პროტესტი პანდემიისას - ძირითადი ტენდენციები და აქციების ახალი ტალღა

პროტესტი პანდემიისას - ძირითადი ტენდენციები და აქციების ახალი ტალღა

20 მარტს გერმანიის ქალაქ კასელის 20,000-ზე მეტი მცხოვრები ქუჩაში გამოვიდა – პროტესტის მიზეზი გამკაცრებული კოვიდრეგულაციები გახდა. დემონსტრაციას სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა, რომლებიც, თავის მხრივ, წყლის ჭავლით, ხელკეტებითა და წიწაკის სპრეით იყვნენ შეიარაღებულები. ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა საყურადღებოა ფაქტი, რომ პროტესტს სათავეში ის მოძრაობა ედგა, რომელიც შემსუბუქებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც საუბარი დაიწყო ინფექციის მესამე ტალღასა და მოსალოდნელ რეგულაციებზე, ზემოთ განხილულის მაგვარი სცენარი ევროპის სხვა ქალაქებშიც განვითარდა. მაგალითად, ხორვატიის მოსახლეობამ მსვლელობა მოაწყო ბანერებით „საკმარისია ტირანია“, შვედეთში კი გამოჩნდა პლაკატები წარწერით „დასრულდეს დიქტატურა“.

1 წლის წინ მთელ მსოფლიოში დღევანდელისაგან განსხვავებული სიტუაცია იყო – შიშმა და შოკმა მოსახლეობა ლიდერების გარშემო შემოკრიბა, ამასთან, შეზღუდვებზე დაითანხმა. გავიდა წელიწადი და ადამიანებმა დაინახეს, რომ ეკონომიკური სირთულეები გამწვავდა, რასაც მძიმე ფსიქოლოგიური ფონი, სისუსტე და  უძლურება დაემატა. ამ ყველაფერმა მოსახლეობაში სკეპტიციზმი დაბადა – მათ აღარ სჯერათ, რომ მთავრობებს კრიზისთან გამკლავება შეუძლიათ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Civicus-მა თავი მოუყარა და დაამუშავა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზრუდვები მინიმუმ 86 ქვეყანაში გააპროტესტეს, მათ შორის არის საქართველოც. საგულისხმოა, რომ არ იკვეთება თვალსაჩინო კორელაცია პოლიტიკურად მემარჯვენე თუ მემარცხენე მხარეებთან – შეზღუდვები ყველამ ერთნაირად გააპროტესტა.  მათ შორის ქუჩაში გამოვიდნენ ანტივაქსერებიც, კონსპირაციის თეორიების შემქმნელ-გამზიარებლებიც და ადამიანები, რომლებიც დღემდე ფიქრობენ, რომ ლოქდაუნი მათ ფუნდამენტურ უფლებას, თავისუფლებას ზღუდავს.

Credits: The Economist

Civicus-ის კვლევის კიდევ ერთი მიგნებაა, რომ მდიდარ ქვეყნებში დემონსტრაციის მიზეზი ძირითადად კარანტინი და კომენდანტის საათი იყო, მაშინ, როცა აზიაში პროტესტს იწვევდა პანდემიის გავლენა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებზე. შესაბამისად, ღარიბი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა საკვებითა და ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა მინიმუმებით დაკმაყოფილება იყო.

როგორც ჩანს, პანდემიის გამწვავებასთან ერთად, პროტესტის ტალღაც მსოფლიოს ყველა კუთხეში მატულობს. პროტესტს ხანდახან შედეგიც მოყვება – მაგალითად, 24 მარტს ანგელა მერკელმა აღდგომისთვის დაანონსებული მკაცრი შეზღუდვების გეგმა, რომელსაც საზოგადოების, ბიზნესმენებისა და ეკლესიის პროტესტი მოჰყვა, გაუქმებულად გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.