რატომ წავედი პოლიტიკაში

რატომ წავედი პოლიტიკაში

29 წლის წინ ერთი საბჭოთა დაწესებულების პატარა ოთახში ვიჯექი, სადაც წარჩინებული კურსდამთავრებული განყოფილების უფროსად გამამწესეს. ყოველდღე ერთი და იგივე რამ ხდებოდა: ოთახში რამდენიმე მეცნიერი თანამშრომელი ქალბატონი იჯდა, ყავას ადუღებდა და მთისა და ბარის ამბებს განიხილავდა. იყო ყოველთვიური ხელფასი, ჩაკეტილი კომფორტის ზონა და საუკეთესო სასტარტო პირობები ჩემი კარიერული მეცნიერული ზრდისთვის, მაგრამ იყო მკვდარი ერთფეროვნება, გაჩერებული ქვეყანა, უმოძრაო, დამყაყებული საბჭოთა სისტემა, უსამართლობა…

იქაურობა ერთ თვეში დავტოვე და ჩემთვის სრულიად უცნობ საქმეს შევეჭიდე, რომელსაც ასევე უცნობი სახელი – ბიზნესი ერქვა და რომელსაც მაშინ “საქმოსნობას”, “დელეცობას” უწოდებდნენ და ის ისეთივე სტიგმატიზებული იყო, როგორიც დღეს პოლიტიკაა, ისეთივე დისკრედიტირებული სივრცე, სადაც მხოლოდ მაქინაციებით უნდა გეშოვა შავი ფული. მაშინ ჩემი მთავარი მიზანი ამ პარადიგმის დანგრევა გახლდათ. მიზანი იყო: ახალი, გამჭვირვალე სისტემის შექმნა, მართვის ახალი მეთოდების დანერგვა, კორპორაციების მშენებლობა. სწორედ ასე გაჩნდა “თიბისი ჯგუფი”, “ბორჯომი” და სხვა უამრავი წარმატებული კომპანია. 1996 წელს ქვეყანაში პირველებმა შემოვიტანეთ რამდენიმე მილიონი დოლარის საერთაშორისო ინვესტიცია, შევქმენით მსოფლიო დონის კომპანიები, რომელთაგან ორის ღირებულებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა; მივაღწიეთ წარმატებებს საერთაშორისო ბაზარზე, დავასაქმეთ ათი ათასი ადამიანი…

ახლა, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე, ზუსტად ის, 29 წლის წინანდელი შეგრძნება გამიახლდა, რადგან, სამწუხაროდ, ქართული ბიზნესი დღეს დაემსგავსა მაშინდელი საბჭოთა დაწესებულების ჩაკეტილ და დახუთულ ოთახს, სადაც აღარაა განვითარების საშუალება, სადაც შეიძლება იყო მშვიდად, მაგრამ ცუდად. გარეთ კი, შენი “კომფორტის ზონის” მიღმა, ღრმავდება სოციალური უფსკრული ჩემსა და სხვებს შორის – ადამიანები ქვეყნიდან გარბიან, ბავშვები შიმშილობენ, ინვესტიციები აღარ შემოდის, ეკონომიკა აღარ ვითარდება, მართლმსაჯულება აღარ არსებობს, ოკუპაცია გრძელდება.

29 წლის წინაც ვიცოდი და ახლაც ვაცნობიერებ, რომ წინ დიდი და რთული გზაა, მაგრამ თუ კონფუცის დავესესხები, ვიტყვი, რომ “მოგზაურობა 1000 კილომეტრზე პირველი ნაბიჯით იწყება” და მეც დავიწყე პირველი ნაბიჯით ახლა უკვე პოლიტიკაში. პირველი ნაბიჯი იყო ყველა იმ კომპანიის დატოვება, რომლებიც შევქმენი და რომლებსაც წლების მანძილზე წარმატებულად ვმართავდი. იმ ბიზნესის დატოვება, სადაც აღარასდროს დავბრუნდები. პოლიტიკა არ არის ჩემთვის თავშესაფარი, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველ ბიზნესმენს ყოველთვის შეეძლო ხელისუფლებასთან “დალაგება”, მაგრამ მე არ “დავალაგე”, როდესაც ეს პიროვნული ღირსების საქმე გახდა და ეს საქმე ქვეყნის მნიშვნელოვან ინტერესებს შეეხო. პოლიტიკა არ არის თავშესაფარი, რადგან იქ წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც ჩვენმა აქციონერებმა ლონდონის სასამართლო ფინანსური ექსპერტიზის შემდეგ თავიდან, 98 %-ით აგვირჩიეს თიბისი ბანკის მმართველობაში და კიდევ ერთხელ, უკვე საერთაშორისო დონეზე დავამტკიცეთ, რომ ცამდე მართლები ვართ დღევანდელი ქართული უსამართლო სისტემის წინაშე.

ახლა ჩემი საქმეა – საქართველო. და პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი ამ საქმისთვის – ეს არის გადაწყვეტილება თავისუფლებისთვის, იმ კრიზისის დაძლევისთვის, რომლისთვის თვალის არიდებაც წარმოუდგენელია, “გავრილოვის ღამის- თვის”, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დღეს საქართველოს ტოვებენ, დედებისთვის და დებისთვის, ემიგრაციაში მძიმე შრომის საფასურს რომ გზავნიან და თავიანთი დანაზოგით ეხმარებიან ქვეყნის ეკონომიკას, ჯიბეში ჩადებული სასამართლოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, იყოს მოწინავე და ბედნიერი, მაგრამ მაჩანჩალაა, ქვეყნისთვის, სადაც საყოველთაო ნიჰილიზმი და უპერსპექტივობა სუფევს.

ამიტომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად შევქმენი მოძრაობა “ლელო”, რომელიც მალე პარტიად იქცევა. ვეპატიჟები ადამიანებს, პოლიტიკას რომ აქამდე არ გაკარებიან, ისევე როგორც მაშინ, როდესაც სრულიად გამოუცდელ ახალგაზრდა ადამიანებს ვეპატიჟებოდი ბიზნესში. ახლაც ერთად ვიწყებთ ამ დიდ მოგზაურობას, ახალ, რთულ საქმეს, რათა შევქმნათ წარმატებული სტარტაპი, ახალი პოლიტიკური რეალობა, ახალი პოლიტიკური სტანდარტი, ახალი ქვეყანა.

მე თქვენ, ჩემს მეგობრებს, თანამოაზრეებსა და თანამებრძოლებს არაფერს ვპირდები. ახლა, ვიდრე ამ რეალობას ერთად ძირეულად არ შევცვლით, მხოლოდ იმ სიტყვების გამეორება შემიძლია, რომლებიც ჩერჩილმა თავის პირველ სხდომაზე მეორე მსოფლიო ომისგან გაღარიბებული ქვეყნის მოსახლეობას უთხრა:

“უახლოეს წლებში მე თქვენ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა. თქვენ მკითხავთ, როგორია თქვენი მიზანი? მე შემიძლია ერთი სიტყვით გიპასუხოთ: “გამარჯვება, გამარჯვება და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველაფრის მიუხედავად, გამარჯვება!”

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *