სჭირდებათ AI-ის გამოყენება, იქნება ეს განათლება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება თუ სხვა. სამწუხაროდ, 60 ქვეყანა საკმარისი არაა, ვინაიდან გამოდის, რომ მსგავსი სტრატეგია მსოფლიოში 130- ზე მეტ სახელმწიფოს არა აქვს. ეს კი ხელს უწყობს გლობალურ ციფრულ უთანასწორობას. გაეროში ამ ტენდენციას თვალნათლივ ვხედავთ. ეს მომავალში მოგვიტანს იმას, რომ პოტენციურად ქვეყნების ნაწილი განვითარდება, მიაღწევს გარღვევებს, ნაწილი კი ჩამორჩება, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა იქნება კაცობრიობისთვის. ჩვენ ვნახეთ, პანდემიის დროს რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ტექნოლოგიებმა. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოს ნახევარს, დაახლოებით 4 მილიარდ ადამიანს ინტერნეტთან ადეკვატური წვდომა ჯერ კიდევ არა აქვს. ეს საგანგაშოა, ბევრი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ასე არ იყოს.

რობოტიკასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ვიცით მოწინავე ქვეყნები – აშშ, იაპონია და ა.შ. საქართველოს სად ხედავთ საერთო ჭრილში? რა წვლილის შეტანა შეუძლია მას ამ კუთხით მსოფლიოს განვითარებაში?

საქართველოში ამ კუთხით ბევრი რამ ხდება. მაქვს კომუნიკაცია ამ სფეროში მომუშავეებთან და პოზიტიურად ვაფასებ მათ საქმიანობას. აღსანიშნავია, მაგალითად, საქართველოში ძალიან კარგი საუნივერსიტეტო წამოწყება – BTU, რომელმაც ცოტა ხნის წინ AI-ის მიმართულებით კვლევაც ჩაატარა და სადოქტორო პროგრამის ინიცირება განახორციელა. ასევე არსებობს GITA (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), რომელიც არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. არის კერძო ინიციატივებიც – მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ბიზნესსაბჭო, რომლის საპატიო პრეზიდენტადაც ამირჩიეს. სტარტაპების დასახმარებლად ბოლო დროს შესანიშნავი ინიციატივა და პლატფორმა შეიქმნა – The Crossroads-ი. ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, საქართველოში არსებობს საინტერესო სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, გვყავს ჭკვიანი ახალგაზრდები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან კომპანიებთანაც კი თანამშრომლობენ. მათ დიდი პოტენციალი აქვთ.

ასევე ჩატარებულია მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს ციფრული სტრატეგიის შესამუშავებლად, და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავს სტრატეგიას მალე მიიღებენ, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ფინანსურ სექტორში AI-ის როლზეც რომ ვისაუბროთ. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?

ხელოვნური ინტელექტი არის ყოვლისმომცველი ტექნოლოგია, რომელიც ნებისმიერ დარგს სერიოზულ გარღვევას მოუტანს. ეს არ არის ჯადოქრობა და მისტიკა, ეს ძალიან სწორი მეცნიერებაა, რომელიც დიდი რაოდენობით მონაცემს თავს უყრის, მძლავრ ანალიტიკას აკეთებს და მის სწორად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც ადამიანები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. მაგალითად, თუ ფინანსურ სექტორში კომპანიებს სჭირდება მომავალზე ორიენტირებული განვითარება, აუცილებელი იქნება AI-ის გამოყენება. დღეს უამრავი ასეთი აპლიკაცია არსებობს, დაწყებული საფონდო ბირჟით, სადაც ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენების გარეშე აღარც ხდება ვაჭრობა, დასრულებული ყალბი ტრანზაქციების ამოცნობით საბანკო სექტორში. მომავალზე ორიენტირებული გათვლების გაკეთება AI-ის გარეშე შეუძლებელი იქნება.

თანამშრომლობთ თუ არა ტექნოლოგიურ გიგანტებთან, ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც, მაგალითად, ბილ გეიტსთან, ილონ მასკთან ან ჯეკ მასთან არიან დაკავშირებული?

გაეროში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის ცენტრის შექმნის საფუძველშივე გათვალისწინებული იყო, რომ კერძო სექტორთან აუცილებლად უნდა გვეთანამშრომლა. ასეთი პრაქტიკა გაეროში ჩვენი ცენტრის შექმნამდე მცირე იყო.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს პატარა და დიდ კომპანიებთანაც. მე პირადად მქონდა შეხვედრები ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა ილონ მასკი, რომელმაც AI-ის დაცვითი მექანიზმების შესაქმნელად საინტერესო პროექტები დააფინანსა. ჯეკ მა და მელინდა გეიტსი გაეროს ციფრული თანამშრომლობის პანელს ხელმძღვანელობენ, რომლის წევრი მეც ვარ, ასევე, პირადად მქონია შეხვედრა Google-ის დამფუძნებელ ლარი პეიჯთან, რომელიც ასევე დაინტერესებულია უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფით. ვმუშაობთ Facebook-თან, Amazon-თან, ჩინურ გიგანტებთან. ცოტა ხნის წინ საინტერესო შეხვედრა მქონდა TikTok-ის დამფუძნებელ კომპანია ByteDance-თან, რომელმაც ჩინეთში AI-ის ფორუმი ჩაატარა. ამ ფორუმზე AI-ის პასუხისმგებლობიანი გამოყენების საკითხებზე ვიმსჯელეთ. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან – პირველ ქვეყანასთან, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სამინისტრო აქვს.

საინტერესოა თქვენი მოსაზრება პანდემიის გავლენებზეც. ყველამ თვალნათლივ დავინახეთ, რომ ბევრი სერვისი და პროდუქტი სწრაფად გაციფრულდა. თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა უარყოფითი მხარეებიც. თქვენ რა რისკები დაინახეთ?

პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა, მაგალითად ის, რომ ორსაათიანი შეხვედრის გამო ჰააგიდან სინგაპურში ჩაფრენა აუცილებელი არაა. რაც შეეხება უარყოფით გავლენებს, დავინახეთ, რომ კიბერუსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახდა. უამრავი ადამიანი, კომპანია, სახელმწიფო სტრუქტურა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, რის გამოც განსაკუთრებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროება გაჩნდა. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების კუთხით გაძლიერდა მუშაობა, უფრო მეტი რესურსი ჩაიდო, და ბევრმა ახალგაზრდამ დაინახა კიდეც, რომ ამ სფეროში დასაქმების უზარმაზარი პოტენციალია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *