როგორ იცავს Facebook-ი თავის მომხმარებელს დეზინფორმაციისგან

როგორ იცავს Facebook-ი თავის მომხმარებელს დეზინფორმაციისგან

COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციისა და გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება განუწყვეტლივ გრძელდება. ამან შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ჯანდაცვის სისტემასა და კრიზისის დროს ეფექტიან კომუნიკაციას. მისი  დაძლევა  რამდენიმე პრობლემის მოგვარებას მოითხოვს; მათ შორის ყალბი ანგარიშების, შეცდომაში შემყვანი და მავნე შინაარსის მქონე კონტენტის გავრცელების შეჩერებას.

გასული წლის ოქტომბერ-დეკემბრის მონაკვეთში Facebook-მა 1.3 მილიარდზე მეტი ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ.  სხვა სტატისტიკურ მონაცემებს შორის ეს ინფორმაცია განსაკუთრებით იყო აღნიშნული კომპანიის მიერ გავრცელებულ ორშაბათის ბლოგში, რომელშიც აღწერილია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები. ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური ქსელების გიგანტმა შექმნა გლობალური ბაზა, რომლის  80–ზე მეტი დამოუკიდებელი შემმოწმებელი განიხილავს შინაარსს 60–ზე მეტ ენაზე, მათ შორის არის ქართული ენაც.

კომპანიის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პლატფორმიდან ამოიღეს  არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის 100-ზე მეტი ქსელი. კოორდინირებული და არაავთენტიკურია ქცევა, როდესაც რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ერთობლივად მუშაობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. ამგვარი საინფორმაციო კამპანიის აღმოჩენისას, კომპანია ყურადღებას აქცევს მათ უჩვეულო ქცევას (ცდილობენ თუ არა ვინაობის დამალვას, ცდილობენ თუ არა, რომ გამოჩნდნენ უფრო სანდოები) და არა გავრცელებული ინფორმაციისა და პოსტების შინაარსს. ამგვარი ქსელი საქართველოში ფეისბუკმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა.

კოორდინირებული, არაავთენტიკური ქცევა ფეისბუკის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ასეთი ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში იშლება როგორც მასში ჩართული ყალბი ანგარიშები (პროფილები, გვერდები, ჯგუფები), ასევე ავთენტიკური, რეალური ადამიანების პროფილები.

სოციალური ქსელის განცხადებით, გასული წლიდან დღემდე დაიბლოკა 12 მილიონზე მეტი ყალბი ანგარიში, რომლებიც Covid-19-ისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ არაზუსტ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდა.

ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით, Facebook-ი აერთიანებს 35,000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დეზინფორმაციის დაძლევასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მუშაობენ. კომპანია ამას სპეციალურად შექმნილი ცენტრალიზებული ჰაბებისა (COVID-19-ის  საინფორმაციო ცენტრი, კლიმატის მეცნიერების საინფორმაციო ცენტრი ან US2020 ხმის მიცემის საინფორმაციო ცენტრი) და პოსტებზე მიმაგრებული სტიკერების საშუალებით ახერხებს.