მოსკოვის სასამართლომ პარასკევს განაცხადა, რომ ის Alphabet-ის Google-ს 7.2 მილიარდი რუბლით ($98 მილიონით) იმის გამო დააჯარიმებს, რომ მან განმეორებით არ წაშალა კონტენტი, რომელსაც რუსეთი არალეგალურად მიიჩნევს.
მოსკოვმა წელს საგრძნობლად გაზარდა დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლა, რაც, კრიტიკოსების განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მცდელობაა, დააწესოს უფრო მკაცრი კონტროლი ინტერნეტზე. ეს კი, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ და კორპორაციულ თავისუფლებას.
Google-მა განაცხადა, რომ შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე შეისწავლის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
რუსეთმა მიმდინარე წელს რამდენიმე უცხოურ კომპანიას დაუწესა მცირე ჯარიმები, მაგრამ პარასკევის ჯარიმა პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ კომპანიის წლიური რუსული ბრუნვის პროცენტზე დააწესა ჯარიმა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმის თანხის მოცულობას.
სასამართლოს პროცენტის მოცულობა არ დაუწესებია, თუმცა, Reuters-ის გამოთვლით, ის 8%-ს აღემატება.
რუსეთმა კომპანიებს მოსთხოვა, წაშალონ ის მასალები, რომლებიც ხელს უწყობენ ნარკოტიკების მოხმარებასა და სახიფათო გართობას, ინფორმაცია ხელნაკეთი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთების შესახებ, ასევე ინფორმაცია იმ ჯგუფებზე, რომლებსაც ხელისუფლება ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ჯგუფად აკლასიფიცირებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა ასევე მოითხოვა 13 უცხოური და ძირითადად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, მათ შორის Google-ი და Meta Platforms-ი, დარეგისტრირდნენ რუსეთში 1 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მათ შეზღუდვები ან პირდაპირი აკრძალვები დაემუქროთ.