საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,600 ლარია. თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1,280 ლარი გამოდის. შედარებისთვის, ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყანაში – ბულგარეთშიც კი, ხელზე ასაღები საშუალო თვიური ხელფასი 1,500 დოლარამდეა, რაც საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე თითქმის 3-ჯერ მეტია.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებული იყო 929 ათასი ადამიანი და მათგან მხოლოდ 23%-ს ჰქონდა თვეში 1,900 ლარზე (ხელზე ასაღები) მეტი ხელფასი. დასაქმებულთა 57% 500 ლარიდან 1,900 ლარამდე ხელფასს იღებდა, ხოლო 182 ათას ადამიანს, დასაქმებულთა 20%-ს, 500 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა.
საქართველო დაბალშემოსავლიანი ქვეყანაა და ლოგიკურია, რომ ქვეყანაში მაღალი ხელფასი მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს. არ არსებობს ღარიბი ქვეყანა, სადაც დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს მაღალი ხელფასი აქვს. შესაბამისად, საინტერესოა, როდის ექნება საქართველოში დასაქმებულთა უმეტესობას მაღალი ხელფასი?
ბოლო 12 წელიწადში, პანდემიური 2020 წლის გამოკლებით, საქართველოს ეკონომიკა ყოველ წელს იზრდებოდა და, შესაბამისად, ხელფასებიც უნდა გაზრდილიყო. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ინფლაციის დონე, რომელიც ხელფასის მსყიდველობით უნარს ამცირებს. ინფლაციის ეფექტის გამოკლებით ვიღებთ რეალურ ხელფასს და სწორედ რეალური ხელფასი უნდა იზრდებოდეს, რომ დასაქმებულის კეთილდღეობა ამაღლდეს, ანუ ხელფასით მეტი საქონელი და მომსახურება იყიდოს. მაგალითად, თუ დასაქმებულის ხელფასი ბოლო ერთ წელიწადში გაიზარდა 15%-ით, რადგან ამავე პერიოდში 11%-იანი ინფლაციაა, მისი რეალური ხელფასი გაზრდილა მხოლოდ 4%-ით. გვახსოვს 1990-იანი წლები, როდესაც დასაქმებულებს ხელფასი მილიონობით კუპონი გაუხდათ, მაგრამ ერთი თვის ხელფასით ერთ პურსაც ვერ ყიდულობდნენ. შესაბამისად, ხელფასების ზრდა ნიშნავს რეალური ხელფასის ზრდას.
2010 წლის შემდეგ საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 166%-ით არის გაზრდილი, 598 ლარიდან 1,592 ლარამდე. მაგრამ, თუ ვნახავთ რეალურ ხელფასს, ანუ გამოვაკლებთ ინფლაციის გამო ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებას, ზრდა 51%-ია, რაც 12 წლისთვის მაღალი ზრდა არ არის. ნომინალური ხელფასი წლიურად საშუალოდ 9%-ით იზრდებოდა, ხოლო რეალური – 4.5%-ით. ამის მიზეზი მაღალი ინფლაცია იყო. 2011, 2019 და 2021 წლებში რეალური ხელფასი შემცირდა.
საშუალო თვიური (ხელზე ასაღები) ხელფასი, ლარი
მოსახლეობა ხელფასის ზრდასთან ერთად, მსყიდველობითი უნარისა და კეთილდღეობის ზრდას იგრძნობს, თუ მაღალი ინფლაცია არ იქნება და ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ფასების ზრდის ტემპს.
არ არსებობს მეთოდი, თუ გზა, რაც 1-2 წელიწადში საქართველოში ხელფასებს იმდენად გაზრდის, რომ თუნდაც ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებს დაუახლოოს. მაგრამ არსებობს რეალური ხელფასის ყოველწლიურად მნიშვნელოვნად ზრდის შესაძლებლობა.
პირველ რიგში, ხელფასის სიდიდეს შრომის პროდუქტიულობა განაპირობებს, ანუ ის, თუ რა თანხის საქონელს ან მომსახურებას ქმნის ადამიანი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მაგალითად, თუ ადამიანმა თავისი შრომით თვეში არ შექმნა 1,000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი ან მომსახურება, მას 1,000 ლარი ან უფრო მაღალი ხელფასი ვერ ექნება. ეს მარტივი დასანახია თვითდასაქმებულის მაგალითზე, რომელსაც დამქირავებელი არ ჰყავს და თვითონ წყვეტს, რა ფასი დაადოს საკუთარ შრომას.
2022 წელს საქართველოში ერთი დასაქმებულის თვიურმა შრომის პროდუქტიულობამ 4,658 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ 2015 წლის შემდეგ ფასების ზრდას თუ გამოვრიცხავთ, ანუ რეალურ შრომის პროდუქტიულობას ვნახავთ, 37%-ით არის გაზრდილი. ზრდა არ არის მცირე, მაგრამ საბაზისო ეფექტის გამო ხელფასები ისევ დაბალი რჩება. ეს ნიშნავს, რომ ხელფასები იმდენად დაბალი იყო, რომ მისმა 37%- ით ზრდამ მაღალი ხელფასი არ მოგვცა.
საქართველოში შრომის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად განსხვავებულია დასაქმების სფეროების მიხედვით. 2022 წელს შრომის პროდუქტიულობა ყველაზე მაღალი – თვეში 16,010 ლარი – ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში იყო, ანუ რეალურად – საინფორმაციო ტექნოლოგიებში (IT). შემდეგ მოდიოდა საფინანსო საქმიანობები 8,676 ლარით. პროდუქტიულობა ყველაზე დაბალი 1,540 ლარი განათლებაში დასაქმებულებში იყო. ოდნავ მეტი – 1,588 ლარი – იყო სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად, საქართველოში დაბალი ხელფასების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალპროდუქტიული დარგებია. განათლებასა და სოფლის მეურნეობაში 380 ათასი ადამიანია დასაქმებული. განათლებაში საშუალო ხელფასი 800 ლარია, ხოლო სოფლის მეურნეობაში – 900 ლარი. შედარებისთვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებში საშუალო ხელფასი 3,000 ლარამდეა.
შრომის პროდუქტიულობასთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რა წილს იღებს დასაქმებული მის მიერ შექმნილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებიდან. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წილი მოდის საქონლისა და მომსახურების თვითღირებულებიდან – გაწეულ შრომაზე. ამის მიხედვით დასაქმების სფეროები განსხვავებულია. სადაც გაწეული შრომის წილი თვითღირებულებაში მაღალია, ასეთ სფეროებს შრომატევადს ეძახიან და პირიქით, სადაც ღირებულებას ძირითადად კაპიტალი ქმნის – კაპიტალტევადს. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ტექნოლოგიატევადი დარგები, ანუ სადაც თვითღირებულების უმეტესი წილი ტექნოლოგიებზე მოდის.
შრომის პროდუქტიულობა საქართველოში, ლარი თვეში
საქმიანობის სფეროს სპეციფიკასთან ერთად, დასაქმებულის მიერ მიღებულ წილს განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა. ქვეყნებში, სადაც მაღალი უმუშევრობაა, დამსაქმებელს შეუძლია, მეტი მოგება ნახოს დაქირავებულ შრომაზე და პირიქით, სადაც დაბალი უმუშევრობაა, დამსაქმებელი იძულებულია, დასაქმებულს შექმნილ ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული ხელფასი გადაუხადოს.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკაში ხელფასის წილი 54% იყო (UNECE). მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში ანალოგიური მაჩვენებელი 68%-ია, საქართველოს 54% დაბალი მაჩვენებელი არ არის. მაგალითად, ფინეთშიც 54%-ია, ისრაელში – 53%, პოლონეთში – 49%. საქართველოს ეკონომიკაში ხელფასის მაღალი წილი არაეფექტიანი დასაქმების შედეგია და არა მაღალი ხელფასების. არაეფექტიანი დასაქმება ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დაბალია შრომის დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენების დონე. არაეფექტიანი დასაქმების ყველაზე კარგი მაგალითი საქართველოს სოფლის მეურნეობაა, სადაც 229 ათასი ადამიანია დასაქმებული (მთლიანი დასაქმების 19%), რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის 7%-ს ქმნიან.
საქართველოში რომ ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდოს, სამი პროცესი უნდა განვითარდეს პარალელურად: გაიზარდოს შრომის პროდუქტიულობა, შემცირდეს უმუშევრობა და შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
შრომის პროდუქტიულობის ზრდისთვის აუცილებელია:
- ინვესტიციების ზრდა – ერთ დასაქმებულზე უნდა მოდიოდეს უფრო მეტი კაპიტალური ინვესტიცია, მათ შორის უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა.
- სამუშაო ძალის განათლებისა და კვალიფიკაციის ზრდა – ქვეყანაში მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს განათლების დონე, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შრომის კულტურა.
- ტექნოლოგიური პროგრესი – ტექნოლოგიური განვითარება დასაქმებულს შესაძლებლობას აძლევს, რასაც დღეს რამდენიმე ადამიანი აკეთებს, მარტომ გააკეთოს და, შესაბამისად, ანაზღაურებაც მეტი აიღოს.
უმუშევრობის შემცირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული. ასევე აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც შრომის პროდუქტიულობას ზრდის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ართულებს, თუ ქვეყანა თავად არ ქმნის ტექნოლოგიებს. აქედან გამომდინარე, დღეს სამუშაო ადგილების შესაქმნელად გაცილებით მეტი ეკონომიკური ზრდაა საჭირო, ვიდრე წინა ათწლეულებში იყო. უმუშევრობის შემცირება დამსაქმებელს იაფი სამუშაო ძალის ალტერნატივებს შეუმცირებს და აიძულებს, დასაქმებულებს შეძლებისდაგვარად გაუზარდოს ხელფასი.
შრომის პროდუქტიულობა საქართველოში, ლარი თვეში, 2022 წელი
დასაქმების სფერო | ლარი |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 16,010 |
საფინანსო საქმიანობები | 8,676 |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 7,457 |
მრეწველობა | 5,423 |
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 4,819 |
სასტუმროები და რესტორნები | 4,646 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 4,221 |
ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | 4,129 |
მშენებლობა | 3,849 |
სახელმწიფო მმართველობა | 3,664 |
ჯანდაცვა | 2,971 |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება | 2,405 |
სოფლის მეურნეობა | 1,588 |
განათლება | 1,540 |
მონაცემების წყარო: საქსტატი
მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა სამუშაო ძალის განათლებისა და კვალიფიკაციის დონეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ხელფასები მნიშვნელოვნად არ იზრდებოდეს, რადგან ზრდა იყოს ისეთ დარგებში, რომლებიც იაფ სამუშაო ძალაზეა დაფუძნებული. ეს ქვეყანას გამოიყვანს უკიდურესი სიღარიბიდან, მაგრამ არ გაამდიდრებს. ქვეყნის მოსახლეობა ვერასდროს ვერ იქნება მდიდარი, თუ მისი ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაში და დაბალკვალიფიციურ მოთხოვნებზე დაფუძნებულ მომსახურების სექტორშია დასაქმებული. სამუშაო ძალის განათლებისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლება კი განათლების სისტემის რეფორმას საჭიროებს.
თუ საქართველოში განათლების დონე არ ამაღლდება და თანამედროვე, მოთხოვნადი მომსახურებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელი ქვეყანა არ გავხდებით, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაბალი ხელფასი ექნება. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც ბუნებრივი რესურსების გაყიდვის გარეშე არის მდიდარი და ამ ქვეყნის მოსახლეობის განათლებისა და კვალიფიკაციის დონე დაბალია. საქართველო გამონაკლისი ვერ გახდება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) სამუშაო ძალის კვალიფიკაციის რეიტინგში საქართველო 125-ე ადგილს იკავებს 141 ქვეყანას შორის.