Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა – რამ გამოიწვია ზრდა?

Samsung-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა – რამ გამოიწვია ზრდა?

ფოტო: Getty Images

 

ოთხშაბათს, Samsung Electronics-ის აქციების ფასის 15%-იანი ზრდის შედეგად, სამხრეთკორეული გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა. შედეგად, Samsung-ი გახდა რიგით მეორე აზიური კომპანია ტაივანური TSMC-ის შემდეგ, რომლის საბაზრო ღირებულებაც ამ ნიშნულს გასცდა.

Samsung Electronics-ის აქციების ფასის ზრდა ინვესტორების მხრიდან ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული აქტივებისადმი მაღალი ინტერესითაა გამოწვეული. კომპანიის ისტორიაში აქციების ყველაზე მაღალი ერთდღიანი მატება კი გასულ კვირაში პირველი კვარტალის რეკორდული ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა.

უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ სამ თვეში Samsung Electronics-ის ოპერაციული მოგება რვაჯერ, 57.2 ტრილიონ ვონამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალმა რეკორდულ 133.9 ტრილიონ კორეულ ვონს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პირველი კვარტალის საოპერაციო მოგებამ გადააჭარბა 2025 წლის მთლიან წლიურ მოგებას, რომელიც 43.6 ტრილიონ ვონს შეადგენდა.

FactSet-ის მონაცემებით, Samsung Electronics-ის საბაზრო კაპიტალიზაცია პირველად $1-ტრილიონიან ნიშნულს 26 თებერვალს გადასცდა. ამჟამად Companies Market Cap-ის განახლებული მონაცემებით, Samsung Electronics-ი $1.2 ტრილიონადაა შეფასებული; რის შედეგადაც ის, ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის — Tesla-ს ($1.462 ტრილიონი) შემდეგ, საბაზრო ღირებულებით მსოფლიოს მე-11 უდიდესი კომპანიაა.

რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების გარდა, აქციების ფასზე გავლენა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამაც იქონია. კერძოდ, გავრცელებული ცნობებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი აშშ-ში ჩიპების წარმოების მიზნით მოლაპარაკებებს Samsung-თან და Intel-თან აწარმოებს. ეს ნაბიჯი Apple-ისთვის მისი ძირითადი მიმწოდებლის, TSMC-ის პროდუქციაზე დამოკიდებულების შემცირებას ნიშნავს.