ევროკავშირს ახალი გეგმა აქვს: უზრუნველყოს ომით დაზარალებული უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს მოცულობის სესხი, ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფარავად. როგორც კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ორგანიზაციაში კარგად ესმით უკრაინის ფინანსური საჭიროებები და აუცილებელია, ქვეყანამ გააძლიეროს როგორც მისი ეკონომიკური, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობები რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სესხი უკრაინას მისცემს „ძალიან საჭირო ფისკალურ სივრცეს“ მთავრობისთვის და „მაქსიმალურ მოქნილობას“ მისი ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა ჯანდაცვის სერვისების გადახდა, იარაღის შესყიდვა და ენერგეტიკული სისტემების შეკეთება და ა.შ.
ის ფაქტი, რომ ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით ფინანსურ დახმარებას გადასცემს, ახალი არაა. ორგანიზაცია ომის დაწყების დღიდან ამას რეგულარულად აკეთებს. თუმცა ამჯერად უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს უზრუნველსაყოფად ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს გამოიყენებს. სქემის მუშაობის შესახებ განმარტებითი სტატია Euronews-მა გამოაქვეყნა:
იდეა მომდინარეობს მოწოდებიდან – Make Russia Pay – რომელიც დასავლეთმა პირველად 2022 წელს გააჟღერა, რათა იძულებული გაეხადა მოსკოვი, აენაზღაურებინა ის უზარმაზარი ზარალი, რომელიც უკრაინას ფართომასშტაბიანი ომით მიაყენა. დაფინანსების მთავარ წყაროდ, დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები განიხილებოდა: დაახლოებით 270 მილიარდი ევრო, რომლის დიდი ნაწილიც (210 მილიარდი ევრო) ევროკავშირის ტერიტორიაზე ინახება.
გაყინული რუსული აქტივების ძირითადი მარაგი ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის, გადახდების გაცვლის ფასილიტატორი დაწესებულება Euroclear-ის დაქვემდებარებაშია.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სუვერენული აქტივების კონფისკაცია შეუძლებელია. თუმცა ეს რეგულაცია არ ეხება გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ნიშნავს, რომ მათი მიღება და გამოყენება, სხვადასხვა გზით, შესაძლებელია.
მაისში წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, უკრაინული არმიისა და ქვეყნის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად, გამოიყენონ გაუთვალისწინებელი შემოსავალი, რომელიც ყოველწლიურად €2.5 მილიარდიდან €3 მილიარდამდეა. ხოლო ივნისში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა, G7-ის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას – გადასცენ უკრაინას სესხის სახით 45 მილიარდი ევრო და დაუყოვნებლივ დაეხმარონ ქვეყანას.
ევროკავშირისა და G7-ის სესხები ერთი და იმავე ინიციატივის ნაწილია. თავდაპირველი გეგმით, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, ინდივიდუალურად, 18 მილიარდი ევროს სესხს უზრუნველყოფდნენ, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და იაპონიის ჩართულობით კი დარჩენილი თანხა დაიფარებოდა. თუმცა მაშინ აშშ-მა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც ერთ ქვეყანასაც კი აქვს შესაძლებლობა, დაბლოკოს და გაახანგრძლივოს დახმარების პროცესი. მოლაპარაკებები გაჭიანურდა, რის გამოც ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წილი დახმარებაში 35 მილიონამდე გაზარდა.
შედეგად, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, ევროკავშირმა უკრაინისთვის დახმარება თითქმის გააორმაგა. კომისიის ოფიციალური პირების განცხადებით, დასავლელმა მოკავშირეებმა ჯერ უნდა შეისწავლონ ლაიენის წინადადება და მხოლოდ შემდეგ შეჯერდნენ საბოლოო გადაწყვეტილებაზე. დიდი ალბათობით, დამატებითი დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით ოქტომბრის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.
ფონ დერ ლაიენის გეგმის მიხედვით, ევროკომისია „უკრაინის სასესხო თანამშრომლობის მექანიზმს“ ჩამოაყალიბებს – საერთო ფონდს უკრაინისთვის მოზიდული სახსრების მართვისთვის. სესხის გაცემისას, ქვეყნები, მათ მიერ გაცემული თანხის გათვალისწინებით, სესხიდან მიღებული მოგების წილს მიიღებენ. ეს სახელმწიფოებს სესხის, მათ შორის ძირისა და პროცენტის დაფარვაში დაეხმარება.
კომისიამ საბჭოსა და ევროპარლამენტს თხოვნით მიმართა, მოკლე ვადებში შეესრულებინათ წინადადება, რადგან ორგანიზაცია 35 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცებას წლის ბოლომდე განიხილავს. გეგმის შესრულების შემთხვევაში, ორგანიზაციას შეუძლია პირველი ტრანსფერი 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში განახორციელოს – მას შემდეგ, რაც კიევი დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს პოლიტიკის პირობებს. მოსალოდნელია, რომ 35 მილიარდი ევრო, ეტაპობრივად, 2025 წლის განმავლობაში გაიცემა – თუმცა შესაძლებელია ერთიანად გადახდაც.
ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ზელენსკის მთავრობა გადაწყვეტს, როგორ გამოიყენოს დახმარება. თანხა გაიცემა უკრაინის სახელით, საბანკო ანგარიშებზე, მაგრამ განთავსებული იქნება კრეატორების ტერიტორიაზე.
როგორც გეგმის ნაწილი, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირს რუსეთის აქტივების განახლების პერიოდის ექვსიდან 36 თვემდე გაზრდა შესთავაზა – გრძელვადიანი პროგნოზირებადობის გასაძლიერებლად და ვაშინგტონის შეშფოთების შესამსუბუქებლად. გეგმას ევროკავშირისგან ერთსულოვანი დამტკიცება სჭირდება, შესაბამისად, უნგრეთს ამ წინადადების დაბლოკვა შეუძლია. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ვეტო არ შეაჩერებს სესხის დამტკიცების პროცესს, რადგან ის იურიდიულად განცალკევებულია რუსული აქტივების განახლების პერიოდისგან.
დამატებით ბორელმა ორი სხვა პირობაც წამოაყენა: პირველი, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და მეორე, უნდა დააფინანსოს რეპარაციები. ამ პირობების გათვალისწინებით, რუსული აქტივები გაყინული დარჩება, მანამ, სანამ მოსკოვი თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.