როგორ შეივსება და დაიხარჯება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორ შეივსება და დაიხარჯება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში.

საქართველოს 2024 წლის სახელმწი­ფო ბიუჯეტს პარლამენტი 2023 წლის ბოლომდე დაამტკიცებს, მაგრამ დღეს არსებულ ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვნად აღარაფერი შეიცვლება.

ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ინფლაცია სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალს ზრდის. 2024 წელს საქართველოს მთავრობა 5.2%-იან ეკო­ნომიკურ ზრდას მოელის, ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) კი 8.4%-ით გაიზ­­რდება, რადგან ეკონომიკის ზრდასთან ერთად საქონლისა და მომსახურების ფასებიც გაიზრდე­ბა. სწორედ ნომინალური მშპ-ია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყარო.

რადგან ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ბიუჯეტის შემო­სავლები და ხარჯებიც 2.6 მლრდ ლარით გაიზრ­­დება და 24.9 მლრდ ლარს მიაღწევს.

საქართველოსთვის 2024 წელი საარჩევნო წელია. შესაბამისად, საინტერესოა, საიდან მიი­ღებს ბიუჯეტი თითქმის 25 მლრდ ლარს და რაში დახარჯავს ამ ფულს.

ბიუჯეტის შემოსავლები

ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი საგადასახადო შემოსავლების ზრდას შე­აქვს, რომელიც 2024 წელს 2.3 მლრდ ლარით გაიზ­­რდება და 19 მლრდ ლარს მიაღწევს. მათ შორის, 848 მლნ ლარით იზრდება საშემოსავლო გადასა­ხადით მისაღები თანხა 584 მლნ ლარით – დამატე­ბული ღირებულების გადასახადით (დღგ), ხოლო 145 მლნ ლარით – აქციზის გადასახადით მისაღები თანხა. არ არის დაგეგმილი გადასახადების შემ­­ცირება ან ახალი საგადასახადო შეღავათების დაწესება, პირიქით, გადასახადების განაკვეთები იზრდება სათამაშო ბიზნესისთვის, რაც ბიუჯეტის შემოსავალს 400 მლნ ლარით ზრდის.

მშპ-ის მიმართ გადასახადები (რაც საგადასა­ხადო ტვირთის მაჩვენებელია) 25.7% იქნება, რო­მელიც 2023 წელს 24.6%-ია.

2024 წელს ბიუჯეტში 261 მლნ ლარის გრანტი შევა. აქედან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 146 მლნ ლა­რი მოდის, ხოლო სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მისაღებ გრანტებზე – 115 მლნ ლარი. 2023 წელთან შედარებით უცხოური გრანტები 33 მლნ ლარით მცირდება, თუმცა ევროკავშირის წევრობის კან­­დიდატის სტატუსის მიღება საქართველოს შესაძ­­ლებლობას უხსნის, მომავალ წელს ევროკავში­რიდან 146 მლნ ლარზე გაცილებით მეტი გრანტი მოიზიდოს.

2024 წელს პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი. 2023 წლის პრივატიზაციის გეგმაც 200 მლნ ლარია, საიდანაც იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში მხოლოდ 104 მლნ ლარი შევიდა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსე­ბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ვალების აღებაა. 2024 წელს მთავრობა 3.3 მლრდ ლარის ვალს აიღებს, საიდანაც 1.8 მლრდ ლარი – საგარეო, ხოლო 1.5 მლრდ – საშინაო ვალია.

საიდან შედის სახელმწიფო ბიუჯეტში ფული, მლნ ლარი

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

რომ შევაჯამოთ, მთავრობას მეტი ფული ძირითადად გაზრდილი ნომინა­ლური მშპ-დან და სათამაშო ბიზნესის­­თვის გაზრდილი საგადასახადო გა­ნაკვეთებისგან აქვს. ორივემ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაზარდა.

ბიუჯეტის ხარჯები

2023 წელთან შედარებით, 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2.6 მლრდ ლარით გაიზრდება და 24.9 მლრდ ლარს მიაღწევს. დამატებით მი­ღებული 2.6 მლრდ ლარიდან ყველაზე მეტი თანხა – 644 მლნ ლარი მთავრობის ვალის ძირის და პროცენტის დაფარვა­ზე დაიხარჯება. ვალის მომსახურებაზე მთავრობამ ჯამში 3 მლრდ ლარამდე უნდა დახარჯოს, საიდანაც 1.4 მლრდ დაიხარჯება ვალის ძირის დაფარვაზე, ხოლო 1.6 მლრდ ლარამდე – ვალის პრო­ცენტის დაფარვაზე.

562 მლნ ლარით იზრდება განათლე­ბისთვის გამოყოფილი თანხა, რასაც ძირითადად მასწავლებლების საშუალო ხელფასის 500 ლარით ზრდა და ბაღე­ბისა და სკოლების მშენებლობა-რეაბი­ლიტაციისთვის გამოყოფილი თანხის 140 მლნ ლარით ზრდა იწვევს.

პენსიის ხარჯი 476 მლნ ლარით იზ­­რდება. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 50 ლარით იზრდება და 415 ლარი ხდება.

სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი თანხა 231 მლნ ლარით იზრდება. მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების დახმარება 50 ლარით იზრდება, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა დახმარება – 20 ლარით. ასევე, ხარჯებს ზრდის 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოცია­ლური დახმარება, რომელიც 2023 წელს ივლისიდან გაიცემა, ხოლო 2024 წელს სრული წელი დაფინანსდება.

სოციალური დანიშნულების ხარჯე­ბი, რაც პენსიას, სოციალურ დახმარე­ბებს და ჯანდაცვის ხარჯებს მოიცავს, ჯამში 7.5 მლრდ ლარს შეადგენს და 714 მლნ ლარით იზრდება.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი თანხა 215 მლნ ლარით იზრდება, ხოლო თავდაცვაზე – 129 მლნ ლარით.

ადმინისტრაციული ხარჯები, რომ­­ლებიც საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებას და საქონლისა და მომ­­სახურების შესყიდვას მოიცავს, 473 მლნ ლარით იზრდება. შრომის ანაზღაუ­რებაზე 2.6 მლრდ ლარი (ზრდა 338 მლნ) დაიხარჯება, ხოლო საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე – 2.2 მლრდ ლარი (ზრდა 135 მლნ). საჯარო სექტორ­­ში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 10%-ით იზრდება და თვეში მინი­მუმ 1,330 ლარი იქნება.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1,629-ით იზრდება, რაც ასე­ვე განაპირობებს შრომის ანაზღაურება­ზე გამოყოფილი თანხის მატებას. ყვე­ლაზე მეტად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება – 530-ით. 500-ით იზრდება და­საქმებულთა რაოდენობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 262-ით – შინაგან საქმეთა სამინისტროში, 62-ით – იუსტიციის სამინისტროში, 58-ით – ეკონომიკის სამინისტროში.

თუ სხვადასხვა მიმართულების კაპი­ტალურ (ინფრასტრუქტურულ) ხარჯებს შევაჯამებთ, 2024 წელს ჯამში 6.1 მლრდ ლარი გამოდის და ყველაზე დიდი ხარ­­ჯია სოციალური ხარჯების შემდეგ. 2023 წელთან შედარებით კაპიტალური ხარ­­ჯები 471 მლნ ლარით იზრდება.

რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, მლნ ლარი

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბიუჯეტის ხარჯებს მხარჯავი უწყე­ბების მიხედვით თუ ვნახავთ, 2024 წელს ყველაზე მეტ თანხას – 7.8 მლრდ ლარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობი­სა და სოციალური დაცვის სამინისტ­­რო დახარჯავს. შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოდის 3.4 მლრდ ლარით. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2.5 მლრდ ლარია, თავდაცვის სამინისტ­­როსი – 1.4 მლრდ, შინაგან საქმეთა სა­მინისტროსი – 1.3 მლრდ. ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზ­­რდება – 692 მლნ ლარით. განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 422 მლნ ლარით იზრდება, ეკონომიკის სამინისტროსი – 215 მლნ ლარით.

ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2.4 მლრდ ლარი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ვალის აღების გარეშე ბიუჯეტს ხარჯების დასაფარავად 2.4 მლრდ ლარი აკლდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2024 წელს მთავრობა ახალ ვალს იღებს, რომლის ნაწილით ადრე აღებული ვალი უნდა დაიფაროს, ნაწილი კი სწორედ ბიუჯეტის დეფიცი­ტის დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

დეფიციტის სიდიდე, როგორც ქვეყ­­ნის ეკონომიკის ტვირთი, მშპ-ის მიმართ ფარდობით განისაზღვრება. 2024 წელს დეფიციტი მშპ-ის მიმართ 2.6% იქნება. 2023 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 2.8% იყო. საქართველოში „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული დასაშვები დეფიციტის ზედა ზღვარი – მშპ-ის მიმართ 3%.

გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის დე­ფიციტი ქვეყნის ვალს ზრდის, ხელს უწყობს ინფლაციას. დეფიციტური ხარ­­ჯვის დროს მთავრობა ეკონომიკაში ჭარბ ფულს უშვებს და თუ ეროვნული ბანკი ამ ქმედებას შესაბამისი ზომებით არ დააბალანსებს, სხვა თანაბარ პირო­ბებში, საქონლისა და მომსახურების ფასები გაიზრდება.

მთავრობის ვალის ტვირთიც მშპ-სთან თანაფარდობით განისაზღვრება. 2023 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის ვალი 30.3 მლრდ ლარი იქნება, მშპ-ის – 38.4%. 2024 წელს მთავრობის ვალი 2.2 მლრდ ლარით გაიზრდება და 32.5 მლრდ ლარს მიაღწევს, თუმცა მშპ-ის მიმართ 38.1%-მდე შემცირდება, რადგან მშპ უფ­­რო მეტად გაიზრდება, ვიდრე ვალი.

საქართველოს მთავრობის ვალი

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2024 წლის ბოლოს მშპ-ის მიმართ ვალის ფარდობის მაჩვენებელი პროგ­­ნოზირებული მაჩვენებელია და მისი მიღწევა ბევრ გარემოებაზეა დამოკი­დებული. მათ შორის, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლარის გაცვლით კურსზე. საქართველოს მთავრობის ვა­ლის 72% საგარეო ვალია და, შესაბამი­სად, უცხოურ ვალუტაში (ძირითადად აშშ დოლარსა და ევროში) არის აღებული. თუ ლარის კურსი დაეცემა, ლარში გამოსახული მთავრობის ვალი გაიზრდება როგორც ნომინალურ გა­მოსახულებაში, ასევე მშპ-ის მიმართ. 2024 წლის ბიუჯეტი ლარის დოლარის მიმართ 2.70 გაცვლით კურსზეა დაგეგ­­მილი.

Comments are closed.