დონალდ ტრამპის, როგორც პრეზიდენტის, წარმატების გასაღები ეკონომიკის ენერგიული გამოცოცხლებაა, ხოლო ამის მისაღწევად მთავარი გადასახადი მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს. ორივე საგადასახადო გეგმა ზრდაზეა ორიენტირებული – ისიც, რომელიც ტრამპმა გამოსცა კამპანიის დროს და ისიც, რომელიც რესპუბლიკელთა პალატამ დადო. მაგრამ წნეხი, რომ საგადასახადო კანონის მასშტაბები შემცირდეს (მაგალითად, გადაიდოს ინდივიდებისთვის გადასახადის დაწევა), სულ უფრო იზრდება. გაუბედაობა ამ საკითხში დიდი შეცდომა იქნება.
ახალმა ადმინისტრაციამ უნდა გააფართოოს თავისი საგადასახადო პაკეტი. როგორც რონალდ რეიგანი მოიქცა 1986-ში თავის საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით, ამავენაირად, ახალმა ადმინისტრაციამაც კატეგორიები ორამდე უნდა დაიყვანოს: ამ შემთხვევაში, 25%-მდე და 10%-მდე; კაპიტალური მოგების ბეგარა 23.8%-დან (ეს მოიცავს ObamaCare-ის 3.8%-იან დანამატს) 15%-მდე უნდა შეამციროს ან უფრო მეტადაც. შემოსავლები მოიმატებს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე გადასახადის დაწევისას. იგივე უნდა გაკეთდეს დივიდენდებთან დაკავშირებითაც. ამ ზომებს თუ დაემატება კორპორაციებისთვის მოგების გადასახადისა და ფასების ხელოვნური ზრდის მკვეთრი შემცირება – 15%-მდე, მაშინ შესაძლებელი გახდება ახალი ბიზნესების სტიმულირება, რომ აღარაფერი ვთქვათ მომხმარებლებისა და ინვესტორების გამოცოცხლებაზე. პროგრესი ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია, ხოლო კაპიტალი თუ არ შეიქმნა, არც ინვესტიცია იქნება.
ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის შეღავათების საგრძნობი გაფართოება დააუძლურებს დემოკრატთა გარდაუვალ ბრალდებას მდიდრებისთვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე. საგადასახადო შეღავათების სტიმულირება, რაც დაბალი შემოსავლის მქონეთ კრედიტის გადასახადებზე ფასდაკლებებით უზრუნველყოფს, ასევე მინიმუნამდე დაიყვანს პოლიტიკურ ვნებათაღელვას. მეტიც, პოლიტიკურად ჭკვიანური იქნება, თავს თუ მოაჩვენებენ, თითქოს ეს ყველაფერი დემოკრატების დამსახურებაა.
მემარცხენეები იმასაც იყვირებენ, რომ გადასახადის შემცირებისთვის „ფული არაა გადახდილი“ და საბიუჯეტო დეფიციტს გაბერავენ. რა გადასარევია, რომ დემოკრატები უეცრად შეწუხდნენ, ბიძია სემი იმაზე მეტს რომ ხარჯავს, ვიდრე შეუძლია. მთავარი აქ ისაა, აყვავდება თუ არა ეკონომიკა ისე, როგორც ეს 1980-იანებში მოხდა; მართალია, მაშინ ეროვნული ვალი, სულ ცოტა, გაორმაგდა და $1.7 ტრილიონი შეადგინა, ქვეყნის სიმდიდრე, სუფთა სახით, $17 ტრილიონამდე ავიდა.
ეკონომიკა აყვავდა, აშშ-ის მაღალი ტექნოლოგიები კი მსოფლიოსთვის შესაშური გახდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაშინგტონი ჩვენ, ხალხმა, უნდა ვმართოთ და არა პირიქით.
გამბედავი ნაბიჯებით, ტრამპის თეთრი სახლი უკეთ შეძლებს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებას და კონგრესთან მოლაპარაკებების დროს მანევრირებისთვის მეტი სივრცე ექნება.
დაივიწყეთ ყველაფერი, რაც კი რამ დღგ-ს ჰგავს
ერთ-ერთი საგადასახადო ინიციატივა, რაც მანამდე უნდა მოახრჩო, სანამ დღის შუქს ეღირსება, არის ექსპორტიორებისთვის საგადასახადო შეღავათის მიცემა და იმპორტზე გადასახადების დაწესება. ეს თითქოსდა გაათანაბრებდა იმ ქვეყნების სათამაშო მოედანს, რომელთაც აქვთ დღგ ან მისი რაიმე ვარიაცია. ამ სახის გადასახადებისგან ექსპორტირებული პროდუქტები თავისუფლდება.
მაგალითად, ბრიტანეთში ჩასული, შოპინგზე ორიენტირებული ტურისტები ამ პროცესს კარგად იცნობენ: ვთქვათ, ყიდულობ ძვირფას ფეხსაცმელს, მაღაზიაში იღებ დღგ-ის ფასდაკლების ფორმას, აეროპორტში არტყმევინებ მასზე ბეჭედს და შემდეგ სპეციალურ საფოსტო ყუთში აგდებ. რამდენიმე კვირის თავზე იღებ ჩეკს ან კრედიტს ბარათზე. ეს ვითომდა გაყიდვებს ასტიმულირებს. რამდენადაც აშშ-ს არა აქვს გაყიდვების ეროვნული გადასახადი, იმავეს ვერ მოიქმედებს.
მსგავსი რამის მისაღწევად ზოგიერთი ადამიანი იმ მოსაზრებას ქომაგობს, რომ იმპორტზე ბეგარა უნდა დავაწესოთ, რათა მისი ფასები ისეთი გავხადოთ, როგორიც დღგ-ის შეღავათის პირობებში იქნებოდა, ან კი არ მივცეთ იმპორტიორ კომპანიებს უფლება, ამ პროდუქტების ხარჯები გამოქვითონ. ასეთ შემთხვევაში, ექსპორტიორები რაიმე სახის საგადასახადო შეღავათს მიიღებდნენ ისე, რომ მათი პროდუქტები უფრო იაფი გახდებოდა, ზუსტად ისევე, თითქოს დღგ-ისგან გათავისუფლდნენო.
ეს ცუდია იდეაა. რატომ უნდა გადავახდევინოთ ამერიკელ მომხმარებლებს პროდუქტებში მეტი, ხოლო უცხოელი მყიდველების სუბსიდირება მოვახდინოთ? ამასთან, ეს გზა სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენივე დღგ-სთან მიმართებით.
რაც შეეხება დღგ-ის მქონე ქვეყნების (საეჭვო) უპირატესობას, მათ მიბაძვას კი არ უნდა ვეცადოთ, არამედ უნდა შევამციროთ საგადასახადო წნეხი, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს პროდუქტებისა და სერვისების შექმნის ხარჯებს. რეგულაციების შემცირებასთან ერთად (რასაც ტრამპი დაგვპირდა), დაწეული საგადასახადო ტარიფები დაეხმარება ამერიკულ კომპანიებს, კვლავ კონკურენტუნარიანნი გახდნენ. და ვაითუ დაგვავიწყდა, გავიხსენოთ, რომ რეგულაციები გადასახადების ერთ-ერთი ფორმაა.