Reuters: აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

Reuters: აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან

ფოტო: Shutterstock

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი სპარსეთის ყურეში კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. როგორც მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებული წყაროები მედიასააგენტოსთან აცხადებენ, მხარეები ერთგვერდიან მემორანდუმზე მუშაობენ, რომელიც ომის ოფიციალურად დასრულებას ითვალისწინებს.

ინფორმაცია თავდაპირველად Axios-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი ის დაადასტურეს როგორც შუამავლად ჩართული პაკისტანის წარმომადგენელმა, ისე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა სხვა წყარომ. მათი თქმით, დოკუმენტი 14 პუნქტს მოიცავს და კონფლიქტის დასრულების შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე შეთანხმების მიღწევას გულისხმობს.

მათ შორისაა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მოხსნა და ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე შეთანხმება.

„მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა და შეთანხმებას მალე მივაღწევთ,“ – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

პოტენციური შეთანხმების შესახებ ცნობებმა უკვე მოახდინა გავლენა გლობალურ ბაზრებზე. ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა. Brent-ის ტიპის ნავთობი 8%-ზე მეტით გაიაფდა და ბარელზე დაახლოებით 100 დოლარამდე დაეცა. პარალელურად გაიზარდა საფონდო ინდექსები, ხოლო ობლიგაციების სარგებელი შემცირდა, რაც ინვესტორების ოპტიმიზმზე მიუთითებს.

მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით დაწყებული საზღვაო ოპერაცია დროებით შეაჩერა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესს უკავშირდება.

ირანის მხარემაც განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან „მუქარის დასრულების“ შემდეგ, სრუტეში ნავიგაცია შესაძლოა ახალი პირობებით აღდგეს, თუმცა დეტალები ჯერ არ საჯაროვდება.

ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არც თეთრ სახლს, არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და არც ირანის ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, თეირანი ამჟამად ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ 14-პუნქტიან გეგმას განიხილავს.