წლევანდელი წელი ევროს მე-20 დაბადების დღეა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამის აღსანიშნავად ბევრი შამპანური გაიხსნა. 2008-იდან მოყოლებული, ევროკავშირი ეკონომიკურ კრიზისშია ჩაფლული, რაც ყოველგვარ ბრწყინვალებას აუფერულებს, რაც კი ამ ახალ ვალუტას ჰქონდა.
ცუდია. თანაც, ძალიან. ევროპელებს მონეტარული პოლიტიკის სათანადო პრინციპები რომ გაეთავისებინათ, ევრო კოლოსალურად წარმატებული იქნებოდა და იმავეს გააკეთებდა ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნებისთვის, რაც აშშ-ში გააკეთა დოლარმა – საერთო ვალუტამ, რომელიც განუზომლად ეხმარება დოვლათის შემქმნელ ინვესტიციებსა და ვაჭრობას. მაგრამ ეს არაჩვეულებრივი ქმნილება ყოვლად მცდარი შეხედულებებით არის დაწყევლილი, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, მის არსებობასაც კი შეიძლება, საფრთხე შეუქმნან.
არაერთი კრიტიკოსი ჩივის, რომ ევრომ ხელი შეუშალა საბერძნეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, ირლანდიასა და სხვა ქვეყნებს, გაუფასურება თავიანთი საზარლად დაპატარავებული ეკონომიკების ფეხზე წამოსაყენებლად გამოეყენებინათ. მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, ვინც გაუთავებლად ხაზს უსვამს, რომ ევრომ გერმანიას საშუალება მისცა, ვაჭრობის დიდი ნამატი ისე შეექმნა, რომ არ დასჭირვებოდა საკუთარი ვალუტის რევალვირება, როგორც ეს მანამდე მოხდებოდა. ყველაზე დიდი საყვედური მაინც ის არის, რომ ევრო დაწყევლილი იქნება, თუ ევროკავშირი არ შემოიღებს ერთიან ფინანსურ და საბანკო რეგულაციურ სისტემას, ისევე როგორც ერთიან ფისკალურ/ საბიუჯეტო სისტემას.
ეს და სხვა უარყოფითი შეფასებები მცდარია:
• კეთილდღეობა. ევრომ შეძლო და გააიოლა კაპიტალის დინება საზღვრებზე, რითაც შეამცირა ინდივიდუალური ვალუტების გაცვლის ხარჯები და თავი დაიცვა ვალუტების ერთმანეთისადმი ცვალებადობის რისკებისგან. მიუხედავად ამისა, კონტინენტის ქრონიკულად სუბსტანდარტული ეკონომიკური მდგომარეობა ისე არ გაუმჯობესებულა, როგორც მოელოდნენ, ვინაიდან პრობლემები სტრუქტურული ხასიათისაა: ჭარბი გადასახადები და რეგულაციები, მეტადრე – მოუქნელი შრომითი პრაქტიკების მიმართულებით. როცა გერმანიამ შრომის კოდექსსა და პენსიასთან დაკავშირებული გარკვეული რეფორმები განახორციელა 2000-იანების დასაწყისში, ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
• ევრო გიჟის პერანგია. ერთ-ერთი ყველაზე მავნე მითი, რომელიც მიმდინარე ეკონომიკურ პოლიტიკას აზარალებს, ისაა, რომ გაუფასურება შეჭირვებული ეკონომიკის სტიმულირების ბრწყინვალე გზაა. გულარხეინად შენიშნავენ ხოლმე, რომ ექსპორტი, ამ გზით, უცებ იაფდება და, შესაბამისად, საზღვარგარეთული გაყიდვებიც მატულობს. ითვლება, რომ ხელოვნურად გაბერილი ფულადი მარაგი აქტივობას წააქეზებს. მაგრამ რეალობა შემდეგია: ისტორიაში არც ერთ სახელმწიფოს არ მიუღწევია სიძლიერისა და კეთილდღეობისთვის გაუფასურების გზით. არასტაბილური ვალუტა აზიანებს ნაყოფიერ ინვესტირებას და, მთლად უარესი, არასწორ არხებში უშვებს კაპიტალს. ნუთუ დაგვავიწყდა საცხოვრებელი სახლების ბუშტი, რომელსაც ფესვები გაიაფებულ დოლარში ჰქონდა გადგმული?
მიუხედავად ამისა, არაერთი ეკონომისტი ვიშვიშებს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საბერძნეთი და იტალიაა, არ შეუძლიათ საკუთარი ვალუტის გაუფასურება, რადგან ევროზე არიან მიბმულები. არადა, ყველას უნდა გაუხარდეს, ასე რომაა. სხვა შემთხვევაში, საბერძნეთი ევროკავშირის ვენესუელა გახდებოდა, იტალიური ლირა კი არგენტინის ქრონიკულად შემცირებად პესოს დაემსგავსებოდა (ილინოისის შტატს მძიმე ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, რომ მან „აშშ დოლარის ზონა“ უნდა დატოვოს, საკუთარ გასაჭირს რომ გაუმკლავდეს).
• ევრო ვერ იმუშავებს ერთიანი, ევროპის მასშტაბის რეგულაციური და საგადასახადო/ საბიუჯეტო სისტემის გარეშე. ნონსენსია. ქვეყანამ ის ვალუტა უნდა გამოიყენოს, რომლის გამოყენებაც უნდა. პანამა, ეკვადორი, ელ-სალვადორი და ტიმორ-ლესტე (აღმოსავლეთი ტიმორი) პირდაპირ აშშ დოლარს იყენებენ. ისეთი ქვეყნები, როგორიც, მაგალითად, კოსტა-რიკაა, საშუალებას იძლევიან, დოლარი საკუთარი ეროვნული ვალუტის პარალელურად იქნას გამოყენებული. ევრო კანონიერი საგადასახადო საშუალებაა მონაკოსა და ვატიკანში. არაერთ ერს ჰყავს სავალუტო საბჭო, რათა თავიანთი ფული ხისტად დაუკავშირონ ისეთ მყარ ვალუტას, როგორიც დოლარი ან ევროა (ასეთ შემთხვევებში, ადგილობრივ ვალუტას 100%-ით უმაგრებს ზურგს, ვთქვათ, დოლარი). ჰონკონგი ამას 1980-იანების დასაწყისიდან აკეთებს დოლართან მიმართებით. იმავეს, ოღონდ ევროთი, აკეთებს ბულგარეთი უკვე 20 წელზე მეტია. აფრიკის რამდენიმე ქვეყანაც ევროზეა მიბმული.
ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ არც ერთ ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტის, გადასახადების, სახელმწიფო ხარჯვისა და ფინანსური რეგულაციების კოორდინირება აშშ-სა თუ ევროკავშირთან არ ხდება.
• ევრო, საბოლოოდ, ჩაფლავდება, იმიტომ რომ ის გერმანიას ავალდებულებს, ფინანსური დახმარების ხელი გაუწოდოს ისეთ მფლანგველ ქვეყნებს, როგორიც, მაგალითად, საბერძნეთია. არა, ასე არ მოხდება, და, არა, არ არის ასე. 1970-იანებში ვაშინგტონმა უარი თქვა ნიუ-იორკს დახმარებოდა, როცა ეს უკანასკნელი გაკოტრების პირას იყო, არადა ორივე ქალაქს საერთო ვალუტა აქვს.
ევროს არაფერი დაუშავდებოდა, მაღალჩინოსნებს გულთან ახლო რომ მიეტანათ შემდეგი ფუნდამენტური, თუმცა მოდიდან გადასული ჭეშმარიტებები:
• ფული არ არის ეკონომიკის მართვის ინსტრუმენტი. ეს არაა იგივე, რაც მანქანის საჭის მართვა. მისი ამგვარი არასწორი გამოყენების მცდელობები ეკონომიკურ პროგრესს აფერხებს. სტაბილური, საიმედო ფულის მქონე ქვეყნებს ყოველთვის უკეთ მისდით საქმე, ვიდრე სუსტი ვალუტის მქონეთ. ყოველთვის.
უამრავ ამერიკულ და ევროპულ ცენტრალურ ბანკს უცდია მონეტარული პოლიტიკის გამოყენება ზრდის წინაშე არსებული სტრუქტურული ბარიერების დაძლევის მიზნით.
• ფული ღირებულებას ზომავს, ისევე როგორც საათი ზომავს დროს. ფული ყველაზე კარგად მაშინ მუშაობს, როცა ფიქსირებული ღირებულება აქვს, ზუსტად ისევე, როგორც ბაზრები მუშაობენ საუკეთესოდ ფიქსირებული წონებითა და ზომებით.
• სტაბილური, საიმედო ვალუტის მოპოვების საუკეთესო საშუალება მისი მიბმაა ოქროს ფიქსირებულ წონაზე. მითის საწინააღმდეგოდ, ეს იმდენადვე ზღუდავს ეკონომიკის ზომას, რამდენადაც ფუტის 12 ინჩი ზღუდავს შენობის ზომას, რისი აშენებაც მშენებელს აქვს განზრახული. ოთხიათასწლიანი გამოცდილება მოწმობს, რომ ოქროს სტანდარტი სხვა ყველაფერზე კარგად მუშაობს.
ნობელის ჯილდოს მფლობელი ეკონომისტი, ევროს ნათლიად მიჩნეული რობერტ მანდელი თვლიდა, რომ მისი კონცეფცია უფრო ძლიერ, უფრო მდიდარ ევროპამდე მიგვიყვანდა და დოლარის გლობალურ ალტერნატივად იქცეოდა, რომელიც ორივე ვალუტის ოფიციოზს მყარი მონეტარული პოლიტიკის გატარებას აიძულებდა. მანდელს ვერ წარმოედგინა, რომ ორივე მათგანი ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების თეორემათა ტყვეობაში დარჩებოდა.