ფასნამატი ფარმაცევტულ ბაზარზე - რა ხდება სინამდვილეში?

ფასნამატი ფარმაცევტულ ბაზარზე - რა ხდება სინამდვილეში?

ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში,  შესაძლოა ითქვას ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ საქმიანობას წარმოადგენს. ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ განვითარების დიდი გზა განვლო, ამჟამად ამ ბაზრის ძირითადი მოთამაშეები, შპს ჯი–ემ–პი, შპს ავერსი–ფარმა, შპს პსპ ფარმა და შპს გლობალფარმი, საქართველოს ტოპ–100 ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე არიან. ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი ძირითადი მოთამაშეა, ესენია:PSP; ავერსი; ჯი–პი–სი და იმპექსი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ფარმაცევტულ ბაზარზე  ბევრი პატარა აფთიაქია, თუმცა მათი წილი სექტორში საკმაოდ მცირეა და, შესაბამისად, ისინი  ფარმაცევტულ ბაზარზე ამინდს ნამდვილად ვერ ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი  საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, ბაზრის დაახლოებით 75%–80%  ძირითადად ოთხი მსხვილი მოთამაშის მიერ არის ათვისებული, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ოლიგოპოლიური ბაზრის ჩამოყალიბების რისკი. კითხვაზე, არის თუ არა ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიური და ეს რამდენად აისახება პროდუქციის ფასებზე, პასუხი კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გასცეს. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა 2019 წელს დაიწყო და  2020 წლის ბოლოს უნდა დაესრულებინა, მაგრამ, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, პანდემიის გამო ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. შესაბამისად,  საბოლოო დასკვნას მიმდინარე წლის ბოლოს უნდა ველოდოთ.

მიმდინარე კვირაში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანალიზის ფარგლებში, სააგენტომ ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების 6 ჯგუფი შეარჩია – ურთიერთჩამნაცვლებელი აქტიური ნივთიერებების დონეზე სულ 120–მდე სავაჭრო დასახელების მედიკამენტი.

ბაზრის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები. აღსანიშნავია, რომ ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია, ანუ მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილნი არიან ქსელური აფთიაქებით, ამასთან, ისინი თავად ახორცილებენ იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას. ასევე ისინი ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს.

გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია, კერძო: 2016 წელს– 56.6%, 2017 წელი–69%, 2018 წელი–70%,  2019 წელი–68.8% და 2020 წელი–67.5%. შესაბამისად, დიდია საფრთხე ურთიერთჩამნაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არსებობისა.

ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგად, საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში (სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში), შერჩეული ჯგუფისა და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, პაციენტი/მომხმარებელი დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს, იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში.

შუალედურ დასკვნაში არ არის მონაცემები იმის შესახებ, საშუალოდ რა ფასნამატით იყიდება მედიკამენტები ფარმაცევტულ ბაზარზე.

მედიკამენტების ღირებულება საკმაოდ საფრთხილო სოციალურ საკითხს წარმოადგენს. როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკოსების მხრიდან საკმაოდ ხშირია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასი რამდენჯერმე აღემატება თუნდაც ჩვენს მეზობელ თურქეთში არსებულ მედიკამენტების ფასს.

აგვისტოს დასაწყისში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც ზოგიერთი მედიკამენტი 300%–400%–იანი ფასნამატით იყიდება და, შესაბამისად, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებთან, რათა კომუნიკაციის გზით მივიდეთ კომპრომისამდე.

ფასნამატის ასეთ მასშტაბურ რიცხვს უარყოფენ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში. მათი განცხადებით, ასოციაციაში შემავალი კომპანიების ფასნამატი იმპორტირებულ მედიკამენტებზე 45%–ს არ აღემატება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ასოციაცია 22 საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს და მათ მიერ წარმოებული მედიკამენტები მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების 35%–ს მოიცავს.

2019 წლის ფინანსური მონაცემების მიხედვით, საშუალოდ ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეების მთლიანი რეალიზებული საქონლის ფასნამატი 26%–34%–ის ფარგლებში მერყეობს. ხოლო კომპანიების წმინდა მოგების მარჟა 1%–დან 10%–მდეა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ანგარიშის მიხედვით საშუალო ფასნამატი არც ისე მაღალია, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, თუ როგორ ნაწილდება გაყიდვების მოცულობა და ფასნამატის სიდიდე  მედიკამენტების სხვადასხვა ჯგუფზე. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია საჯაროს არ წარმოადგენს, შესაბამისად შეგვიძლია, დავუშვათ, რომ გარკვეული მედიკამენტების ჯგუფი საკმაოდ მაღალი ფასნამატით იყიდება, ხოლო – ზოდიერთი ჯგუფი შედარებით დაბალი ფასნამატით, რაც საბოლოო ჯამში ერთმანეთს აბალანსებს.

დავით კოხრეიძე, სააფთიაქო ქსელ ,,იმპექსის“ გენერალური დირექტორი, აღნიშნავს, რომ საქართველოში ფარმაცევტულ სექტორში მძაფრი კონკურენციის პირობებში შეიძლება გამოიყოს დეფიციტური პროდუქცია, რომელზეც ფასნამატი სწორედ 300% იყოს, თუმცა თუ კონკურენცია მაღალია,  დანარჩენ მედიკამენტზე ფასნამატი შეიძლება ძალიან დაბალი 1%-იც კი იყოს.

საინტერესოა, საბოლოო დასკვნა და რეკომენდაციები, რომელსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტო წლის ბოლოს შემოგვთავაზებს. თუმცა ფაქტია, რომ მთლიანად საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის მოგების მარჟა რამდენიმე ასეულს არ წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *