მარეგულირებელი ორგანოს ინფორმაციით, ჩიპების მწარმოებლი Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა იენსენ ჰუანგმა კომპანიის $700 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა. შედეგად, სამშაბათის მდგომარეობით, Nvidia-ს აქციების ღირებულება 4%-ით, $121-მდე გაიზარდა. აქციების ღირებულების ზრდასთან ერთად, კომაპნიის საბაზრო ღირებულება, უახლესი მონაცემებით, $3.06 ტრილიონამდე გაიზარდა.
Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ ბოლოს $3-ტრილიონიან ნიშნულს მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მიაღწია. მას შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 6%-ით დავარდა. ამჟამად $3 ტრილიონს მხოლოდ სამი კომპანიის ღირებულება აღემატება: უკვე ნახსენები Nvidia-ს, Microsoft-ისა ($3.2 ტრილიონი) და Apple-ის ($3.45 ტრილიონი).
როგორც ამ წლის დასაწყისში, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში Nvidia-ს მიერ წარდგენილი განცხადებით გაირკვა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგი 2025 წლის 31 მარტამდე 6 მილიონამდე აქციის გაყიდვას გეგმავდა. თუმცა ეს გეგმა, როგორც ცნობილი ხდება, ჰუანგმა თითქმის ექვსი თვით ადრე, 12 სექტემბერს შეასრულა.
14 ივნისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, ჰუანგმა Nvidia-ს 713 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა – აქციების ფასით: $91.72-დან $140.24-მდე. ჰუანგი ამჟამად 75.5 მილიონ აქციას ფლობს, დამატებით 786 მილიონ აქციას კი სხვადასხვა ტრასტისა და პარტნიორობების საშუალებით. Forbes-ის შეფასებით, ჰუანგი, $105.7 მილიარდით, მსოფლიოს მე-13 უმდიდრესი ადამიანია.